სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

რატომ არ იქნება საქართველოში რევოლუცია?

09.11.2021 ნახვები: 1058

წლების მანძილზე საქართველოში ხელისუფლებასთან ერთად, მწვავე კრიტიკის ობიექტი ხშირად ოპოზიციაც ხდება.

ქვეყანაში ჩატარებული თითქმის ყველა საპროტესტო აქცია, როგორც წესი ერთნაირად, ძირითადად წარუმატებლად, ხელშესახები შედეგების გარეშე სრულდება. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ოპოზიცია მისი მომხრეების მხრიდან შეტევის ობიექტი ხდება - ოპოზიცია სუსტია, არაქმედითუნარიანია, ქოცებთან შეკრულია, „ამდენი ხალხი გამოიყვანეს და სახლებში შეაბრუნეს, არაფრის გამკეთებლები არ არიან".

ბოლო კვირებში ამას სააკაშვილის პატიმრობის და შიმშილობის თემაც დაემატა - „კაცი კვდება და ესენი რას აკეთებენ?", „ბოლოს და ბოლოს როდის უნდა გაათავისუფლონ პრეზიდენტი? როგორც ჩანს, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საერთოდ არ ანაღვლებთ, ქოცებთან შეკრულები არიან" - ასეთ ტექსტებს ალბათ ყოველდღე ვისმენთ ოპოზიციის გულმხურვალე მომხრეებისგან და სოციალურ ქსელებშიც მრავლად ვკითხულობთ.

თუმცა, არავინ სთავაზობს - კარგი, რა არ მოგვწონს ოპოზიციის ქმედებებში - ეგ უკვე ვიცი, მაგრამ რა უნდა გააკეთოს და რაც მთავარია, რისი შესაძლებლობა აქვს დღევანდელ ვითარებაში?

როგორც წესი, რეცეპტები ძალიან ზოგადია, და დეტალური გარჩევის შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ ეს კეთილი სურვილების მორიგი ჩამონათვალია და არა კონკრეტული და რეალისტური სტრატეგია.

„რა უნდა გაკეთდეს" - ყველამ მეტ-ნაკლებად ვიცით, აი - როგორ? ესაა პრობლემა.

2003 წლის ნოემბერმა საქართველოს მოსახლეობა გარკვეულწილად გააფუჭა და მას არასწორი წარმოდგება ჩაუნერგა, თითქოს მშვიდობიანი რევოლუცია - ეს მარტივი პროცესია, რომელსაც ეყოფა რამდენიმე საშუალოზე მასშტაბის აქცია, გზების გადაკეტვა, და სამთავრობო შენობების ბლოკირება.

ბოლო წლებში ქართული პოლიტიკა სწორედ ამ მცდარი წარმოდგენის მსხვერპლია. პოლიტიზებულ ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი ხვდება, რამდენად რთული და იშვიათი მოვლენაა მშვიდობიანი რევოლუცია.

გადატრიალება, სამხედრო ამბოხი, შიდა ინტრიგებით ხელისუფლების შეცვლა, შეიარაღებული აჯანყება - ეს რამდენიც გნებავთ, აი მშვიდობიანი რევოლუცია კი - თითებზე ჩამოსათვლელია.

მსოფლიოში არსებობს ათეულობით სრულფასოვანი ქვეყანა, სადაც ისტორიის მანძილზე იყო არაერთი შიდა გადატრიალება თუ სისხლიანი ამბოხი, მაგრამ არც ერთი მშვიდობიანი რევოლუცია.
რა თქმა უნდა, უსისხლოდ, ქუჩიდან ხელისუფლების გასტუმრება შედარებით ადვილი ამოცანაა იქ, სადაც სახელმწიფო სუსტია, ძალოვანი სტრუქტურები კი კორუმპირებული და უიდეოა, მაგრამ იქ, სადაც რაღაც დონის სახელმწიფო არსებობს, ძალოვანი სტრუქტურები მთავრობის ერთგულია და ადმინისტრაციული აპარატი მყარია - მშვიდობიანი რევოლუცია ურთულესი, თითქმის შეუსრულებადი ამოცანაა.

საქართველოში რევოლუციის მომხრეები ფუნდამენტურ შეცდომას უშვებენ, როდესაც ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლისთვის თბილისის ცენტრში ბევრი ადამიანის შეკრებაა საკმარისი.

სინამდვილეში, მშვიდობიანი რევოლუცია მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბში პარალელურ მასობრივ გამოსვლებს გულისხმობს - როდესაც ადგილობრივი ელიტები შიშისგან იმალებიან, ხოლო ცენტრალურ ხელისუფლებას ყველგან ხანძრის ჩაქრობის რესურსი არ გააჩნია. სწორედ მაშინ იწყებს სისტემა დაშლას.

ყველას გვახსოვს 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტში ვარდით ხელში შევარდნილი სააკაშვილი, თუმცა, არავის ახსოვს, რომ გაცილებით ადრე ხელისუფლებამ ჩამოშლა რეგიონებში დაიწყო. შევარდნაძე ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და ამ დროს ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები, როგორც მედეა მეზვრიშვილი, თემურ შაშიაშვილი, ლევან მამალაძე, და ა.შ, თავიანთი სამფლობელოებიდან პანიკურად გარბოდნენ.

რეალურად ხელისუფლება 23 ნოემბრამდე ბევრად ადრე ჩამოიშალა - ბოლო კი მიშა მივიდა პარლამენტთან, ზრდილობიანად დააკაკუნა კარზე და ამით ყველაფერი დასრულდა.

ანალოგიურად განვითარდა მოვლენები უკრაინაში, სადაც კიევში მაიდანის დაწყების შემდეგ, საპროტესტო მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბებში გაიშალა. იქაც, ისევე, როგორც 2003 წელს საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლებების რღვევის პროცესი ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე კიევში.

თანაც, არ დაგვავიწყდეს - მაიდანი მშვიდობიანი რევოლუცია არ ყოფილა - ის დაიწყო, როგორც „ხავერდოვანი" მაგრამ დიდი სისხლისღვრით დასრულდა - ჯერ კიევში, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში.

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება - რუმინეთი, სადაც აჯანყება პროვინციულ ქალაქ ტიმიშოარაში დაიწყო, შემდეგ მთელს ქვეყანას მოედო, და მხოლოდ ბოლოს იფეთქა ბუქარესტში.

ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში, სადაც პირველი გამოსვლები ქალაქ გიუმრიში დაიწყო, შემდეგ გადაინაცვლა ერევანში, მაგრამ პარალელურად სხვა რეგიონებზეც გავრცელდა, რამაც ხელისუფლების შესუსტება და საბოლოოდ ჩამოშლა გამოიწვია. თანაც, ერევანში საპროტესტო მოძრაობა თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბში გაიშალა.

აქედან დასკვნა - რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს თბილისის ცენტრში, წარმატებული მშვიდობიანი რევოლუციისთვის საჭიროა მთელი თუ არა, ქვეყნის დიდი ნაწილის ჩართულობა პროცესში. იქ, სადაც ქალაქის ცენტრში შეგროვდება თუნდაც 50 000 ადამიანი, დანარჩენ ქვეყანას კი მშვიდად სძინავს - რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული.

აქ არაფერ შუაშია ოპოზიციონერი ლიდერების ბრძოლისუნარიანობა ან კარგი გეგმის დეფიციტი - ოპოზიცია მოქმედებს იმ ფარგლებში, რისი შესაძლებლობაც გააჩნია.

წინასწარ გპასუხობთ შეკითხვაზე, რომელიც აუცილებლად გაგიჩნდებათ - დღეს მდგომარეობა გამოუვალი და სრულიად უიმედოა. „ქართული ოცნების" არათუ მოცილების, არამედ კრიტიკულად შესუსტების არანაირი შესაძლებლობა არ ჩანს.

რევოლუცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ 3 პირობით - ქოცების სრული გაკოტრება, მათი მომხრეთა ბაზის კრიტიკული შემცირება და საპროტესტო მოძრაობის გაშლა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე - კარების აჭედვით, გამგებლების გაძევებით, პოლიციების უფროსების მიმალვით, და ა.შ.

დღეს ჩვენ ეს ვითარება არა გვაქვს და ეს ნამდვილად არაა ნიკა მელიას ან ხატია დეკანოიძეს ბრალი.

რევოლუცია - ხელნაკეთი, ძვირადღირებული პროდუქტია, ის არ იწარმოება კონვეიერული წესით.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა