ავტორი: დათო გამცემლიძე
ჰიტლერ-სტალინის გარიგებიდან 80 წელი გავიდა.
23 აგვისტოს შესრულდა 80 წელი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეოპოლიტიკური გარიგებიდან ნაცისტურ გერმანიასა და კომუნისტურ საბჭოთა კავშირს შორის. პაქტის ინსპირატორი გახდა ორი ტოტალიტარული რეჟიმის სისტემური მსგავსება და „წითელ" ტირანთა მსოფლმხედველობრივი ნათესაობა.
ამ დანაშაულებრივ გარიგებას იმდროინდელმა დემოკრატიულმა თანამეგობრობამ ვერაფერი დაუპირისპირა. პირიქით, „დაშოშმინების" პოლიტიკით წაახალისა კიდეც, ხოლო „იალტის" შეთანხმებით ასეთი გარიგებები გლობალური წესრიგის საეჭვოდ ხანგრძლივ საფუძვლადაც კი აქცია.
1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოახიმ ფონ რიბენტროპმა და სსრკ მინისტრთა საბჭოს („სახალხო კომისართა საბჭო") თავმჯდომარემ, იმავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა (სკრიაბინი) გააფორმეს 10-წლიანი ხელშეკრულება „თავდაუსხმელობის შესახებ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის".
მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ხელმოწერას პირადად ესწრებოდა იოსებ სტალინი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პაქტის ინიციატორი სწორედ გერმანია (ჰიტლერი) იყო. ამიტომ გერმანიაში და მთელს დასავლეთშიც ამ დოკუმენტს, ტრადიციულად, „ჰიტლერ-სტალინის პაქტი" ეწოდება.
ისტორიული გარიგება, რომელიც ათეულობით და ასეულობით მილიონი ადამიანის ბედისწერად იქცა, სულ ორი გვერდია. პირველ და მეორე გვერდებზე აღნიშნულია, რომ „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები", სურთ რა მშვიდობის განმტკიცება საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის, თავს არ დაესხმიან ერთმანეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მესამე ქვეყნის თავდასხმის ობიექტად იქცა, ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ, არ შევლენ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში მეორე მხარის წინააღმდეგ და ყველა სადავო საკითხს გადაწყვეტენ „მეგობრული, მშვიდობიანი მოლაპარაკებით".
იმავდროულად, მოლოტოვმა და რიბენტროპმა გააფორმეს საიდუმლო დანართი - ოქმი, რომელიც გულისხმობდა პოლონეთის გაყოფას და ბალტიის პატარა ქვეყნების ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გარდა, ოქმში ფინეთიცაა ნახსენები, მაგრამ ფინელი ხალხის სამაგალითო გმირობამ სსრკ-სთან ომის დროს (1939-1940 წწ.) ორი დიქტატორის გეგმები მნიშვნელოვნად „არია".
თვით პაქტის ტექსტი საყოველთაოდ ცნობილი იყო, მაგრამ საიდუმლო ოქმის არსებობას მოსკოვი ათწლეულების განმავლობაში უარყოფდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი 1986 წელს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო დროს მასთან დასავლელი ჟურნალისტებიც ახერხებდნენ შეხვედრას და მაინც კატეგორიულ უარზე იყო: „არანაირი „საიდუმლო ოქმი" არ ყოფილაო".
საეჭვოა, ამ ჯიუტი უარყოფის მიზეზი იმ დროს (გორბაჩოვის მმართველობისას) მხოლოდ შიში ყოფილიყო: ამ უდავოდ არაორდინარული ისტორიული ფიგურის ფანატიზმამდე მისული სიჯიუტე ამ საკითხში უფრო იმის გამოხატულებაა, რომ მოლოტოვს ყველაზე უკეთ ესმოდა, რას მოაწერა ხელი და რა მოჰყვა მის ხელმოწერას. იგი ბოლომდე „მოსკოვური დერჟავის" ერთგული დარჩა, რაკი კარგად აცნობიერებდა: ეს დოკუმენტი „შავი ლაქაა" მისი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც „კომუნისტურ იპოსტასში" ემსახურებოდა.
ესეც ხომ ნიშანდობლივია? „დენაციზაციის" შემდეგ, გერმანელები არასდროს უარყოფდნენ „საიდუმლო ოქმის" არსებობას, რაკი ისტორიული კათარზისი განვლეს და გულწრფელად მოინანიეს. აი მოსკოვში კი, ფორმალური „დეკომუნიზაცია" სულაც არ ნიშნავდა „დერჟავულ" დანაშაულთა მონანიებას ან სამომავლოდ იმავე აგრესიული მეთოდების გამოყენებაზე უარის თქმას.
მხოლოდ ახლახან გახდნენ იძულებულნი „ოქმი" გამოექვეყნებინათ, მაგრამ ამ პუბლიკაციას თანამედროვე რუსეთის კულტურის მინისტრმა (!) მედინსკიმ „გამაპრავებელი" სტატია დაურთო რუსულ ოფიციოზში.
„ჰიტლერ-სტალინის პაქტს" უამრავი შრე აქვს. იმ დროს მან ნამდვილი შოკი გამოიწვია პროკომუნისტურ ძალებს შორის ევროპაში. მართლაც, როგორ უნდა აგეხსნა, მაგალითად, ესპანელი კომუნისტისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფრანკისტ-ჰიტლერულ არმიას ებრძოდა საზარელი სამოქალაქო ომის ფრონტზე და სიკვდილს თვალს უსწორებდა შეძახილით - „ესტალინ", თუ როგორ „იკადრა" კომუნისტურმა ქურუმმა ნაცისტ ჰიტლერთან ხელშეკრულება?!
ერთ-ერთმა ევროპულმა გაზეთმა ნიშანდობლივი კარიკატურაც გამოაქვეყნა: სტალინი - საქორწინო კაბაში. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ნახატზე „პატარძლის" როლს სწორედ კრემლის ბინადარი ასრულებდა და არა გერმანელ ტევტონთა შთამომავალი, რაკი ყველა შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ჰიტლერი იყო „მოსურნე", ხოლო სტალინი - „დამწოლი".
1990 წელს, როცა ერთ-ერთმა თბილისურმა გაზეთმა ამ ისტორიული კარიკატურის გამოქვეყნება გაბედა, სტალინისტები მიუვარდნენ წყევლა-კრულვით: „ჩვენი ძია სოსოს შეურაცხყოფა როგორ გაბედეთო".
არც 1939 წელს, არც მოგვიანებით (ლამის დღემდე) თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას იმ იდეოლოგიურ და გეოპოლიტიკურ, ისტორიულ წინაპირობებს, რაც „პაქტს" დაედო საფუძვლად.
მაგალითად ის, რომ ჰიტლერიც და სტალინიც, გარკვეულწილად, ორივე „წითელი ტირანი" იყო: გერმანელი ნაცისტების დროშა ისეთივე „წითელია", როგორიც რუსი კომუნისტებისა; ჰიტლერის ორგანიზაციას ერქვა „გერმანელ მუშათა ნაციონალ-სოციალისტური პარტია" (Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei); ხოლო სოციალურ დემაგოგიას, „გამყიდველი ბურჟუაზიის" წყევლა კრულვას, „დასავლელ იმპერიალისტთა მხილებას" ნაცისტურ პროპაგანდაში არანაკლები ადგილი ეკავა, ვიდრე კომუნისტურში.
აღარაფერს ვამბობ უშუალოდ რეჟიმის, - სახელმწიფო წყობის, რეპერსიული აპარატის, „გასამხედროებული ბიუროკრატიის", „ერთაზროვნების", „კულტურული ტერორის", შემოქმედებითი „გაბანძების", მხატვრული მეგალომანია-ეკლექტიკის, პიროვნების პათოლოგიური კულტის და მასების მეტად გამოთაყვანების (პროპაგანდის) ტიპოლოგიურ მსგავსებაზე.
ანუ, სტალინისა და ჰიტლერის რეჟიმები „ქიმიური ვალენტობის" კანონებით ერთმანეთისკენ უფრო ისწრაფოდნენ, ვიდრე დასავლური დემოკრატიებისკენ.
ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული წანამძღვრებიც: „პაქტში" შემთხვევით როდია ნახსენები 1926 წლის ხელშეკრულება „ნეიტრალიტეტის შესახებ" მოსკოვსა და ბერლინს შორის. ეს ის დროა, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩენილი ორი დიდი ქვეყანა ერთმანეთისკენ გზებს ეძებდა: 1939 წლის პაქტმა გააგრძელა ძალისხმევა, რომლითაც „ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობის" ხაზით მოსკოვმა ბერლინს 1,6 მლნ ტონა ხორბალი, ნიკელი, მარგანეცი (ჭიათურიდან) და სხვა ორმაგი დანიშნულების ლითონი მიაწოდა, ხოლო ბერლინმა მოსკოვს - შესანიშნავი სამხედრო ტექნოლოგიები, რაკი ვერსალის (1919 წ.) შეთანხმებით ტანკების წარმოება თავად აკრძალული ჰქონდა.
პოლონეთის გაყოფას რაც შეეხება: ესეც ხომ ისტორიული ტრადიცია იყო? განა დაახლოებით ასევე არ გაიყვეს გერმანელებმა და რუსებმა ეს ქვეყანა სამჯერ (1772, 1793, 1795) XVIII საუკუნეში?! 1939 წლის გარიგება იმავე „გეოპოლიტიკური ტექნოლოგიით" განხორციელებული მეოთხე გაყოფა აღმოჩნდა!
რატომ დაირღვა „პაქტი" 1941 წელს?
კონკრეტული მიზეზი გახდა საბჭოთა არმიის კონცენტრაცია ბესარაბიაში (დაახლოებით დღევანდელი მოლდოვა), რის შედეგადაც ჰიტლერს შეეშინდა, რომ სტალინი რუმინეთს, ანუ იმ დროს გერმანიისთვის ნავთობის ერთადერთ არსებით წყაროს ემუქრებოდა, მაშინ როდესაც გერმანია უკვე ომს აწარმოებდა ბრიტანეთთან და ამერიკასთან.
ეს რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს. სისტემური მიზეზი კი მაინც ის გახდა, რომ ტოტალიტარულ-რეპრესიულ რეჟიმთა ზემოთ ხსენებული „სისტემური ვალენტობა", ადრე თუ გვიან, ესე იგი მათი „შერევის" შემდეგ, აუცილებლად გამოიწვევდა აფეთქებას: ნაცისტური გერმანია და კომუნისტური საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული იმპერიები იყვნენ და მათ შორის „ინტერესთა თანხვედრაც" მხოლოდ ტაქტიკური შეიძლებოდა ყოფილიყო, - არა სტრატეგიული.
ოღონდ, აქვე, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ არანაკლები სისტემური სისუსტე გამოამჟღავნეს აგრეთვე დასავლურმა დემოკრატიებმაც. უპირველეს ყოვლისა, ე.წ. დაშოშმინების (Appeasement) პოლიტიკით აგრესიული გერმანიის მიმართ და მიუნხენის (1938 წ.) სამარცხვინო გარიგებით, რომელიც ჯერ სუდეტის, შემდეგ კი მთელი ჩეხეთის ჰიტლერისთვის „ჩაბარებას" გულისხმობდა.
მოგვიანებით, იალტის (1945 წ.) კონფერენციაზე, დასავლურმა დემოკრატიებმა ასევე „ჩააბარეს" მთელი აღმოსავლეთი ევროპა სტალინს, ხოლო უინსტონ ჩერჩილის „ფულტონის სიტყვა", რომელშიც მან ცენტრალურ ევროპაზე „რკინის ფარდის" (Iron Curtain) ჩამოშვებაზე ისაუბრა, ოდენ „უკანმიდევნებული ლამპარი" აღმოჩნდა. თუმცაღა... ვის-ვის და, დიდ უინსტონ ჩერჩილს კი უნდა სცოდნოდა, რას ნიშნავდა „იალტა-პოტსდამის სისტემა" ამ „ფარდის" სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი ერებისთვის.
ახლაც კი, კომუნიზმის დაცემისა და იმპერიულ-დერჟავულ მისწრაფებათა თითქოსდა საყოველთაო დაგმობის ხანაში, ზოგიერთი „სიმპტომი" კვლავინდებურად იწვევს შეშფოთებას. მათ შორის გეოპოლიტიკურ ტეხილზე აღმოჩენილი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის.
ყოველ შემთხვევაში, ე.წ. „სარკოზი-მედვედევის შეთანხმება" და მისი „ყრუ" დარღვევა, ე.წ. „ტალიავინის" დასკვნა", „ყირიმისა" და „დონბასის" მიჩუმათება, დერჟავის მეზობელი პატარა და სუსტი ქვეყნების „ხურდაში დაბრუნების" ძნელად შესამჩნევი ინტენცია ნამდვილად ქმნის დაფიქრების საფუძველს.
„ლიბერალი" 29 აგვისტო 2019წ.