30 წელია, ქართველი ობივატელი სუფრასთან, სამზარეულოში, დილით თუ საღამოს ძაღლის გასერნებისას, პარკში შეძენილ ნაცნობთან, სამსახურში, ტრანსპორტში მრავალმნიშვნელოვან კითხვას ამოატანს ოხვრას: „გვეშველება რამე?"... მერე დაამატებს: „მოჯადოებულ წრეზე დავდივართ 30 წელი"; „დავიღალე ამდენი „ჯოს", „ჯოს" ძახილით" და ეს მაშინ, როდესაც მისი რომელიმე მეზობელი, ნათესავი ან თანამშრომელი ისევ ბარიკადზე დგას, ისევ რაღაცას აპროტესტებს, ისევ რაღაცისთვის იბრძვის, ხან იგებს, ხან აგებს.
მართალია, ქართველი ობივატელი 30 წელია, ერთ წრეზე დადის, მაგრამ მას მიზეზი არ აინტერესებს, ასეთ ქართველს მხოლოდ შედეგით სარგებლობა უნდა, თან ერთ წრეზე რომ დავდივართ, ამაზე ყველას აკისრებს პასუხისმგებლობას: ყოფილ და ახალ ხლისუფლებას, ბარიკადებზე მდგომებს, ყველას, საკუთარი თავის გარდა.
30 წლის წინ, დამოუკიდებლობის იდეამ ყველა გაგვაერთიანა, ყველა აღგვაფრთოვანა. ყველას, იშვიათი გამონაკლისების გარდა, გაუღვიძა სუსტად მფეთქავი თავისუფლების სურვილი. მხოლოდ კომუნისტური ნომერკლატურა იყო ამ პროცესისადმი აგრესიულად განწყობილი, მხოლოდ მას აღიზიანებდა მერაბ კოსტავას გასაოცარი ხმის ტემბრითა და ემოციიით სავსე მიმართვა „მამულიშვილნო", რომელიც ენერგიით ავსებდა ათი ათასობით ადამიანს, ადამიანს, რომელიც მზად იყო საბჭოთა ტანკებს შიშველი ხელებით გადადგომოდა ამ დამოუკიოდებლობისთვის.
სწორედ მაშინ გაიყო ორად საქართველო. სწორედ მაშინ დაიწყო დაპირისპირება მამებსა და შვილებს შორის. „ არაფორმალები", "ექსტრემისტული დაჯგუფები" - ასე შეარქვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ლიდერებს მაშინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ. ასე წერდა მათ შესახებ ქართული საბჭოთა მედია, ასე აშუქებდა ქართული საბჭოთა ტელევიზია. აგორდა უამრავი ჭორ-მართალი.
1988 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ გაჩნდა ასეთი ფრაზები - „ფუი, რუსთაველზე გავლა შეუძლებელია", „რუსთაველი ყარს", „ეგ დაუბანლები, კინწისკვრით უნდა გაყარო მაქედან"... წუხდა მოსკოვის „ ბერიოზკაში" შეძენილი „კლიმას" და „მაჟე ნუარის" სურნელით თავბრუდახვეული ქართული საბჭოთა ელიტა.
ქართული საბჭოთა ელიტის სალონური შეკრებებიდან ელვისებურად ვრცელდებოდა ინფორმაცია (ინტერნეტის არარსებობის დროს ტროლ-ბოტების როლს ეს ჯგუფი ასრულებდა) ზვიად გამსახურდიას მოზაიკური შიზოფრენიის, მისი „კა-გე-ბე"-სთან თანამშრომლობის, მერაბ კოსტავას ფსიქიური გადახრების, ბერძენიშვილების „დანოსჩიკობის" შესახებ. ჩანდა, რომ კომუნისტური ელიტის კოლექტიურ ქვეცნობიერს შიშის ზარს სცემდა კომფორტის ზონიდან გასვლის პერსპექტივა. დანარჩენი საბჭოთა საქართველოსათვის კი ეს კომფორტის ზონა ნაცრისფერი ერთფეროვანი დღეები, კარაქისა და შაქრის ტალონები და რელიგიურ დღესასწაულებზე „ილუზიონში" გასული ბელმონდოს „კარტუში" იყო და ეს მაშინ, როდესაც ამ დაფხავებული რკინის ფარდის მიღმა ჯინსები, კოკა-კოლა, პინკ-ფლოიდი, ბერტოლუჩი და სხვა უამრავი სიკეთე ეგულებოდა.
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სტატისტიკური ქართველის ცოდნა დასავლეთზე ძირითადად ჩამოთვლილი სიკეთეებით შემოიფარგლებოდა. მაშინ მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, როგორ ცხოვრობდა რკინის ფარდის მიღმა არსებული ბედნიერი დასავლეთი. უფრო მეტიც, დიდ ნაწილს დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრება ნირვანა ეგონა, სადაც კეთილდღეობა ციდან აწვიმდა და ათოვდა. ამიტომ არ არსებობდა შიში თავისუფლებისადმი, არავინ ებღაუჭებოდა კომფორტის ზონას, გარდა საბჭოთა ელიტისა, რომელსაც დასაკარგი, ცხადია, ჰქონდა.
90-იანი წლების დასაწყისში ანეგდოტად დადიოდა ამბავი სამტერდიაში შიმშილობის საპროტესტო აქციაზე, სამტრედიის რაიკომის მდივანი რომ მივიდა საკუთარ პროტესტანტ შვილთან და უთხრა: „წამოეთრიე სახლში, თორემ რომ მომხსნიან, შიმშილობას მერე განახებო"... ეს ამბავი კარგად აჩვენებდა მაშინდელი საბჭოთა საქართველოს საზოგადოების ერთი, მაგრამ მაინც მცირე ნაწილის - საბჭოთა ნომერკლატურის შიშებს საკუთარი პერსპექტივისადმი.
ასეა თუ ისე, საქართველომ მიაღწია სასურველ დამოუკიდებლობას საკუთარი ძალისხმევითა და, ცხადია, გარე ფაქტორების ერთობლიობით. 9 აპრილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე. გაღებული მსხვერპლი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, რომ ერი შეეკრა და გაეერთიანებინა.
უბრალოდ, საბჭოთა ელიტა გრძნობდა, რომ დინების წინააღმდეგ წასვლა კარგს არაფერს მოუტანდა და გადაწყვიტა, თავად მოქცეულიყო ბრძოლის სადავეებთან, რათა პროცესებს არ ჩამორჩენოდა და ახალ რეალობაში საკუთარი ადგილი ეპოვნა.
აქ იწყება სწორედ მთავარი კონფლიქტი, რომელმაც ბევრად განაპირობა ჩვენი ქვეყნის 30-წლიანი ისტორია, ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა ელიტას ახალ რეალობაში , პრივილეგიების ნაცვლად, თანასწორ ვითარებაში, ყველაფრის თავიდან დაწყება შესთავაზა, რაც ბუნებრივია, სრულიად მიუღებელი იყო კომფორტს და პრივილეგიებს მიჩვეული ფენისათვის. მას ვერ წარმოედგნათ, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო რიგითი მოქალაქე და თავისუფალ გარემოში კონკურენციაში შესულიყო საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელზე უპირატესობის განცდითაც ათწლეულების მანძილზე ცხოვრობდა.
რეალურად, 1992 წლის გადატრიალება იყო საბჭოთა ელიტის რევანში, ხოლო ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება მისი ახალ რეალობაში ხანგრძლივი, სტაბილური პრივილეგირებული ყოფნის გარანტი.
ამ ელიტამ ყველაფერი გააკეთა საკუთარი უპირატესობის დასაბრუნებლად: საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს დააბრალა ოსი ხალხის გენოციდი და სწორედ ამ ელიტის ძალისხმევით იქნა მიღებული პრაღის 47-ე რეზოლუცია. გამოიყენა ყველა და ყველაფერი, რაც საკუთარი პოზიციების დახმარებაში დაეხმარებოდა, მათ შორის, შეაირაღებული ახალგაგაზრდები, „მხედრიონი" თუ გვარდია, რომელიც შემდეგ, როცა მათგან საფრთხე იგრძნეს, ისე გაანადგურა, რომ წარბიც არ შეუხრია.
1992-დან 2003 წლამდე ეს ზეპური საზოგადოება არ შეუწუხებია არც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვას, არც - ოთხგზის აოხრებულ სამეგრელოს, არც - კრიმინალის თარეშს, არც - დენთის კასზრზე მყოფ მაღალი რისკის კონფლიქტურ რეგიონებს და იქ მიმდინარე საშიშ პროცესებს. დამნაშავე ყველაფერში პირველი პრეზიდენტი და მისი მომხრეები იყვნენ, რომლებიც საწყის ეტაპზე წინააღმდეგობას განაგრძნობდნენ.
იკადრა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, ოღონდ მის კომფორტსა და პრივილეგიებს საფრთხე არ დამუქრებოდა.
2003 წელს, როცა ჭაობი შეინძრა და ცხადი გახდა, რომ ცვლილებები გარდაუვალი იქნებოდა, თვითგადარჩენის ინსტიქტმა ზოგი რევოლუციური სამეულის ნავში აღმოაჩინა და ზოგიც - ჩასაძირად განწირულ აბაშიძის ხომალდზე, რადგან ბევრს ეგონა, რომ „აჭარის ლომი" თავის გადარჩენას დაუძლურებული შევარდნაძისაგან განსხვავებით მაინც შეძლებდა. ამჯერადაც არ გაუმართლათ.
ხელისუფალებაში მოსულმა სააკაშვილმა (ყველაზე ნაკლებად სწორედ მას გულშემატკივრობდნენ) ზვიად გამსახურდიას „შეცდომა" გაიმეორა და ისინი პრივილეგიებისაგანაც და პირმოთნეობის ვალდებულებისგანაც გაათავისუფლა.
ხშირად გვსმენია, სააკაშვილმა ახალი ქართველის გამოყვნა მოინდომაო. ეს არ იყო სააკაშვილის ახირება. სააკაშვილი ან მისი მრჩევლები, ისევე როგორც ზვიად გამსახურდია, მიხვდნენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ელიტა საბჭოთა ინტელიგენცია ვერაფრით იქნებოდა.
ახალ, თავისუფალ ქვეყანას ახალი იდენტობა სჭირდებოდა. თავისუფალი კონკურენციის პირობებში მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობების და უნარ-ჩვევების შედეგად მოპოვებული პრივილეგიებით და არა - „ბატონის კარზე" ნაბოძებები ჩინ-მედლებით.
სააკაშვილი ჩქარობდა... ამ სიჩქარეში ზომიერების გრძნობა დაკარგა და ეს ჩვენი ცნობილი ზეპურნი დედანი და მამანი ერთბაშად ჩარეცხა.
ახალი ქართული სახელმწიფოსათვის ბრძოლაში ის მთლიანდა დაეყრდნო საბჭოთა წარსულისაგან თავისუფალ თაობას, რომელსაც აღმოჩნდა, რომ არც გამოცდილება ეყო, არც - ცოდნა და რაც მთავარია, არც - ზომიერება, რომ ახალი იდენტობის დაბადებისათვის თავისუფალი და არასტრესული გარემო შეექმნა. ნაყოფიც ამიტომ აღმოჩნდა უდღეური.
ისე მოხდა, რომ ამ ახალი იდენტობის ნათლია გახლდათ რევოლუციული სმაეულის პირველი მსხვერპლი ზურაბ ჟვანია. „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი", დიახ, „ვარდების ხელისუფლების" ამოცანა გახლდათ, რომ საბჭოთა ქართველის ნაცვლად , ევროპელი ქართველის შექმნა.
ევროპელი ქართველი ნიშნავს პირად, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავისუფლებასა და მოქალაქის პასუხიმგებლობას სახელმწიფოს წინაშე. ევროპელი ქართველი ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში თვითდამკვიდრებისა და განვითარების უნარს. ევროპელი ქართველი ნიშნავს უარს ნეპოტზიმსა და კორუფციაზე (სხვათა შორის, ელიტებს ყველგან აქვთ ცდუნება პრივილეგიებზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზეც, მაგრამ საზოგადოების რეაქცია ამაზე განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში). ევროპელი ქართველი ნიშნავს თანასწორობის უპირობოდ აღიარებას.
ვინ არის საბჭოთა ქართველი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ტრანსფორმირდა ჯიგარ, ნაღდ ქართველად? ეს არის კონფორმისტი ქართველი, რომელიც არის კარგი ქმარი, მამა და შვილი იმიტომ, რომ ოჯახს კარგად ინახავს. „ჯიგარი" მამა არასრულწლოვან შვილს თვითდამკვიდრების იარაღად გემივით მანქანას აჩუქებს დაბადების დღეზე, ცოლს წელიწადში რამდენჯერმე საშოპინგოდ წაიყვანს ევროპაში, მერე რა, რომ გვერდზე სასტუმროში შეიძლება ასევე , შოპინგზე წამოყვანილი მისი საყვარელიც იყოს... ნაღდი მამა იზრუნვებს, რომ ქალიშვილი თავისივე წრის ოჯახში გაათხოვოს, მერე რა, რომ ქალიშვილს შეიძლება სხვა უყვარდეს, მთავარია, კარგად დააბინავოს და თავი მშვიდად იგრძნოს, მოხუც მშობლებს მომვლელს აუყვანს და ვალს მოიხდის, მერე რა, რომ ტელეფონზე ზარსაც არ უპასუხებს მოუცლელობის გამო.
„ჯიგარი" ქართველი კარგი ნათესავია. თანამდებობაზე თუ მოხვდა და გვარში ვინმე დაუსაქმებელი ჰყავს, ყველას რაღაცას გამოუნახავს. ნაღდი ქართველი ნაღდი ძმაკაციცაა - იცის, სად უნდა დახარჯოს და რატომ.
„ჯიგარ" ქართველს ჯიგარი ეწვის სამშობლოზე, მაგრამ შვილს არც ომში გაუშვებს და არც სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოახდევინებს, მისმა შვილმა ჯიში უნდა გაამრავლოს.
„ჯიგარ" ქართველს ეზოში აშშ-ზე დიდიხნის კაკლის ხე აქვს აუცილებლად. „ჯიგარი" ქართველი საქართველოში ლგბტქ+ს არ დაუშვებს, მერე რა, რომ სოციალურ კიბეზე ასასვლელად ეს გზა თვითონ გაიარა.
ნაღდ, ჯიგარ ქართველს პატრიარქი უყვარს და ეკლესიის შეურაცხყოფას არავის აპატიებს, მერე რა, რომ 12 მოციქულს ვერ ჩამოთვლის და ახალ და ძველ აღთქმას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. სამაგიეროდ, წინაპრების საძვალეზე ეკლესია აქვს აშენებული და სამოთხეში საშვი რომელიმე მღვდელმთავრისგან გამოწერილი.
„ჯიგარი" ქართველი შემოსავალსაც დამალავს, ჯარიმასაც არ გადაიხდის, სამართალის საძებნელად ქურდთან წავა - ინტრიგანი ხომ არ არის, სასამართლოში იჩივლოს და რაც მთავარია, ღადაობს „ გამოსირებულ" ევროპაზე, სადაც მეზობელმა შეიძლება, ეზოში უაზროდ ღრიალისა და მყუდროების დარღვევისათვის გიჩივლოს, სადაც შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება, სადაც შენგან განსხვავებულს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ „გევასება", თავ-ყბას ვერ დაალეწავ, სადაც კანონის დარღვვით საკუთარ უპირატესობას ვერავის დაუმტკიცებ, სადაც შენი საჯიშე შვილის მსგავსი, შენზე მაგარი მამიკოების შვილები საკუთარი შრომით ირჩენენ თავს, მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაზე.
სად წავიდნენ 2003 წლს სააკაშვილისაგან ჩარეცხილი ქართველები, როგორ გაუძლეს „სისხლიან ცხრა წელს"? საპატრიარქომ შეიფარა - მისცა მათ „სულიერი საზრდო" და ბიძინამ კი „პური ჩვენი არსობისა".
ზომიერების გრძნობის არქონამ გადაიყოლა სააკაშვილის ხელისუფლება, რომ არა ის საბედისწერო შეცდომები და დანაშაულები, რაც მისი ხელისუფლების გადაჭარბებულ სისასტიკეს, სიჩქარეს და ძალაუფლების ქონის დაუოკებელ ამბიციებს მოჰყვა, ხელისუფლების ცვლის პროცესი საქართველოში სხვაგვარად მოხდებოდა.
„ვინც, ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია" - იყო „ვარდების ხელისუფლების" მარცხის ალგორითმი. ყველასა და ყველაფერში მტრის ძებნამ მტრის მომრავლება და გაძლიერება იცის. ასეთია კანონზომიერება.
დღევანდელი გადასახედიდან უკვე ნათლად ჩანს, რომ 2012 წელი კვლავ რევანში იყო თავისუფალ საქრთველოზე. „ჯიგარი" ქართველის იდენტობამ აჯობა ჯერ სრულიად უმწიფარ, ევროპელი ქართველის იდენტობას.
5 ივლისის შემდეგ საერთოდ აღარ იწვევს ეჭვს, რომ დაპირისპირება საქართველოში პოლიტიკურ ნიადაგზე კი არა, არამედ, ორ კულტურულ პარადიგმას, ორ იდენტობას შორის მიდის.
„ჯიგარი" ქართველი პუტინს და მის იდეოლოგებს უყვართ, ეიმედებათ. ევროპელი ქართველი სძულთ და ეშინიათ. მათი გადასახედიდან მართლებიც არიან. მათ სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის ქართული სახელმწიფო, მათ საქართველოს მუზეუმად სჭირდებათ და ქართველები - სამუზეუმო ექსპონატებად თავისი დიდებული ისტორიით, მითებით ღვთისმშობლის წილხვედრობაზე, კულტურული ძეგლებით, ნაციონალური სამოსით, მარავაჟლამიერით, ხორუმით, ხინკლით და გაწელილი ელარჯით.
ასეთ საქართველოზე ყაბულს არიან ჯიგარი ქართველები, რომელთათვის სულ ერთია, ვინ იქნება მათი პრივილეგიების წყარო, საიდან მიიღებენ ჩინ-მედლებს და წოდებებს, ოღონდ არ დაკარგონ საკუთარი უპირატესობის განცდა, რომლის გარეშეც, უბრალოდ, არსებობას ვეღარ შეძლებენ.
„ჯიგარ" ქართველს არ აინტერესებს, რომ იმ „გარყვნილ ევროპაში", რომლის დროშაც ორჯერ საგანგებოდ ნაფლეთებად აქციეს თბილისის ცენტრში, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი რამდენიმე ათეულჯერ აღემატება ავტორიტარული ქვეყნების იგივე მაჩვენებელს. რომ სწორედ თავისუფლება, თანასწორობა და პასუხისმგებლობაა გარანტი, რის გამოც კეთილდღეობა საყოველთაო სიკეთეა. მათ არ სჭირდებათ საყოველთაო კეთილდღეობა, მათ საკუთარი პრივილეგირებულობის განცდა მიაჩნიათ მთავარ სიკეთედ, მათ არ სჭირდებათ თავისუფალი და კონკურენტული გარემო, ასეთ გარემოში ცხოვრება მათთვის საფრთხეა, ასეთ გარემოში ცხოვრებას შესაბამისი უნარები სჭირდება.
ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც აქვთ თავიანთი გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოში და ეს მათთვის უპირატესია, მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით, მათ საქართველოში მუზეუმი კი არ სჭირდებათ, არამედ, პარტნიორი სახელმწიფო, იგივე ღირებულებებზე დაფუძნებული, იგივე თავისუფლების ხარისხით და პასუხისმგებლობებით, რასაც აუცილებლად მოჰყვება საყოველთაო კეთილდღეობა, რომელიც ევრო-ატლანტიკური სივრცის საერთო მახასიათებელია. ოღონდ, ამასთან ერთად, დასრულდება პრიველეგიებსა და უპირატესობას დახარბებული ჯიგარი ქართველის საოცნებო საქართველო.
დავრჩებით „ქართველობა წართმეული" ქართველები, რომლისთვისაც ქრისტიანობა რწმენა იქნება და არა - ტრადიცია, თავისუფლება - პასუხისმგებლობა და არა - ყველაფრის უფლება, სამშობლო - სახელმწიფო და არა - გეოგრაფიული ერთეული, რომლისთვისაც წარსული მაგალითი იქნება და არა - ფეტიში; რომლისთვისაც „ლიბერალობა" სალანძღავა სიტყვად არ იქნება გადაქცეული; სადაც მთავარი ღირებულება იქნება ადამიანი და არა - მისი სახელი, გვარი, ეთნიკური, რელიგიური , პოლიტიკური და სხვა კუთვნილება.
ეს მხოლოდ ძალიან ზედაპირული მცდელობაა , გაგვეთვალსაჩინოებინა, რა არის ქართული საზოგადოების პოლარიზაციის რეალური მიზეზები და რატომ დავდივართ 30 წელი მოჯადოებულ წრეზე.
ვფიქრობ, ამ საკითხებზე უფრო ვრცელი და სიღრმისეული დისკუსიაა საჭირო. ცხადია, იარსებებს განსხვავებული მოსაზრებებიც, ან უფრო სერიოზული და წონადი არგუმენტები ამ პოზიციის გასამყარებლად. მეც მაქვს ჩემი პასუხი კითხვაზე - გვეშველება რამე? გვეშველება აუცილებლად, თუ დავამარცხებთ თავისუფლების შიშს, თუ მოვერევით საკუთარ თავში პრივილეგიებს დახარბებულ, უპასუხისმგებლო ჯიგარ ქართველს.
ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი