ის, რომ “ქართულ ოცნებას” არ შესწევს ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფის უნარი და ის ძალიან ცუდი მმართველი და სუსტი მენეჯერია - ალბათ ყველასთვის ცხადია, კოლექტიური გოგა ხაინდრავა- ლალი მაროშკინა - შალვა რამიშვილის გარდა.
ისიც ნათელია, რომ ქოცური მმართველობის პირობებში სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელი არაა - თუ არ ჩავთვლით ასეთად მანიპულირების ხერხებს, ისეთებს მაგალითად, როგორც მშპ-ს ხელოვნური გაზრდა დოლარის კურსის დასუსტების და რუსი მიგრანტების ერთჯერადი ჩამოსვლის ხარჯზე.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩაუსაფრდე და არ დაუჭირო მხარი იმაში, რაც სწორი და მართებულია. არის საკითხები. რომლებშიც ქოცები მართლები არიან და მათ მიმართ სიძულვილმა გონება არ უნდა დაგვიბნელოს.
ასეთ საკითხებს შორისაა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. ოპოზიციას ეს თემა ან ცუდად ესმის, ან მასზე იაფფასიანად სპეკულირებს. პირველ რიგში იქნება შთაბეჭდილება, რომ მათ არ იციან რას წარმოადგენს დღევანდელი ჩინური სახელმწიფო და ისინი საფუძვლიანად გაიჭედნენ 50-60-ან წლებში, როდესაც ჩინელები საკუთარ თავს რუსების უმცროს ძმად მიიჩნევდნენ.
ოპოზიციის მომხრეებს შორის ხშირად გაიგონებთ - ჩინეთთან თანამშრომლობა ნიშნავს რუსეთისთვის ჩაბარებას. ვინ, როდის და რატომ მივიდა უცნაურ დასკვნამდე თითქოს ჩინეთი ასრულებს რუსეთის ბრძანებებს და მაგალითად, პორტის მათთვის გადაცემა ნიშნავს რუსეთის მიერ მის გაკონტროლებას - არავინ უწყის.
ჩინეთს არა აქვს არაფერი საერთო რუსეთთან - ეს სულ სხვა ტიპის სახელმწიფოა, მას სულ სხვა ფილოსოფია გააჩნია. ჩინეთი არათუ არ ასრულებს რუსეთის ბრძანებებს, არამედ პირიქით, პეკინი მიიჩნევს მოსკოვს საკუთარ სანედლეულო ბაზად და არანაირად არ აპირებს მისი ინტერესების მომსახურებას.
ყველანაირი პარალელების გავლება რუსეთს და ჩინეთს შორის - როგორც მინიმუმ უხეში შეცდომაა.
რა არის რეალობა? რეალობა ისაა, რომ ანაკლიას პორტს არ ააშენებს არც ევროპა და არც ამერიკა - კერძო ინვესტორები თავს იკავებენ სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე პორტის მშენებლობაში ინვესტირებისგან. ჩინეთს ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებს - თუ ქვეყანა მიიღებს დამატებით ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტებს, ის მოახერხებს მის სრულ დატვირთვას - ჩინელები ხომ ამ პორტს თავისთვის ააშენებენ.
ჩინეთს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე გააჩნია 2 უზარმაზარი უპირატესობა საქართველოსნაირი ქვეყნისთვის.
პირველი - ეკონომიკური თანამშრომლობის სანაცვლოდ ის არ ითხოვს პოლიტიკურ დათმობებს. თუ გსურთ - შეგიძლიათ შეხვიდეთ ნატოში, ევროკავშირში, გახსნათ თბილისში ამერიკული სამხედრო ბაზა - „ეს ყველაფერო თქვენი საქმეა, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ინვესტიციების დაცულობა გვადარდებს“ - გეტყვიან ისინი.
მეორე უპირატესობაა - რუსეთს ეშინია ჩინეთის. რუსეთის ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა მთლიანად ჩინეთის ხელშია და პეკინს ნებისმიერი რუსული სისაძაგლის დროზე შეჩერების ათასობით ბერკეტი აქვს. მაგალითად, ხვალ-ზეგ ოჩამჩირეს რუსული საზღვაო ბაზიდან ანაკლიას თუნდაც ერთი რაკეტა რომ მოხვდეს - პორტი ისე მყარად გაჩერდება, რომ მას ევროპა-ამერიკის ღრმა შეშფოთებაც ვერ უშველის. ერთად-ერთი ვისაც პუტინი ასეთ თავხედობას ვერ გაუბედავს - სწორედ ჩინეთია.
ამიტომ, ქოცების მიმართ მწვავე ანტიპათიის მიუხედავად, სწორედ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები არის საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოების შანსი. სამწუხაროდ, მხოლოდ შანსი და არა გარანტი.
რა იქნება ხვალ - თუ ჩინური ტვირთები უწყვეტი ნაკადით წავა ევროპისკენ საქართველოს გავლით, და ამ დროს რუსეთმა ქვეყნის დაპყრობა დააპირა? გამოიყენებს ჩინეთი თავის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რათა შეაჩეროს კრემლი? ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცის. ალბათობაა 50/50ზე.
თუმცა, დასავლელი პარტნიორების გადამკიდე კი, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ - ევროპა-ამერიკის მხრიდან არანაირი დახმარება არ იქნება. გარანტირებულად. 100%-ით. ამიტომაც ჩინეთი ჩვენთვის არის არა საფრთხე, არამედ პოტენციური უსაფრთხოება.
იფიქრეთ ამაზე, ოპოზიციონერებო, სანამ იტყვით „ჩინეთის საფარ ქვეშ აქ რუსეთი შემოდის“.
ავტორი: თენგიზ აბლოთია