ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს
ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა
„ძლიერმა საქართველომ“ ე.წ. პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

მინისტრი წულუკიანი და „მერვე კლასელო“

08.02.2023 ნახვები: 909

თეა წულუკიანი - მისი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში მგონი აღარ დარჩა ნეგატიური კონოტაციის მატარებელი არც ერთი სიტყვა, რომლითაც ოპონენტებმა ის არ შეამკეს. აქ სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს წულუკიანი და ვის არა, რამდენად აღემატება მის მიერ სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახური მისსავე შეცდომებს.

ფაქტია, პოლიტიკურ ოპონენტებს თავი რომ დავანებოთ, საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილს, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებსაც და არა თუ მომხრეებს -ხელისუფლების წარმომადგენლებს და მედიას მასთან ურთიერთობა უჭირს და უფრთხის კიდეც.

სწორად შენიშნა ერთხელ თავად, ერთ-ერთი ოპონენტის საპასუხოდ - „შეგიძლიათ თქვათ, რომ ვარ მახინჯი, მაგრამ ვერ იტყვით, რომ ვარ გაუნათლებელი“. გავა დრო და შესაძლოა, ამ სიტყვების ავტორი არც კი გაახსენდეთ, მაგრამ იმდენად ფრთიანი ფრაზაა და შინაარსით აღსავსე, რომ ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში იმუშავებს.

ერთადერთი, ვისაც შესაძლოა, იგი შეადაროს ადამიანმა, ჩვენი უახლოესი თვალსაწიერიდან, კახა ბენდუქიძეა. რადგან წულუკიანიც საუბრობს საგნობრივად, ფაქტებით და ხისტად. ვიმეორებ, რამდენად ჯდება ეს ჩვენს გემოვნებაში, რამდენად მოგვწონს მისი გამოხატვის ფორმა, მიმიკა, ინტონაცია ეს ცალკე საკითხია. მაგრამ არც თუ უმნიშვნელო, რადგან ამ ყველაფერს მაშინ აქცევ ადამიანი ყურადღებას, როდესაც მთავარს გაურბიხარ - საკითხის პროფესიონალურ ცოდნას.

განათლებულ და გონიერ ადამიანებს, უგუნურებისგან ის განასხვავებთ, რომ მათ თვითირონიის - საკუთარი თავის, თქვენ წარმოიდგინეთ დაცინვის, შეცდომების აღიარების უნარი აქვთ. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ უნარის მატარებლები არ არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ მართლები არიან. მით უფრო საშიშია ისეთი ინსტიტუტები და სფეროები, რომლებსაც შეცდომების აღიარება უჭირთ. ჩვენს სინამდვილეში სამი ასეთი ინსტიტუციაა - ხელისუფლება, ოპოზიცია და მედია...

პირველზე და მეორეზე საუბარი არ ღირს ახლა, მაგრამ მესამეს სიჯიუტე - რომ ყველაფერში მართალია - საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შუბი ხალათში არ იმალება და როცა ესა თუ ის ფაქტი დროთა განმავლობაში სწორი რაკურსით ხდება საზოგადოების მიერ დანახული, ამით მედიის ავტორიტეტი ზიანდება. ამას რა თქმა უნდა, გულისტკივილით შევნიშნავ. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავად იზრუნოს საკუთარ ავტორიტეტზე.

თეა წულუკიანს დავუბრუნდეთ... ამას წინათ, ერთ-ერთი სატელევიზიო ჩართვის დროს, ჟურნალისტი მას - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ეკითხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით... წულუკიანს ეღიმება და პასუხობს კითხვას, რის შემდეგაც ეთერში ისმის: ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი....

ამას ყურადღება რამდენიმე კონკრეტული ფაქტის შემდეგ მივაქციე, როდესაც იგივე სახის კომენტარის, ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრის, ან სხვა - საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური პროცესის შეფასებისას, არა მხოლოდ მედიის, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“, ოპოზიციის, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მომისმენია - „არამკითხე მოამბე“, „ამას თავი ისევ იუსტიციის მინისტრი ჰგონია“...

ისევ გადავახვიე, ეგ კადრი, ისევ მოვუსმინე და ისევ ვნახე უცნაური ღიმილი მის სახეზე. შევეცადე სხვა კადრებიც მენახა, სხვა კომენტარებიც წამეკითხა და მივხვდი, რომ წულუკიანი კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხების მიღმა გაკეთებული კომენტარების დროს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს - მედიას დასცინის. დასცინის მინიმუმ უწიგნურობის გამო. თუმცა ამავდროულად დასცინის ყველას - გაუნათლებლობისთვის, არაინფორმირებულობისთვის ვინც მას „არამკითხე მოამბედ“ მოიხსენიებს. და დაცინვის მიზეზიც აქვს.

რატომ აძლევს თავს უფლებას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიტიკური თანამდებობის პირია, ესაუბროს საზოგადოებას იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც მის სფეროს არ განეკუთვნება?

ოდესმე დაგისვამთ კითხვა საკუთარი თავისთვის, როდესაც პრემიერი-მინისტრი ქვეყანას ტოვებს, ვინ ცვლის მას - ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, განათლების (ასეთიც გვყავს) მინისტრი?... არა - თეა წულუკიანი, როგორც ვიცე-პრემიერი.

შედით მთავრობის ვებგვერდზე და ნახეთ, პრემიერ-მინისტრის შემდეგ ვინ წერია მთავრობის წევრების ჩამონათვალში და რა სტატუსით? რომ არ დაგეზაროთ დავწერ აგერ - თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
ამიტომაც, იგი არ არის "არამკითხე მოამბე" - და იმ კომენტარებს, რომელიც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა - აკეთებს როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერი.

ჯერ ის არის გაუგებარი რატომ უნდა გაკრიჭო ვინმეს თანამდებობა და მერე კიდევ ის - საკუთარი თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში, იმის გამო, რომ ადამიანს კითხვა დაუსვა და არ იცოდე კონკრეტულად მისგან რატომ გინდა პასუხი.

ამიტომაც, როდესაც წულუკიანი უყურებს ან კითხულობს მორიგ სიუჟეტს ან ახალ ამბავს (ნიუსს) იმაზე, თუ რა განაცხადა თავად ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესზე და ტიტრებში წერია - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, დასცინის მედიას და ყველას, ვინც მას „არამკითხე მოამბედ“ მოიხსენიებს.

ცხონებული კახა ბენდუქიძე კი ამ დროს ალბათ ცალკე სიცილით მოკვდებოდა, ცალკე იდიოტებად შერაცხვადა ტიტრის ავტორებს და „არამკითხე მოამბის“ წარმომთქმელს კი „რუსკი კარაბლის“ გზას გაუყენებდა ერთი შესწორებით - "იდი"-ს ნაცვლად ეტყოდა "პაშოლ"...

არის ერთი მომენტი - თავად უთხრას წულუკიანმა ჟურნალისტს - ტიტრებში იქნებ ვიცე-პრემიერი დაწეროთ. მაგრამ ამას რა მოჰყვება ქართულ მედიაში... იმას კი არ იტყვიან - უი, მართლა, ეს აუცილებელიაო, არამედ „ჟანდარმი წულუკიანი, მედიას მითითებებს აძლევს". მერე დამწკრივდებიან ცნობილ-ცნობადი სახეები ცალკე, მედიის წარმომადგენლები ცალკე და მედიის საქმიანობის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე დაიწყებენ საუბარს. არავის დასცდება მინიმუმ - შეგვეშალა, არ მიგვიქცევია ყურადღება, უკაცრავად“...

ჰო, ერთი შეხედვით წვრილმანია ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან სხვა შემთხვევაში არ იარსებებდა სიბრძნე - პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო...

მედიაშიც და ცხოვრებაშიც, მთავარი ის კი არ არის როგორ გამოვიყურებით, არამედ ის, რა ვიცით და რამდენად შეესაბამება ჩვენი განათლება საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ...

ჰო, ისე, ტიტრებშიც და ნიუსშიც „სალომე ზურაბიშვილს“ ჯობია „პრეზიდენტი ზურაბიშვილი“, ირაკლი ღარიბაშვილს - „პრემიერი ღარიბაშვილი“, „ლევან დავითაშვილს“ – „მინისტრი დავითაშვილი“... მედიაში ეს არის აკადემიურობა და კლასიკა ასე კეთდება... თუმცა, ეს თუ არ გინდათ, „მერვეკლასელო“ მედიაფანოღლი, ადეკვატური განათლებითა და შესრულებით სახეზე გვაქვს.

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი
„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა