აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

საქართველო - ორმაგი სტანდარტის ქვეყანა

04.07.2021 | 13:02 ნახვები: 922

ზოგადად, ორმაგი სტანდარტი კაცობრიობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა - ადამიანების გაყოფა „თავისიანებად" და „სხვისებად" არავისთვის და არსად უცხო არ ყოფილა. მეტიც, სწორედ ამ გაყოფის საფუძველზე შეიქმნა კლანები, ტომები, ერები, და ბოლოს - სახელმწიფოები.
რომ არა ეს ჯოგური ინსტინქტი, ადამიანი დღეს ველური, განუვითარებელი, და მარტოობაში მოხეტიალე ცხოველი იქნებოდა - მაგალითად, როგორც ლეოპარდი.
„შენიანი" მზვერავია, „სხვისიანი" - შპიონი, „შენიანია" თავისუფლებისთვის მებრძოლია, „სხვისიანი" - ტერორისტი, „შენიანი" რევოლუციონერია, „სხვისიანი" - მეამბოხე.
ასე რომ, ამაში უჩვეულო არაფერი არაა. თუმცა, საქართველო რისი საქართველო იქნებოდა, რომ სხვა ერებში არსებულ ბუნებრივი ნაკლოვანებას თუ არ გააათმაგებდა და საკუთარი ეროვნული იდენტურობის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად არ აქცევდა.
ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დამნაშავე და კრიმინალი არ არსებობს - ყველა დევნის მსხვერპლია, ყველას ნარკოტიკი ჩაუდგეს და ყველა უსამართლოდაა მსჯავრდებული. საშუალო სტატისტიკური ქართველი „თავისიანის" დანაშაულის არასდროს არ აღიარებს. მაშინაც კი, როდესაც დანაშაული ისეთი აშკარაა, რომ კითხვის ნიშნებიც არ ჩნდება.
„თავისიანების" უპირობო გამართლება და „გაპრავება" არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ არავის არავისი არ სჯერა. ეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი დიდი ხანია გახდა, ბოლო წლებში კი ორმაგმა სტანდარტმა მთლიანად ქართული პოლიტიკა სრულად დაიპყრო.
ეს ადრეც იყო, ოღონდ ისე ცხადად არ ჩანდა, როგორს დღეს, საყოველთაო პოლარიზაციის და ქვეყნის ორ დიდ ბანაკად გაყოფის პირობებში.
ზოგჯერ „თავისიანის გაპრავება" ნამდვილ ხელოვნების დონეზეა აყვანილი. აი მაგალითად - როგორ შეიძლება იყო ნაცმოძრაობის მომხრე, ამავე დროს აკრიტიკო ნამახვანჰესის პროექტს, და ეს მაშინ, როდესაც ამ პროექტის რეალიზება სააკაშვილის პერიოდში დაიწყო და არსებობს ამ საკითხზე მიშას პარლამენტში გამოსვლის ვიდეოჩანაწერი?
როგორ უნდა გააკრიტიკო ჰესების იდეა ისე, რომ ხელშეუხებელი დარჩეს მსხვილი ჰესების საქართველოში აშენების კონცეფციის ავტორი - მიხეილ სააკაშვილი? ამოცანა ძალზე რთული, ზოგჯერ შეუსრულებელიც კი ჩანს.
თუმცა, ამ საქმეში ჩვენ სწორედ ორმაგი სტანდარტი გვეხმარება - ადამიანები იმას ისმენენ, რაც სურთ. მათ იმის სჯერათ, რისი დაჯერება აწყობთ და არა იმისი, რაც სინამდვილეში არის.
ვისაც სურდა - იმასაც იჯერებდა, რომ სანდრა პატიმრების ორგანოებს ყიდდა - იმის მიუხედავად, რომ ამის არავითარი, ყველაზე ირიბი და არასანდო მტკიცებულებაც კი არ არსებობდა. ვისაც არ სურს - შეგიძლიათ აჩვენოთ კადრები, სადაც მას ადამიანების ორგანოები თავისი ხელით გამოაქვს - არ დაიჯერებს. რამეს მოიფიქრებს, თავს მოიტყუებს, ისეთ ახსნა მოძებნის, რომელიც ნორმალური ადამიანისთვის სასაცილო იქნებოდა, მაგრამ თავის თავს აუცილებლად დაარწმუნებდა თავის სიმართლეში.
მაშ, როგორ უნდა აკრიტიკო ჰესების მშენებლობა და ამავე დროს არ შეეხო ამ იდეის მამა-შემქმნელს? ძალიან მარტივად - თურმე 2000-ან წლებში საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო და ამიტომაც ჰესების მშენებლობა აუცილებელი იყო, დღეს კი - წინა ხელისუფლების პერიოდში - ისეთი ძლიერი ეკონომიკა შეიქმნა, რომ საქართველოს დამატებითი ენერგია არაფერში არ სჭირდება.
რაციონალურ აზროვნებასთან ოდნავ ახლოს მყოფი ადამიანისთვის ამ არგუმენტის უსუსურობა იმდენად ცხადია, რომ ამაზე სერიოზულად საუბარიც კი სასაცილო იქნებოდა. ისევე, როგორც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სააკაშვილის და მისი ფან-კლუბის ნარატივი, თითქოს „მსხვილი ჰესები ტურიზმს ხელს უშლიან",
პანდემიამდეც იყო ცხადი და დღეს კიდევ უფრო ცხადია, რომ ტურიზმი ძალიან კარგია, მაგრამ მასზე მთელი ეკონომიკის ჩამოკიდება ძალიან საშიშია. ამიტომაც ვერანაირი ტურიზმი ინდუსტრიალიზაციის საპირწონედ ვერაფრით ვერ ჩაითვლება.
თუმცა, ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანებისთვის - ხოლო ორმაგი სტანდარტით შეპყრობილებისთვის, ეს პრობლემა არაა - ისინი დაიჯერებენ იმას, რისი დაჯერებაც სურთ.
ასეთი მაგალითები ბევრია: „ჩვენიანები" გზას ქვეყნის საკეთილდღეოდ აშენებდნენ, „სხვისიანები" კი - ფულის მოსაპარად.
თუმცა, ორმაგი სტანდარტის და პროპაგანდის კუთხით, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ შეედრება „ქართულ ოცნებას". დღევანდელი ხელისუფლება ამ მხრივ მსოფლიო ჩემპიონია და რიგითი ქოცების მხრიდან ნებისმიერი საძაგლობის „გაპრავების" მზადყოფნა, მაღალი ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი.
გირგვლიანის საქმე ერთია, სარალიძეს კი მეორე, 7 ნოემბერი დანაშაულია, ხოლო 20 ივნისი... კარგით რა, რატომ ადარებთ, ეს ხომ სულ სხვაა.
რა თქმა უნდა, სულ სხვაა - 7 ნოემბერს „სხვისიანებმა" იძალადეს, 20 ივნისს კი - „თავისიანებმა"...
ისე როგორც „ციხის კადრები" - ერთია, და ბერა-იკას დიალოგი სულ სხვაა.
„მერე რა მოხვდა, დედა აგინეს და უპასუხა, თქვენ რას იზამდით?" - ამბობენ ქოცები, რომლებიც ამავე დროს გელაშვილის ცემას და გირგვლიანის მკვლელობაზე მიტინგებს აწყობდნენ.
რეალურად კი ეს ერთი და იგივეა - გელაშვილის ცემაც ხომ პირადი შეურაწმყოფის გამო დასჯა იყო, ხოლო გირგვლიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ჯიუტი იყო - განსხვავებით ბერას მტრებისგან, რომლებიც უფრო სუსტები და დამყოლები აღმოჩნდნენ... გაუმართლათ...
ერთი წამით წარმოიდგინეთ- ბერას ადგილას სააკაშვილის ბიჭი რომ ყოფილიყო.. ქოცები ყველაფერს სწორედ მიხვდებოდნენ - რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებს თმენის ვალდებულება აქვთ, რომ საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზეზებით მიყენებული შეურაცხყოფა პირად შეურაცხყოფად ვერ მიიჩნევა,და რაც მთავარია - პირადი შურისძიების გამო პრემიერ-მინისტრთან დარეკვა - სახელმწიფო სტრუქტურების სრულ ჩამოშლას ნიშნავს.
ეს ყველაფერი „ქოცებს" კარგად ესმით - თუმცა, ამას „თავისიანები" აკეთებენ, ამიტომაც, მათ ეს ეპატიებათ.
30 წელია ქართული სახელმწიფო არსებობს, და მთელი ეს წლები მას შიგნიდან ბევრი დაავადება ანგრევს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სწორედ ორმაგი სტანდარტი და „თავისიანების" უპირობო მხარდაჭერის ტრადიციაა.
ყველაზე სასაცილო და ცინიკური კი ისაა, რომ სხვებს „ორმაგ სტანდარტებს" უწუნებს პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ ქვეყანას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს..
ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა