„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

ნაცმოძრაობა - მყვირალა პოპულისტების პარტია

11.01.2023 ნახვები: 1004

საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ხმას აძლევს მოსახლეობის თითქმის 30% სუიციდისთვის ემზადება. უფრო სწორედ, უკვე პროცესშია და თავს ნელა-ნელა, აუჩქარებლად, თუმცა, თანმიმდევრულად და დაუფარავად იკლავს.

ეს საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დღეს კი მწვერვალს უახლოვდება.

პირველი ტყვია, რომელიც ნაცმოძრაობამ თავის თავს ესროლა, იყო იმის აღიარება, რომ ის არ არსებობს, როგორც პოლიტიკური პარტია და ისევე როგორც ყველა დანარჩენი პარტია საქართველოში არის სრულიად უიდეო, კონფორმისტებით გატენილი, ერთი კაცის ფან-კლუბი.

ის ერთი კაცი რასაც იტყვის და მოიფიქრებს - აუცილებლად უნდა გაპრავდეს ყველა შემთხვევაში. გაუგებარი პოზიცია ჰესების საკითხში (ჩემ დროს საჭირო იყო, დღეს კი არა), მოულოდნელი გადახრა ქართული ტრადიციონალიზმისკენ, ეკლესიის და მამა-პაპური ჯოგის გულის მოგების სრულიად ამაზრზენი მცდელობა - ერთი კაცის მრევლი ყველა ამ სიმახინჯეს უყოყმანოდ ამართლებს.

ნაცმოძრაობამ დროის გამოცდას ვერ გაუძლო და პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიად ვერა და ვერ გადაიქცა. კაცმა რომ თქვას, დიდად არც უცდიათ - მარტივი გზით წავიდნენ - აგერ, მიშა ხომ გვყავს. ეს ხომ არის ჩვენი სიცოცხლისუნარიანობის გარკვეული გარანტია? ჰო და რატომ უნდა შევიწუხოთ თავი, რატომ ვეძებოთ ახალი გზები, და ახალი ლიდერები?

პრობლემა გაღრმავდა იმის გამოც, რომ პირად ამბიციებს აყოლილი სააკაშვილი თავადაც არ თმობდა და დღესაც არ თმობს თავის პარტიაში პირველობას - აუდიოკომპრომატი ნიკა მელიაზე, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, ნათლად მეტყველებს ვინაა პარტიის რეალური ლიდერი და ვინ - ფორმალური თავმჯდომარე.

დღეს ნაცმოძრაობა იმყოფება თავის ისტორიაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში და როგორც არასდროს ახლოსაა ელექტორალური შესაძლებლობების მინიმუმამდე დავარდნასთან. დღეს ნაცმო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2013-2014 წლებში იყო, როდესაც პარტიის რიგებში ყოფნა და ლიდერებისთვის უბრალოდ ქუჩაში გამოჩენა იყო საშიში.

პარტიამ გადაიტანა ყველაზე მძიმე პერიოდი და დაშლის პირას მაინც და მაინც დღეს მივიდა, როდესაც მან უკვე მყარად დაიმკვიდრა თავისი ადგილი პოლიტიკურ არენაზე. პრობლემა მხოლოდ ის კი არაა, რომ ნაცმოძრაობა ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ბანაკებად გაიყო - თუმცა, ესეც ართულებს ვითარებას, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა ყველანაირი შიდაპარტიული დაპირისპირების მიმართ - ყველას ახსოვს, რომ ერთ-ერთმა ასეთმა დაპირისპირება, სამოქალაქო ომი გამოიწვია.

ეს თავისთავად პრობლემაა და საუბრები შიდაპარტიულ დემოკრატიაზე და იმაზეც რომ „ასეთი რამ ყველგან ხდება“ - უკვე არავის არწმუნებს. ყველამ იცის, რომ პარტიულ საფუძველზე ისეთი შეურიგებლობა და დაპირისპირება როგორც საქართველოში, სხვაგან არსად არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, ცივილიზებულ მსოფლიოში.

თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც არის ნაცმოძრაობის მიერ აღებული გეზი - ის უარს ამბობს ინტელექტზე და ირჩევს ქუჩის პოპულისტებს. ნიკა მელია თავის თანაპარტიელებს შორის დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არასდროს გამოირჩეოდა - მისგან იშვიათად თუ მოისმენდით აზრს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და მსოფლმხედველობით საკითხებზე - მისი გამოსვლები მარტივია და ძირითადად აგებულია ემოციებზე.

თუმცა, ორი სხვა კანდიდატის ფონზე ის ნამდვილ ინტელექტუალად გამოიყრება - ლევან ხაბეიშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა ტელეკამერების წინ ქაღალდების ფრიალი და მორიგი კორუფციული სკანდალის აგორება. მერე რა, რომ ხშირ შემთხვევაში ფაქტები რეალობას არის აცდენილი - მთავარია თქვა და იმიჯსაც იქმნის თითქოს. მისდა საბედნიეროდ, რეალობაში მატყარას ცხვირი არ ეზრდება და რა ენაღვლება. თუმცა მისი რიხი და შემართება მნიშვნელოვანი საკითხია და ნებისმიერ პარტიაში ასეთი დამრტყმელი ძალა უნდა იყოს.

თუმცა, ჩვენს პირობებში ასეთი ტიპის ადამიანების ლიდერობა ნიშნავს გონების დაძაბვაზე ოფიციალურად უარის თქმას.

მესამე კანდიდატზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის, თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ მისი თანაპარტიელები მას მუმლიკასეძახიან - ბევრ რამეზე მეტყველებს. დამეთანხმებით, რომ ძნელად წარმოსადგენი იყო, მაგალითად, ნაცმოძრაობის წინა ლიდერზე იმის წარმოდგენა, რომ მას - გრიგოლ ვაშაძეს პარტიაში „ვაშიკას“ უწოდებენ.

ჩვენს რეალობაში ზრდასრული ადამიანის მიმართ მეტსახელის გამოყენება მისი ასე ვთქვათ, მარტივი აზროვნების მაჩვენებელია. გასაგებია, რაც ხდება - ნაცმოძრაობამ დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ რევოლუციით ხდება, რევოლუციას კი ინტელექტი არ სჭირდება, ამიტომაც, წინა პლანზე გამოდიან მოჩხუბარი და პოპულისტი ლიდერები.

ეს დიდი შეცდომაა, რომლის შედეგსაც ძალიან მალე დავინახავთ - თუნდაც იგივე რევოლუციის საკითხში. რევოლუციას გონება და ინტელექტი ქმნის. მყვირალა პოპულისტები, სხვადასხვა ტიპის მუმლიკები ამ პროცესში მხოლოდ დამრტყმელი ძალის როლს ასრულებენ, თუმცა, მაღალი ინტელექტის გარეშე, ნებისმიერი აჯანყება ნიშნავს მუშტებს ტვინის გარეშე...

ეს მცდელობაც განწირულია და ნაცმოძრაობას არ გააჩნია სამომავლო პერსპექტივა, სანამ ის ბოლოს და ბოლოს არ გადაიქცევა პრინციპებზე და ინტელექტზე დაყრდნობილი პარტიად - ამის გააზრების ნიშნები დღეს არ ჩანს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა