სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

პრემიერი-მოღალატე

08.06.2021 ნახვები: 925

გიორგი გახარიას პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ დღემდე არ წყდება დებატები - რა იყო ეს და რისთვის, ან ვისი დავალებით დაბრუნდა ექს-პრემიერი ქართულ პოლიტიკაში, ამჯერად უკვე სრულიად გაურკვეველი სტატუსით?
რას წარმოადგენს მისი პარტია? არის ის ოპოზიციური, თუ ის ოპოზიციურ-სატელიტური, როგორიც იყო, სავარაუდოდ, აწ განსვენებულ პატრიოტთა ალიანსი? ან ის სულაც ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტია?
რა თქმა უნდა, საქართველო იმის საქართველოა, რომ ყველაზე პოპულარულია ყველაზე ჩახლართული შეთქმულებების თეორიები და ამ ფონზე არაა გასაკვირი, რომ უპირატესობა ძირითადად ბოლო ვერსიას მიენიჭებოდა - გახარიას პარტია ბიძინას სათადარიგო პროექტია.
თუმცა, ეს თავიდანვე ნაკლებად დამაჯერებელი იყო, რადგანაც ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე არაა და მისი მიხვრა-მოხვრები უკვე საკმაოდ კარგადა შესწავლილი - 9 წლის მანძილზე მას სატელიტის მზგავსი არც ერთი პარტია არ შეუქმნია და ერთგულებას თავისი მახინჯი შვილის - „ქართული ოცნების" - მიმართ ის ჯიუტად ინარჩუნებს.
„პატრიოტთა ალიანსი" ამ შემთხვევაში არ ითვლება - ის ბიძინას შექმნილი არ იყო და როგორც პარტია არსებობდა ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პერიოდიდან. ბიძინას ამ პარტიასთან მხოლოდ სააკაშვილისადმი უკიდურესი, ახირების დონეზე აყვანილი ზიზღი აერთიანებდა, და ისინი საერთო ენას სწორედ ამიტომ პოულობდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს, მათ შორის არავითარი ვალდებულებები არ არსებობდა - როგორც კი „ქართულ ოცნებას" გაუჭირდა და მას საკუთარი ხმების ვინმესთვის ჩუქების ფუფუნება გაუქრა - „პატრიოტთა ალიანსი" სანაგვეში გადაყარეს.
ასე რომ, ივანიშვილის ხელწერა არაა სატელიტების შექმნა. ის ხომ პოსტ-საბჭოთა ბანდიტური კაპიტალიზმის წარმომადგენელია და ამ კატეგორიაში ერთგულებას არჩეული პარტნიორებისადმი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
სავარაუდოდ, გახარიას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა - ის არც ბიძინას პროექტია და არც ოპოზიციონერი. ექს-პრემიერი ღარიბაშვილ-კობახიძეს უპირისპირდება და არა ბიძინა ივანიშვილს. მისი მიზანი არა სისტემის შეცვლა, არამედ ამ სისტემაში მოთამაშის როლის დაკავება იყო.
ეს არაა პირველი შემთხვევა - „ ქართული ოცნების" არსებობს 9 წლის მანძილზე ასეთი რამ არაერთხელ მოხდა - მთელი პარტიები და ცალკე პოლიტიკოსები და დეპუტატები ჯერ კიდევ კოალიციას, შემდეგ კი პარტია „ქართულ ოცნებას" ხშირად ტოვებდნენ და ჩვენს მზეთამზეს სთავაზობდნენ - „რაში გჭირდება ეს იდიოტები, აგერ შეგვხედე ჩვენ, რა კარგები, ჭკვიანები და ლამაზები ვართ. მოისროლე ისინი და მათ ნაცვლად შენს გვერდით ჩვენ დაგვიყენე"..
ასეთ შემთხვევაში ყოფილი პარტიული ლიდერები თავიანთ ასევე ყოფილ თანაპარტიელებს ბოლო სიტყვებით ლანძღავდნენ, თუმცა ბიძინას არ ეხებოდნენ. ეს მათ მხრიდან ერთგვარი სიგნალი იყო - „შენ არ გიპირისპირდებით, მამა-მარჩენალო, ამ ავაზაკების მოშორება გვინდა. დაგვიყენე გვერდით"....
სწორედ ის იყო იმის მიზეზი, რომ პარტიის შექმნის შემდეგ გახარიას ბიძინას სახელი კი არა, საერთოდ ასო „ბ" არ უხსენებია. მთელი მისი პრეტენზიები აწ უკვე 9-წლიანი წარუმატებელი ქოცური მმართველობის გამო სადღაც ასტრალში, გაურკვეველი უსულო ობიექტის მიმართ იყო ნასროლი.
ვინაა ამაში დამნაშავე და ვისმა ჯიუტმა უვიცობამ შეიყვანა ქვეყანა უძრაობის და უიმედობის ჭაობში? არავინ. ეს ალბათ თავისთავად მოხვდა, როგორც წყალდიდობა ან მიწისძვრა. მართლაც, შეიძლება რომელიმე ადამიანს მიწისძვრა დაბრალდეს?
ეს ივანიშვილის მიმართ გაგზავნილი სიგნალი იყო - „შენს წინაამღდეგ არ გამოვდივარ, მბრძანებელო, მხოლოდ ღარიბაშვილ-კობახიძე- თალაკვაძე-მდინარაძის კოოპერატივს ვერჩი"...
ეს თავიდანვე წარუმატებელი იდეა იყო. ჩვენ კი ვიცით, რომ დღევადნელი „ქართული ოცნება" იდიოტებით და უსაქმურებით გაივსო, მაგრამ თავად ბიძინა მათ არც იდიოტებად და არც უსაქმურებად არ თვლის. პირიქით, მათი საქმიანი ნიჭით აღტაცებულია და საკუთარ თავსაც აქებს ასეთი ძლიერი კადრების შერჩევის გამო.
საერთოდ არ უნდა იცოდეთ ივანიშვილის საქმის წარმოების მანერა, რომ დაიჯეროთ, თითქოს ის გახარიას ამ, თითქმის ღია შემოთავაზებას დათანხმდებოდა . ასეც მოხდა - მზეთამზემ გახარიას გზა შუშის სასახლისკენ ცალსახად და უხეშად მოუჭრა.
„მოღალატე" 90-ანი წლების რეიდერული მიტაცებების ოსტატის მხრიდან ისეთი მკაცრი შეფასებაა, რომლის შემდეგაც შერიგება წარმოუდგენელია,
„ქართულ ოცნებაში" ზეიმია - ბიძინამ ფსონი ისევ მათზე დადო და კონკურენტი ერთი განცხადებით მიწაში ჩამარხა.
აწი ყველაზე საინტერესოა რას მოიმოქმედებს გახარია მისი გუნდით. არჩევანი მას თითქმის არა აქვს - რეალურ ოპოზიციაში ის ვერ წავა, იმიტომ, რომ ივანიშვილის ქურდული ოცნების არც ერთი მოწინაამღდეგე მას ხმას არასდროს არ მისცემს.
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის გახარია ყოველთვის იყო და იქნება მზეთამზის გუნდის განუყოფელი წევრი. ის, რომ მან ქოცების ჩაჩოჩება და ბიძინას კართან მთავარი ვეზირის ადგილის დაკავება მოისურვა, მას ოპოზიციონერად არ აქცევს.
გახარია იმ გუნდის ნაწილია, რომელმაც ქვეყანა ისტორიულ ჩიხში შეიყვანა და ის ამ სისტემის შეცვლას კი არა, ამ სისტემაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა.
ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა - საკუთარ თავში შეყვარებული სოციოპატი - ოლიგარქია და არა ისეთი ჭიები, როგორც ვინმე ღარიბაშვილი ან კობახიძე. ამ მანკიერ სისტემაში ერთი გუნდის მეორეთი ჩანაცვლება - არავითარ შედეგს არ მოიტანს, მანამ, სანამ მთავარი - შავი ჭირი თავის ადგილზეა.
თუმცა, გახარიასთვის უკან დაბრუნების გზაც დახურულია - ასეთი რამ თეორიულად შესაძლებელია, როდესაც სახლში გაშვებული მსხვილი ქოცი ჩუმად ზის და არავის არ უპირისპირდება. ერთ დროს ეს შეიძლება დაუფასდეს - როგორც ღარიბაშვილს.
თუმცა, 9 -წლიანი მმართველობის კრიტიკა და საპასუხოდ „მოღალატის" იარლიყის დაკერება მომავალში შერიგების და მშობლიურ გუნდში დაბრუნებას გამორიცხავს.
სავარაუდოდ, ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებული გახარიას გუნდი გააგრძელებს ფაფხურს უკვე ნაცადი მიმართულებით - „კარგი ბიძინა, ცუდი ქოცები"... იმის იმედით, რომ მამა-მარჩენალს ბოლოს და ბოლოს გონება გაუნათდება და ის მიხვდება ჭეშმარიტება სადაა..
გახარიას მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ მისი საოცარი მენეჯერული ტალანტის, მაღალი ორგანიზებულობის, „მკაცრი ხელის", და „ქარიზმის" შესახებ ლეგენდები - სრულიად უსაფუძვლოა და რეალურად, ძალაუფლების გარეშე, ის სრული არარაობაა.
მას თავისი ამომრჩეველი არ ჰყავს - ადმინისტრაციული რესურსი არსებულ ხელისუფლებას აძლევს ხმას და არა ყოფილს, ხოლო იდეური ქოცები ბიძინას არ უღალატებენ და ვინცხა გახარიას ხმას არ მისცემენ.
უკეთეს შემთხვევაში მისი პარტია მუნიციპალურ არჩევნებამდე რაღაცნაირად მიღოღდება, 1-2% მიიღებს, და შემდგომ მშვიდად, უხმაუროდ დაიშლება.. როგორც ეს არაერთ სხვა პარტიას დაემართა..

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა