"ქართული ოცნება" კუთხეშია მიმწყვდეული"
"საშინლად გულსატკენია ჩირგვებში დამალულ მასწავლებელთა კორპუსის ყურება! შემირცხვენია საქართველოს მასწავლებლების საზოგადოება. პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული!"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს? გუშინ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც განაჩენი უნდა მოგვესმინა, თუმცა გამოცხადება 6 აგვისტოსთვის გადაიდო. რა მოლოდინი გაქვთ?
- სიმართლე გითხრათ, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება კედელთან არის მიმწყვდეული.
- საპროცესო შეთანხმებას სთხოვენ, მაგრამ ეს გამორიცხულია. წავიკითხე მზიას სიტყვა: „საპროცესო გარიგება ჩემთვის ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. არა და ვერ მოვაწერ ამას ხელს“!
- დიახ, ასეა. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება კუთხეშია მომწყვდეული, მას სურს, ერთი მხრივ, სახე შეინარჩუნოს თავისი ბაბლის წინაშე და თქვას, რომ ჩვენ ასეთი მკაცრები ვართ და ყველა დაისჯება, ვინც სისტემაზე და ჩვენს წინააღმდეგ ასწევს ხელს. მეორე მხრივ კი, მათ იციან, როგორი უსამართლობის წინაშე დგანან, არა მხოლოდ მორალური, არამედ სამართლებრივი ასპექტებიდან გამომდინარეც. ძალიან რთულ ვითარებაში არიან.
მზია ამაღლობელის საქმე მორალურ ასპექტშია გასააზრებელი და არანაირად სამართლიან ასპექტში. ამ საქმეზე ჯარიმაც სრულიად საკმარისი იქნებოდა, იმავე კანონმდებლობით, რა კანონმდებლობითაც ცდილობენ მის დასჯას. თუ მორალზე გავაკეთებთ აპელირებას, დიახ, ეს სილის გაწვნა იყო იმ სისტემისათვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდების თავებით ფეხბურთი ითამაშა, რუსთაველი სისხლით მორწყა, გაზით გაგუდა ათასობით ადამიანი, იძალადა ხალხზე! საქართველოს მოქალაქეებზე რომ იძალადა, იმ სისტემას გააწნა სილა მზია ამაღლობელმა, თითოეული ჩვენთაგანის ნაცვლად!
- ამბობთ, რომ ხელისუფლება ჩიხშია. როგორ განაჩენს ელით?
- არ იციან, რა გადაწყვეტილება მიიღონ. ჩიხში არიან, არც უკან დახევა უნდათ საკუთარი მომხრეების დასანახად, ასევე კარგად იციან, რომ მათი ქმედება ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს არის გაცდენილი. ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით მორალზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, მაგრამ სამართლებრივადაც რომ უჭირთ, ესეც ფაქტია. აქედან გამომდინარე, პროგნოზი რთულია. თუმცა, მისჯით რომ მიუსჯიან, ეს ფაქტია. რამდენს მიუსჯიან, ვნახოთ.
- ასევე მეორე ქალი პატიმარი ნინო დათაშვილი და ყოვლად გაუგონარი ამბავი. საკმაოდ მძიმეა ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ მაინც რას იტყვით?
- ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, შემირცხვენია საქართველოს მასწავლებლების საზოგადოება. მეტს არაფერს არ ვიტყვი! მასწავლებლებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული! ვინ ასწავლის ჩვენს შვილებს სამართლიანობას?! ვინ ასწავლის ჩვენს შვილებს მორალურ კრიტერიუმებს?! ვინ ასწავლის, თუნდაც ვეფხისტყაოსანს?! ის ადამიანები, ვინც დათაშვილის საქმეზე დუმან! ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ კრიტერიუმს გასცდა ეს ყველაფერი! როგორ შეუძლიათ პირში წყალჩაგუბებულებმა უყურონ ამ შემზარავ ამბავს, რაც დღეს ხდება?!
- ახალი მეთოდები შემოიტანეს? უფრო სწორად კარგად დავიწყებული ძველი, კომუნისტური?
- კომუნისტებსაც ასე ჰქონდათ გადმობარებული და ესენი მოდიფიცირებასაც კი ვერ უკეთებენ, რომ შეფუთონ მაინც, ამისთვისაც კი არ ირჯებიან. საშინელ ქმედებებს სჩადიან! საშინლად გულსატკენია ასეთ დროს ჩირგვებში დამალულ მასწავლებელთა კორპუსის ყურება!
- რატომ დასჭირდა რეჟიმს, რომ ამ მეთოდებით დაუპირისპირდეს საზოგადოებას?
- ისევ მზია ამაღლობელის გზით წასვლა მათ არ აწყობდათ. არ აწყობდათ ორი ერთნაირი ქეისის ქონა. ნინოს უფლებადამცველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას აქვს ხერხემლის მძიმე დაზიანება, რომელიც იწვევს უსაშინლეს ტკივილებს. მე ეს პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ. ამას ვერანაირი ტკივილგამაყუჩებელი ვერ აჩერებს. ამ ტკივილების დროს, რა თქმა უნდა, მძიმეა ემოციური ფონი, ასეთი მძიმე ტკივილების დროს ფსიქიატრიულში გადაყვანა კი არ არის საჭირო, არამედ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება!
- იმის მაგივრად, რომ გაეშვათ, ფსიქიატრიულში მიჰყავთ.…
- აქ კიდევ უფრო რთულად დგას პროცესი. იმ პერიოდში, როდესაც მას ფსიქიატრიულში ექსპერტიზა უნდა ჩაუტარონ, ამ პერიოდში მან არანაირი მედიკამენტი არ უნდა მიიღოს. არც ტკივილგამაყუჩებელი. წარმოგიდგენიათ, რა წამებისთვის იმეტებენ ადამიანს?! ასეთ დროს დუმილი სირცხვილია, სიკვდილის ტოლფასია, ხალხო! მე მადლობას ვუხდი ფსიქიატრებს, მაგრამ ის, ვინც შამანაურის დასკვნა დაწერა, თურმე სამხარაულში ამავე მიმართულებას ხელმძღვანელობს. შესაბამისად, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს.
- გოჩა, ბოლო დღეების პროცესებს ვაფასებთ და არ შემიძლია კალაძეზე არ გკითხოთ. ამორალურ სანახაობად შეფასდა ის, რაც მისი წარდგენისას ვიხილეთ. ვიცით, რა პერიპეტიებიც უძღოდა წინ ამ ყველაფერს, თავადვე არ იცოდნენ, იქნებოდა თუ არა კალაძე კანდიდატი და ბოლოს მაინც მასზე შეჯერდნენ. რატომ, მისატანი მიიტანა?
- წარდგენამდე ერთი დღით ადრე მიიღეს გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მას ეს შეწერილი თანხა გაუნაწილეს და ვისგანაც დიდი ფულის ამოღებაა შესაძლებელი, არჩიეს ისევ ის ადამიანი დაესახელებინათ. ყურებით ჰყავთ გამოჭერილი. გარდა ფულის მიტანისა, საკუთარი საარჩევნო კამპანიაც თავად უნდა დააფინანსოს. კალაძე კი, თავის მხრივ, ამ ყველაფერს ბიზნესიდან ამოქაჩავს. იმ სამარცხვინო ქართული ბიზნესიდან, რომელიც ასე დგას „ქართული ოცნების“ გვერდით და ყველაფერზე ტაშს უკრავს. ან ვინ ეჯდათ კალაძის წარდგენაზე?! რა უკეთებია ამ ხალხს ქართული სახელმწიფოსთვის?! ვინ არიან, საიდან მოვიდნენ?! სახელმწიფოს მწველავები. ტუჩები რომ დაიბერეს და უკანალი გაისქელეს, აი ეს არის მათი წარმატება, მეტი არაფერი! სახელებით და გვარებით ვიცით ეს ადამიანები! თუ სჭირდებათ ასეთი ამომრჩეველი, უნდა ჰყავდეთ! ეს მათი სახეა, მეტი კი არაფერი!
- გოჩა, დაჭერები გრძელდება და აქტიურად ებრძვიან ღარიბაშვილის გარემოცვას. როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილამდეც მივლენ?
- ღარიბაშვილთანაც ძალიან მარტივი დასალაგებელია, თუკი იმდენს გადაიხდის, რამდენიც მოითხოვეს. მე ძალიან მენიშნა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაწყებული მომენტები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები ამ წუთასაც ღარიბაშვილის გარემოცვაში არიან. იგივე დავითაშვილი, იგივე ოთარ დანელია, შამუგია.…აქ მთავარი არ არის. ვინ ვის გარემოცვაშია. აქ მნიშვნელოვანია ინტერესი! შესაბამისად, ახლა ფული უნდა მოგროვდეს. ღარიბაშვილი იქნება ეს თუ კალაძე, ეს არ აინტერესებს ბიძინას! მოსატანი უნდა მოიტანოთო. დღეს, როდესაც ივანიშვილი მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს სჯის, ხომ წარმოგიდგენიათ, სხვებს როგორ მოექცევა?!
- ძალიან მძიმეა ფონიც, სიტუაციაც, ხანდახან სერიოზული უიმედობა გვეუფლება. რა მოლოდინი გაქვთ? როგორი შემოდგომა გველის?
- კარმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ციხის კადრებით მოსულმა ხელისუფლებამ, ციხე უკანონო პატიმრებითა და სინდისის პატიმრებით გაავსო! ასევე სამართლიანობის ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ, აბსოლუტური უსამართლობა დააწესა ქვეყანაში! შესაბამისად, „ქართული ოცნება“ იქნება ის ხელისუფლება, მე მგონი პირველი და უკანასკნელი, რომელიც ყველაზე ძვირად გადაიხდის საკუთარი საქმიანობის ფასს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული! აქედან გამომდინარე, არანაირი ნიჰილიზმი, პირიქით აბსოლუტური შემართება გვმართებს! ჩემი მოლოდინია, რომ აი ამ უტიფრობისათვის „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმედ მოეკითხება!