ჩვენი ხელისუფლება არის იქ, სადაც ის უნდა იყოს. თუმცა მე მაქვს ასეთი კითხვა, სად არის ჩვენი ხალხი და სად არის ქართული ოპოზიცია?! დღეს ისევე უნდა გამოვხატავდეთ ჩვენს დამოკიდებულებას ნატოში გაწევრიანების მიმართ და ნატოში ჩვენი ადგილის მოსაპოვებლად, როგორც ეს ვქენით შარშან ზაფხულს, ივნისის მოვლენების დროს, როდესაც დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასე ერთჯერადი აფეთქებებით, ჩვენ ვერ მივალთ მიზნამდე. თუ ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი დამოკიდებულება, გინდაც საქართველოს ხელისუფლებისადმი, გინდაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი უნდა იყოს მუდმივი, პერმანენტული და ამაში უნდა გამოიხატოს ჩვენი ძალისხმევა.
ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ მინდა, არაფერს ნიშნავს. რას ვაკეთებთ იმისთვის რაც გვინდა? ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს, უფრო ზუსტად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ გვერდი აგვიაროს ევროკავშირმაც და ნატომაც, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ, ის საზოგადოება, რომელიც ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვხედავთ მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში?! ახლა, მე მგონია, რომ საერთოდ ხელისუფლებაზე ლაპარაკი არის არასწორი. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება.
სწორედ ამიტომ მაინტერესებს, რას აკეთებს ის საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ გვაქვს პროდასავლური მისწრაფებები და ჩვენს მომავალს ვხედავთ მხოლოდ ევროკავშირში. დავიჯერო, ქვეყნის მომავალზე ზრუნვა პოლიტიკური განცხადებების იქით აღარ უნდა მიდიოდეს?!
აშკარად ჩანს, რომ დღეს ოპოზიციის პრიორიტეტები სწორად არ არის დასახული, მაგრამ ოპოზიციის გარდა, ვერ გავიგე, ჩვენ, საზოგადოება, ამ ყველაფრის ობიექტები ვართ თუ სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში?! პოლიტიკის შემოქმედი ხალხია და ეს უნდა გავიგოთ. პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ჩვენი განწყობების ამსახველები და უნდა ემსახურებოდნენ ამ განწყობების და ამ მოთხოვნების რეალიზაციას. სად არის საზოგადოება?
არ შეიძლება პოლიტიკოსი დაემსგავსოს პოლიტიკურ კომენტატორს! მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველა პოლიტიკური კომენტატორია. ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია და სად არის ქმედება?! სად არის საქმედ ქცეული სიტყვა?! არ არის არსად!
მიუხედავად ყველაფრისა, მე ამ პროცესს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ. მე ვხედავ ახალი არქიტექტურის კონტურებს, რომლის ძირითადი მონახაზი უკვე გაცხადებულია და ახლა მას მატერიალიზება სჭირდება. ეს არის ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე. მე ვხედავ ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი პარტნიორი თურქეთის ძალიან მკაფიო მოქმედებებს იმისთვის, რომ მათ საბოლოოდ უზრუნველყონ შავი ზღვის უსაფრთხოება, სადაც ჩვენ ვართ ერთ-ერთი წერტილი. ანუ ჩვენ გვერდს ვერ აგვივლის. დღეს თუ ხვალ, ეს მაინც მოხდება. უკეთესია დღეს, რადგან ჩვენ არ ჩამოვრჩეთ პროცესებს, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს უკვე მიუღწევლად მეჩვენება.
ერთადერთი გამოსავალი, ჯერ დრო კიდევ გვაქვს, ბევრი არა, მაგრამ საკმარისი. უნდა გავიაზროთ, რომ ნომერ პირველი ამოცანა, ახლა ჩვენთვის არის ამ ხელისუფლებისგან განთავისუფლება, ანუ რუსული ხელისუფლებისაგან ქვეყნის განთავისუფლება.
ერთი ხელისუფლება შეგვიცვლია თუ ორი? რაც იქნება ოპტიმალური, ისე უნდა მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება,. აი ეს არის ახლა მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილებების მიღება სიტუაციის მიხედვით. მსოფლიოში პროცესები იცვლება ძალიან სწრაფად. დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს. შიგადაშიგ ეს ემოციური აფეთქებები საქმეს არ შველის. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე აღარ ვსაუბრობ, საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობის დეფიციტს განიცდის ამ ქვეყნის წინაშე. ხელისუფლება ცდილობს, ნატოს და ევროკავშირს გადააბრალოს მისი უმოქმედობა კი არა, დანაშაულებრივი ქმედება, რომ ახლა ჩვენ გვერდი ჩაგვიარა ვილნიუსის სამიტმა. ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი გადააბრალოს ხელისუფლებას. საზოგადოება ცდილობს, ყველაფერი გადააბრალოს ოპოზიცია და ასე ვცხოვრობთ მუდმივი გადაბრალების რეჟიმში. საპატრიარქოსთვის კი, საერთოდ ყველა მტერია, ხელისუფლების გარდა.
საპატრიარქო კვლავ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბასტიონი რუსეთისა საქართველოში. საპატრიარქო ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოდან არ გავიდეს. შეიძლება ხელისუფლება შევცვალოთ, მაგრამ საპატრიარქო ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოში დარჩეს და ის ყოველთვის იქნება მისი საყრდენი. რა თქმა უნდა, თუ იქ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდა. ახლა ახლოვდება ცვლილებების პერიოდი და ეს არის მტკივნეული.
ამ ყველაფრის ფონზე ივანიშვილის ფილოსოფოსისგან ვიგებთ, რომ თურმე ამერიკის სპეცსამსახურები ებრძვიან ივანიშვილს და ის მათთვის მიუღებელია. თუ ეს ბიძინა ივანიშვილის ენაა და არა შათირიშვილის ინიციატივა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მე ჯერ არ მახსოვს ისტორიული პერსონა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არც ერთი პოლიტიკური აქტორი, გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც იყო კატეგორიულად მიუღებელი ამერიკის სპეცსამსახურებისთვის და დღეს კიდევ თავსატეხს წარმოადგენდეს მათთვის. ასეთი უბრალოდ არ მახსენდება. აღარ არსებობს. ჰუსეინი, კადაფი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. მე არა მგონია, ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყოს, რომ ამ წრეში მოიაზრებდეს თავის თავს. მე ეს ზაზა შათირიშვილის უნიჭო ინიციატივა და მეტიჩრული გამოხდომა მგონია. რაც დრო გადის, ივანიშვილის შანსები სულ უფრო და უფრო მცირდება. ისეთი მრჩევლების ხელში, როგორიც ზაზა შათირიშვილია, თუ სხვა არავინ ჰყავს, მაშინ საერთოდ უშანსოდ დარჩენილა.
ლელა ჯელელავა, ანალიტიკოსი