საქართველოში აშკარაა რუსეთის შესახებ რეალური ინფორმაციის მწვავე დეფიციტი. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე თითქმის არავინ არაფერი არ იცის, რის გამოც საზოგადოებაში დამკვიდრდა რუსეთზე სრულიად დამახინჯებული წარმოდგენა.
ახალმა თაობამ რუსეთს შესახებ ფიზიკურად არაფერი არ იცის - უკვე გაიზარდა არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობა, რომელმაც მოიარა მთელი ევროპა და ამერიკა. მაგრამ რუსეთი ცალი თვალითაც არ უნახია.
უფროსმა თაობამ კი იცის, მაგრამ ვაი ასეთ ცოდნას - მათ ახსოვთ საბჭოთა კავშირი, სადაც კარგად ცხოვრობდნენ, სადაც ადვილად ათრობდნენ რუსებს და მათთან საერთო ენას მარტივად პოულობდნენ. მაგრამ სსრკ დიდი ხნის წინ დაიშალა, და დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირთან შედარებით ბევრად უფრო პრაქტიკული, ხელმომჭირნე და დაუნდობელია.
ისინიც კი, ვინც პრორუსულ ძალებად ითვლებიან, რეალურად რუსეთს არ იცნობებ, რუსული მენტალიტეტის შესახებ არაფერი იციან, და მათი „პრორუსულობა“ უფრო ანტიევროპულობა და იზოლაციონიზმია, ვიდრე „რუსული სამყაროსადმი“ ლტოლვა. სტრატეგიული მოწინააღმდეგის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მწვავე დეფიციტი რამდენიმე სტერეოტიპს წარმოშობს. პირველ სტერეოტიპი - „ყველა რუსი ერთნაირია“.
საშუალო სტატისტიკურ ახალგაზრდა ქართველს რუსეთი მიაჩნია ერთგვაროვან, უსახო და უსიტყვო მასად, რომელიც სრულიად ემორჩილება უზენაეს ბელადს და მის არც ერთ სიტყვას ეჭვის ქვეშ არ აყენებს.
სინამდვილეში რუსეთში, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ადამიანები ძალიან განსხვავებულები არიან - ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ პუტინის ომს მხარ კი უჭერს მოსახლეობის 85%, მაგრამ არც ასე ცალსახადაა საქმე - ჩვენ თუ გადავხედავთ მსხვილი ქალაქების ახალგაზრდობის ციფრებს, მონაცემები მკვეთრად განსხვავდება - ამ კატეგორიაში პუტინის მხარდაჭერა 50%-ს არ აღემატება.
ახალგაზრდა ქალაქელ რუსებს ომში წასვლა არ სურთ - ამიტომაც რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინაში 300 000-ზე მეტი ჯარისკაცის გაგზავნას, იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად 145-მილიონიან ქვეყანაში სამობილიზაციო რესურსი ათობით მილიონი ადამიანია.
იცით თუ არა თქვენ, რომ მოსკოვში დაიწყეს ანეკდოტების მოყოლა პუტინზე და მის ომზე? რომ მცირე კერძო თეატრებში მოსკოვში იდგმება ორაზროვანი სპექტაკლები, რომლებიც თითქოს სხვა ქვეყნებს ეხება, სინამდვილეში დღევანდელ რუსეთზეა? ე.წ. „ეზოპის ენა“ როდესაც ნათქვამის ქვეშ სულ სხვა ქვეტექსტი იმალება - ისევ ფართოდ ვრცელდება უკვე ტოტალიტარულ რუსეთში?
ქართველისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ვინც ოდნავ იცის რუსული ეროვნული ხასიათი, მიხვდება, რომ ანეკდოტები უმაღლეს ლიდერებზე - მოახლოებული დეგრადაციის უტყუარი მაჩვენებელია,..
კიდევ ერთი პოპულარული მტკიცებულება - „არ არსებობს ორი რუსეთი“ - იდეაში ასეც არის, მართლაც არ არსებობს არანაირი ორი რუსეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში არ არსებობს განსხვავებული აზრი - უბრალოდ მთელი ქვეყნის მასშტაბში ასეთი ადამიანების წილი მაღალი არაა - 10-15% და ისინი გადაწყვეტილებების მიღებაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. სწორედ ამიტომ არ არის ეს ფენა - ძირითადად, დიდი ქალაქების ახალგაზრდობა - ე.წ. „მეორე რუსეთი“.
მაგრამ აბსურდია იმის უარყოფაც რომ რუსეთში მილიონობით ადამიანი პუტინის მმართველობის წინააღმდეგია, და იმპერიულ ნოსტალგიას განიცდის მხოლოდ კულტურული იდენტურობის და არა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. დღეს მხოლოდ რიგაში ცხოვრობს 200-ზე მეტი რუსი ჟურნალისტი, რამდენიმე ათეული თბილისშიც არის, რუსული ანტიიმპერიალისტური ჟურნალისტიკის ვარსკვლავები - ნევზოროვი, ლატინინა. ვარლამოვი., ფეიგინი, საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესმენები და ბლოგერები ვლადიმერ მილოვი, დმიტრი პოტაპენკო, ევგენი ჩიჩვარკინი და კიდევ სხვა ათეული, ასეული მეტად თუ ნაკლებად ცნობილი რუსი - დღეს უკრაინელებთან ერთად საინფორმაციო ომის სანგრებში სიმართლის და სიკეთის მხარეზეა.
მაშინ როდესაც ქართველები ამბობენ - ისინი მაინც რუსი იმპერიალისტები არიან - თავად უკრაინელები მათთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ალექსანდრ ნევზოროვისთვის უკრაინის მოქალაქის სტატუსის მინიჭებამ ქართულ ლიბერალურ საზოგადოებაში მეტი აღშფოთება გამოიწვია ვიდრე თავად უკრაინულში - „ნევზოროვი - ჩვეულებრივი რუსი ფაშისტია, ნახეთ რას ამბობდა ის 94-95 წლებში“.
დიახ, 1994 წელს ნევზოროვი რუსი ფაშისტი იყო, თუმცა 90-ანი წლების შუა პერიოდიდან ის მოულოდნელად გაქრა საჯარო სივრციდან, და დაბრუნდა სრულიად შეცვლილი 20 წლის შემდეგ. ადამიანები ხშირად იცვლებიან, და მათ ამის შანსი უნდა მიეცეს. ქართველების გარდა ნევზოროვის წარსული ცოდვები, არავის აწუხებს - რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებდა ის 95 წელს?
დღეს ის არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელსაც ერთი წინადადებით შეუძლია მთელი რუსული პროპაგანდის ამოყირავება, მას ჰყავს 8 მლნ. ხელმომწერი და დღეს ის ხმალამოღებული იბრძვის რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. ვინ რა დაწერა 90-ან წლებში, ვინ რა პოზიცია დაიჭირა 2008 წელს, ვინ რა სიტყვებით შეამკო ქართველები - ამას დღეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - ნებისმიერი რუსი, რომელიც დღეს პუტინის წინააღმდეგაა და უკრაინის მხარეზეა - ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა.
ქართველებს მცირე ერის სინდრომი აქვთ- გლობალურ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა მსოფლიო შეცვალოს, ისინი უყურებენ თავიანთი ორღობე სოფლის პოზიციიდან. ჩვენ ხალხს არ შეუძლია გაარჩიოს რუსული იმპერიული ნაციონალიზმი, რომლის მედროშეც არის პუტინი და ეთნიკური ნაციონალიზმი, რომელსაც წარმოადგენს, მაგალითად, ნავალნი - მისი ლოზუნგია - არავინ არ გვეჭირება, ყველას თავის მიწაზე გაუმარჯოს, არავინ არ უნდა ვარჩინოთ, რუსეთში რუსი ადამიანია პრიორიტეტი და არა იმპერია.
ეს დეტალებია, რომელთა გარჩევა არ შეუძლია ადამიანს, რომელიც რუსებს ახლოდან არ იცნობს, სწორედ ესაა ბოლო პერიოდში რუსი მიგრანტების წინააღმდეგ მასობრივი გალაშქრების მთავარი საფუძველი - არც არის გასაკვირი ქვეყნისგან სადაც დღევანდელ ქმედებებს აფასებს 1995 წელს ნათქვამი სისულელეებით და გულწრფელად ვერ ხედავენ რით განსხვავდება ერთმანეთისგან იულია ლატინინა და მაგროშა სიმონიანი...
ავტორი: თენგიზ აბლოთია