სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ციციკორეებით და ოხროხინეებით გაივსო ქვეყანა, რომლებმაც ვირზე გასვეს საქართველო

19.07.2021 ნახვები: 555

....

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე უამრავი შეფასება წაგვიკითხავს და მოგვისმენია. უწოდებენ კრიზისს, ქაოსს, ადარებენ ჭაობს. ცხადია ყველა ეს შეფასება რეალობასთან ახლოსაა, მაგრამ მე მაინც უფრო მორევს, ტალახის მორევს მაგონებს დღევანდელი ქართული პოლიტიკა. ტალახის მორევს, რომელიც შიგ ითრევს და სვრის ყველას და ყველაფერს, ვინც მას შეეხება. ტრიალებს ეს მორევი და ხან ქვეშ მოიქცევს, მერე ისევ ზემოთ აგდებს ბოლომდე ტალახიან ადამიანებს, რომელთაც დაავიწყდათ უკვე - ცხოვრება ლაფის გარეშეც არის შესაძლებელი.

არ აქვს მნიშვნელობა ცნობილი ხარ თუ უცნობი, აქტიური თუ უბრალოდ მორჩილი უმრავლესობის წევრი, ოპოზიციონერი თუ ხელისუფლების ნაწილი, საზოგადოების რიგითი წევრი თუ აქტიური მოქალაქე - შანსი არ გაქვს, რომ ტალახმა არ გშთანთქას.

ამ ქვეყანაში თუ ვინმე რამეს არ დაგამადლის, ეს ტალახია. ტალხით გუნდაობა საქართველოში ყველაზე აზარტული სპორტია. მე თუ მკითხავთ, ტალახით ომი ბევრად უფრო სასტიკია ვიდრე ირაღით ომი. იარაღით ომს თავისი წესები აქვს. ის ოდღესაც მთავრდება. იქ ვიღაც იმარჯვებს და ვიღაც მარცხდება. დამარცხებულმა იცის, რომ უფრო სუსტი აღმოჩნდა, სადღაც გამარჯვებულის უპირატესობას ძნელად, მაგრამ მაინც აღიარებს. იარაღით ომში მტრის ღირსებას პატივს სცემენ, ტალახის ომს არ ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული, არც წესები აქვს, არც მოწინააღმდეგის ღირსებას სცემენ პატივს. ამ ომში ღირსების გაგება საერთოდ არ არსებობს.

ტყვიით ომში მკვდარს მეორე ტყვიას აღარ ესვრიან. აქ ტალახს მკვდრებსაც არ ამადლიან.

ციციკორეებით და ოხროხინეებით გაივსო ქვეყანა, რომლებმაც მარიტასავით უკუღმა - ვირზე გასვეს საქართველო და ასე ლაფში ამოსვრილს დაატარებენ სამზეოზე.

ტალახს ესვრიან, ქრისტეს სახელით, ზნეობის სახელით, წარსულის დიდების სახელით, გაბრწყინებული ივერიის სახელით. თავისი დროის ოხროხინეებისა და ციციკორეებისგან წვერით ნათრევი სულხან საბა წერდა: „თუ სათავეში წმინდა წყალია, სადინარებშიც წმინდა წყალი მოედინებაო". დიდი ხანია სათავეში წმინდა წყლის ნაცვლად ტალახის უშრეტი საბადოა და მისი დაშრობა არც უცდია არავის.

---

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ რაც სისტემამ იკადრა, მართალია არ გამკვირვებია, მაგრამ პრიმიტიულობამ მაინც გამაოცა. შეცდომას შეცდომაზე უშვებს სისტემა.

პარლამენტში ასე სამარცხვინოდ არც ერთი შს მინისტრი არ შეპარულა . არც კახა თარგამაძე, გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ, არც ვანო მერაბიშვილი -გვირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. ორივე შემთხვევა ხელისუფლებისთვის განაჩენი იყო. ორივეს უმძიმეს კითხვებზე უწევდა პასუხების გაცემა.

დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას" პოლიტიკური რესურსი საერთოდ აღარ აქვს. გროტესკზე უფრო მეტი იყო ელისო ბოლქვაძითა და ნინო წილოსანით გარშემორტმული პირველი პოლიციელი ოპოზიციისგან რომ იცავდა თავს. საპროტესტო ბანერის გამო ჩაშლილი სხდომა და უმრავლესობის აკვიატება, ჟურნალისტები მხარე ხართ და კითხვებზე არ გიპასუხებთო.

არც პათეტიკაა და არც ალეგორია, არც ილუზია და არც ლირიკა. ჩვენი ქვეყანა დღეს ორბიტიდან მოწყვეტილ, ორინტაცია დაკარგულ, ციურ სხეულს ჰგავს, რომელსაც არც გეზი აქვს, აღარც საყრდენი, არც ვარდება და აღარც ნათება აქვს.

5 ივლისს კი სახელმწიფოს სრული დაბნელება მოხდა. საქართველოს ჯერ არ ყოლია ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკური ალღო ასე ატროფირებული ჰქონდა.

ჩვენს გარშემო ურთულესი გეოპოლიტიკური ძვრები მიდის, რომლის ექო უკვე გარკვევით აღწევს ჩვენამდე, მაგრამ ხელისუფლებას ყურები აქვს და არ ესმის, თვალები აქვს და ვერ ხედავს. ხელისუფლებას დაკარგული აქვს არათუ ქვეყნის გადარჩენის, არამედ თვითგადარჩენის ინსტიქტიც.

საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა 5 ივლისის მოვლენებს, ეჭვს არ ტოვებს, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს „ქართული ოცნებისათვის" ვერდიქტი აქვთ გამოტანილი. იქ - დასავლეთში, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებისათვის, არამედ მათივე გეოსტრატეგიული ინტერესებისათვის, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება და არა მარტო.

„ქართული ოცნების" დეპუტატებისა და პრემიერის შეფასებები ბლინკენის განცხადების პასუხად, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად აცდენილია ადეკვატურობას. პრემიერმა განაცხადა: „არ მახსოვს ამერიკელები ასე შეშფოთებულები ყოფილიყვნენ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემის გაუმართაობითო". საიდან ემახსოვრება, როდესმე გაუპროტესტებია გვირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა საქმეების მიმართ დამდგარი უსამართლო განაჩენები? 7 ნოემბერს დაზარალდა მიტინგზე, თუ ტვ „იმედში" სპეც-რაზმის შეჭრა დაგმო და გააპროტესტა? ამ დროს ხომ მისი ბოსი ვანო მერაბიშვილთან „ალაგებდა" და თვითონ კიდევ 2010 წლამდე სიამოვნებით ემსახურებოდა „ ქართუში „ ვიზიტებზე მისულ ნაციონალური მოძრაობის მინისტრებს.

იმედს ვიტოვებ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები უკვე ხვდებიან, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ შეიძლება პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე დაყრდნობით. აქ სხვა პრინციპები მოქმედებს. როგორც აქამდეც, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება თავისი მარიონეტების საშუალებით ბოლომდე იშულეროს, ვითომ არ ეშენია, ვითომ მოსაგები კომბინაცია აქვს, ვითომ აქვს შანსი, რომ პირობები თვითონ დააყენოს. ამას გააკეთებს იმიტომ, რომ ყველაზე ნაკლების დათმობა მოუწიოს, როგორც იყო პროპორციული არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პოლიტპატიმრების გამოშვებისას, საპარლამენტო ბოიკოტის დროს -შარლ მიშელის დოკუმენტამდე.

ცხადია, მას აუცილებლად მოუწევს პრემიერის და შს მინისტრის გაწირვა. კარგად ესმის, რომ თავადაც არაფერში აწყობს ნინო წილოსანის და ელისო ბოლქვაძის დაცული პირველი პოლიციელი, საპატრიარქოს ყმადშეფიცული პრემიერ-მინისტრი. მათ თავისი ფუნქცია უკვე ამოწურეს, მაგრამ ბოლომდე ისე არ დაწვება, რომ ახალი პარტიის დასაწყებად ხელში არაფერი დაიტოვოს.

ყველაფერი დროის საკითხია. ივანიშვილის ამოცანაა, რომ მან ამ დათმობისას სარგებელი იპოვოს. არ არის გამორიცხული, რომ პრემიერის გადაყენების შემდეგ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცოს და ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს, რაც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას - გახარიას გარდა, ხელს არ აძლევს, ძალიან მოკლე წინა საარჩევნო ვადის გამო.

ალბათ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ საყოველთაო პოლიტიკურ „გასწი-გამიშვიში", რომელშიც ახლა ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არიან ჩართული, გიორგი გახარია არ მონაწილეობს და ის ძალიან თანამიმდევრულ საარჩევნო კამპანიას ატარებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე გავლენას იქონიებს, წინ არის.

ნიშანდობლივია შარლ მიშელის, მაია სანდუს ვოლდემირ ზელენსკის ვიზიტები საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ნათლად აუხსნიან, რომ ლუკაშენკოსთან და პუტინთან თავის გაიგივება ივანიშვილისათვის დამღუპველი იქნება. რაც მათ გასაგები მიზეზების გამო ეპატიებათ, ივანიშვილს არავინ აპატიებს. რაც მალე მიხვდება ამას, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ამ უმძიმესი შიდა პოლიტიკური კრიზისის პირობებში ქვეყანას აქვს ძალიან ფართოდ გაღებული ფანჯარა თავისუფალ სამყაროში, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.

ვასაძე გაიქცა! ფალავანდიშვილს, მორგოშიას, მახარაძეს და სხვებს, მათ შორის სასულიერო პირებსაც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა 5 ივლისის „ შაბაშში" , აუცილებლად დაიჭერს თავად ივანიშვილი.

ძალიან მალე რუსეთი საერთოდ ვეღარ მოიცლის საქართველოში ვითარების ასარევად, მას წინ ძალიან მძიმე ამოცანები აქვს გადასაწყვეტი - ავღანეთი ის ლოდი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელზეც კიდევ ერთხელ ფეხის წამოკვრამ, წელში ვეღარც გაასწოროს. რუსეთს ახლა დათესილის მომკის დრო უდგება.

ამერიკაში ვიზიტად მყოფმა მერკელმა ჩრდილოეთის ნაკადი 2- ის შესახებ თავის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა. უკრაინა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ სვლებს აკეთებს საკუთარი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დასაცავად. მაია სანდუს გაპრეზიდენტება რუსეთისთვის მოლდოვეთის დაკარგვას ნიშნავს. ჩვენც ამ ჯაჭვის ნაწილი ვართ, ჩვენს გარეშე პროცესი სრულყოფილი ვერ იქნება.

როდესაც რუსეთი ჩვენს ქვეყანას ჩაეხსნება, სათავეში წყალი დაიწმინდება, სადინარებშიც სუფთა წყალი ჩადგება და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს ამ ტალახის მორევს.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა