მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

სიღარიბის მოგერიება - ირმა ბერიძე, პოეტი

ნახვები: 2293 სიღარიბის მოგერიება - ირმა ბერიძე, პოეტი

სიღარიბის მოგერიება

 

როცა ფული მითავდება,

როცა რძესაც ვეღარ ვყიდულობ

მწარე ყავაში გასარევად,

ვაკითხავ სუნამოს მაღაზიას.

თითქოს ზღვის და ყვავილების არომატი

გაფილტრა ღმერთმა

და რაც შერჩა ხელისგულებზე 

ის ჩაასხა ფლაკონებში

სულის და ხორცის საკურნებლად,

სადიდებლად მოდის სახლების,

რომლებიც ქმნიან

შავი იის, ორქიდეას,

კეთილშობილი ქარვისა და მუშკის შლეიფებს,

ციტრუსის გრილ და წყლოვან ნოტებს,

ვარდის აკორდებს.

სიღარიბესთან საბრძოლველად -

ერთი წვეთიც საკმარისია

მოწყენილობა გაცისკროვნებით შეგეცვალოს.

როცა ფული მითავდება

მახსენდება საშობაო ეპისტოლე:

- ჩემო სულიერო შვილებო,

სიღარიბემ შეჩვევა იცის,

არ გაიჩეროთ, მოერიეთ, მოიგერიეთ -

მიყვარს ჩემი პატრიარქი,

მისი რბილი, ფაფუკი ხმა

თოვლივით ჩამდის სასულეში

და ფილტვებში ჟანგბადად დგება,

მაგრამ რა იცის პატრიარქმა სიღარიბის.

ფული როცა მითავდება

შევდივარ ძვირფას მაღაზიებში

ვსინჯავ, ვისუნთქავ არომატებს,

Сhanel J’adore Amouage ...

ეგებ ამდენ უცხო სურნელში

ჩემი დავკარგო -

თოკი,  საბელი

რაზეც ვყავარ გამობმული სიღარიბეს

კარგა ხანია,

რითიც მიჭერს, რომ არ გავექცე, 

რითიც მაგნებს

თვით დიდებულ წვეულებებზეც,

სადაც ხანდახან ისევ მიწვევევნ,

სადაც ჰაერი დამუხტულია სიცოცხლის ნდომით, ნებიერი ცხოვრების მუხტით,

და იქ წესით სიღარიბეს არაფერი  ესაქმება,

მოდის, მეძებს ჩემი ძაღლივით

ნესტოების ძალუმი თრთოლვით,

ცხელი სუნთქვით,

მაგნებს,

მილოკავს ნათხოვარი კაბის ბოლოებს.

 

 

ავტორი:ირმა ბერიძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა