AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის განმავლობაში შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა. 2023 წლის დასაწყისში კი, 5 იანვარს 1 ბანკი. გასული წლის საერთო ჯამში გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1.15 მილიონ ლარს აღწევს. წელს დაჯარიმებული „ტერაბანკის" ჯარიმის მოცულობა 41 000 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, 2023 წელს "ტერაბანკის" 41 000 ლარით დაჯარიმების მიზეზი არის, შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარდგენის 4 შემთხვევა;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა 1 კლიენტთან მიმართებით;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების დარღვევის გამო 1 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ინფორმაციის განახლება);
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო 2 კლიენტთან მიმართებით (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამის რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);
1 შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2020 წლის მეორე ნახევრისა და 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა.
რაც შეეხება 2022 წელს დაჯარიმებული ბანკების ჩამონათვალს და მიზეზებს:
„თიბისი ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 928 000 ლარი. მიზეზი გახდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 4 შემთხვევა; ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო ერთ კლიენტთან მიმართებით (დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი).
„ვითიბი ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 70 000 ლარი. მიზეზი გახდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის 4 შემთხვევა. (ბანკის მიერ დაირღვა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა); ერთი კლიენტის შემთხვევაში კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების გამო; შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დადგენის მიზნით გონივრული ზომების მიღებისა და საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგის გატარების მოთხოვნის დარღვევის 2 შემთხვევის გამო; „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის მოთხოვნის დარღვევის 1 შემთხვევის გამო.
„კრედო ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 44 000 ლარი. მიზეზი გახდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევა,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 9 შემთხვევა.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის დანერგვის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
„პაშა ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 38 000 ლარი. დაჯარიმდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანების (შემდგომში - „ბრძანება“) მე-3 მუხლით განსაზღვრულ ვადაში (2020 წლის 1 იანვრამდე) და კომერციული ბანკის მიერ დანერგილი შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით 3 (სამი) კლიენტისთვის რისკის არ გადაფასების გამო. აგრეთვე, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2 (ორი) კლიენტის შემთხვევაში რისკის არ გადაფასების გამო.2. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;3. „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 3 შემთხვევის გამო.
„სილქ როუდ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 29 500 ლარი. დაჯარიმდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო.
2. ეროვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
3. „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო;
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის 21 (ოცდაერთი) შემთხვევის გამო;
„პროკრედიტ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 25 000 ლარი. დაჯარიმების მიზეზი გახდა, შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა;
ასევე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა 2 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
2 შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
3 შემთხვევაში კი, დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მოთხოვნა, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის დადგენილი მოთხოვნა (ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენა).
„ზირაათ ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა 20 000 ლარი. დაჯარიმდა "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები;
პორტალის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ეროვნულ ბანკსა და პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის ინფორმაციის/დოკუმენტების/ანგარიშგებების (მათ შორის, კონფიდენციალურის) გაცვლა და კომუნიკაცია. პორტალი ასევე გამოიყენება სამართლებრივი აქტების და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების, სიახლეების განსათავსებლად.