ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს
პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მიიწვიეს
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”
სტუდენტების პროტესტი გრძელდება
USA at OSCE: Like Stalin, Putin attacking Ukraine's agriculture
To change war dynamics, powerful deterrents needed - Ukraine at OSCE
Russia launched medium-range ballistic missile, U.S. helped Ukraine prepare - White House
Zelensky reacts to Putin's statement: This is escalation in scale of war and cynical violation of UN Charter

რა არის იმაში უცნაური, რომ დამფინანსებელმა გააკონტროლოს ფინანსური სახსრების ხარჯვა?! - ლაშა ჩხარტიშვილი

08.02.2024 ნახვები: 1993

"ყველას აქვს უფლება (აუცილებელიც კია) იყოს კრიტიკული პიროვნებების, ინსტიტუციების, მოვლენების მიმართ, თუმცა კრიტიკული მოსაზრება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ რეალობას და მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. მარიამ ნატროშვილს საკუთარი ნააზრევიც რომ გაეკონტროლებინა, არ აღმოჩნდებოდა უხერხულ სიტუაციაში, რომელიც აშკარად თხზავს სულ სხვა რეალობას", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი წერს. 
 
 
 
"Mariam Natroshvili ის სტატიას „კულტურა და კონტროლი“ (გამოქვეყნდა ჟურნალში „ინდიგო“, 02.08.2023.) მას შემდეგ გავეცანი, რაც კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული გახდა. სტატიის ავტორი 2021 წელს კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულია, რომელმაც დაფინანსების სახით 294 382 ლარი მიიღო ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 59-ე საერთაშორისო ბიენალესთვის. ასევე, 2023 წლის მარტში მარიამ ნატროშვილის პროექტის გამოფენას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. „მე ვწუხვარ ბაღზე“ ქართველმა დამთვალიერებლმაც იხილა, რაც კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსდა 40 000 ლარით. მარიამ ნატროშვილის კონსტრუქციული და წარმატებული თანამშრომლობა კულტურის სამინისტროსთან ამ პროექტებით არ ამოწურულა...
სტატიის წაკითხვისთანავე დამრჩა განცდა, რომ ავტორი ცალსახად სუბიექტური და ტენდენციურია, მისი მოსაზრებები არ ემყარება ფაქტებს, გამიზნულად არ აღიარებს მიღწევებს კულტურის დარგში, ნიველირების გზით ცდილობს დახატოს უპერსპექტივობის სურათი, ხედავს მხოლოდ ნეგატივს და უბრალოდ, არ ასახავს ობიექტურ რეალობას.
მივყვეთ თანმიმდევრობით:
კულტურის მინისტრის თხოვნის, რომ სწორად იქნას გაგებული მისი განცხადება - „რასაც დებს სახელმწიფო, გაკონტროლებული იქნება“, ავტორმა ისე გაიგო, როგორც მას სურდა, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს - კონტროლი ეხება სამინისტროზე დაქვემდებარებულ ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმებს... „ერთად უნდა ჩავხედოთ, და სახსრები უნდა მიდიოდეს იქ და იმ პროექტებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ზოგადი ხედვისთვის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო“ - აღნიშნა მინისტრმა ინტერვიუში.
სტატიის ავტორის დასმულ კითხვებს - „რა ხედვას გულისხმობდა მინისტრი? ვინ განსაზღვრა ან ვინ განსაზღვრავს ხედვას? ვინ განსაზღვრავს დაფინანსების კრიტერიუმებს, პროექტების საჭიროებებს?“ შევეცდები მოკლედ ვუპასუხო:
რა არის იმაში უცნაური, რომ დამფინანსებელმა გააკონტროლოს ფინანსური სახსრების ხარჯვა (ეს აუცილებელიც კი არის) და გამოყოს კულტურის სფეროში პრიორიტეტები პროექტების/იდეების დასაფინანსებლად?! დიახ, პრიორიტეტებს განსაზღვრავს სამინისტრო (ყოველთვის ასე იყო) სფეროს საჭიროებებიდან გამომდინარე, მით უფრო, პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა კონკურსის წესით ფინანსდება. გადაწყვეტილებას სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იღებს, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ დღევანდელი კულტურის სამინისტროს და მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციების მესვეურები არაკომპეტენტურები არიან, რომ კულტურას არ სჭირდება მართვა და მონიტორინგი... კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან მათ რაც ძალიან კარგად იციან ეს არის მართვა. მართვა და კონტროლი ნიშნავს ერთი მხრივ, კანონის ჩარჩოებში მოქმედებას, მეორე მხრივ, კი პასუხისმგებლობის გრძნობას სახელმწიფოს და იგივე ხელოვანების წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელოვანების დიდი ნაწილი არ იცნობს კულტურის სფეროში არსებულ კანონებს, ან თუ იცნობს მას თავისებური ინტერპრეტაციით კითხულობს და ამავდროულად, სახელმწიფო სახელოვნებო ორგანიზაციებში მოღვაწე ჩვენი ხელოვანები ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე, ვერ აცნობიერებენ დაკისრებულ მოვალეობებს და არ აქვთ განცდა, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან პირველ რიგში საზოგადოებასთან და შემდეგ სახელმწიფოსთან.
სტატიის ავტორს ვერც იმაში დავეთანხმები, რომ „სახელოვნებო ინსტიტუციები დაცლილია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებისგან, დღევანდელობისთვის აუცილებელი ნაწარმოებებისგან. საქართველოში საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ აქვს კულტურაზე წვდომა“.
ჩანს, რომ ავტორი არ იცნობს სახელმწიფო და კერძო თეატრების რეპერტუარს, ან არ უნდა იცოდეს, რომ ქართული თეატრის რეპერტუარი სავსეა (მომაბეზრებლადაც კი) პოლიტიკურად და სოციალურად მწვავე აქტუალური თემებით. დიახ, თანამედროვე ქართული თეატრი პოლიტიკურიცაა და თავისუფალიც, რადგან წარმოუდგენელია ხელოვნების ნაწარმოები დაცლილი იყოს პოლიტიკისგან, ის უბრალოდ არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ცალსახა და ტენდენციური. საბედნიეროდ, ჩვენს თეატრებში ერთდროულად მოღვაწეობენ და სცენაზე დგანან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა თუ მისწრაფებების ხელოვანები.
უბრალოდ, უხერხულია იმის თქმა, მოსაზრების დონეზეც კი „თეატრების და ოპერის კარი დაკეტილია ახალი თაობის რეჟისორებისთვის“. ყველა ქართული თეატრის რეპერტუარში უმეტესი წილი დადგმული სპექტაკლებისა სწორედ ახალგაზრდებზე (რეჟისორებზე, მსახიობებზე, სცენოგრაფებზე, ქორეოგრაფებზე) მოდის. უფრო მეტიც, ახალგაზრდების მხარდასაჭერად კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს არაერთ კონკურსს, მათ შორის, სტუდენტი რეჟისორებისთვისაც. კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაარსებულ ორ ახალ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს (სტუდენტური და სიღნაღის) სწორედ ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ.
როგორ შეიძლება დაეთანხმო ავტორს იმაში, რომ „საერთაშორისო სცენაზე საქართველო იშვიათად ჩანს და თუ ჩანს, ხშირად ინდივიდუალური და არა სახელმწიფო ძალისხმევის შედეგად.“ მაშინ რა იყო ევროპალია, რომელიც მთელ წლის განმავლობაში მოიცავდა ათობით გამოფენას, კონცერტს, ფილმების ჩვენებსა თუ სპექტაკლების წარმოდგენებს? ავტორმა არ იცის, რომ მარტო 2023 წელს 15 ქართულმა (სახელმწიფო და კერძო) თეატრმა 4 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 33 საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, გამართა 131 წარმოდგენა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. ეს მხოლოდ თეატრის სფეროს ციფრებია.
სტატიის ავტორი წერს: „სახვითი ხელოვნება არასდროს იყო განებივრებული დაფინანსებით...“ და არ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მრავალი ათეული წლის შემდეგ, სწორედ კულტურის მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ მუზეუმებისთვის შეიძინა თანამედროვე ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების ასობით ნამუშევარი, რითაც შეავსო ეროვნული გალერეა თანამედროვე არტისტების ნიმუშებით და ამაში შესაბამისი ანაზღაურებაც გადაიხადა. ამიტომაც მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტატიის ავტორი ტენდენციური, სუბიექტური, ზედაპირულია.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე პირველი, რაც გააკეთა ხელოვნების სფეროს ყველა მიმართულების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა პრობლემებისა და პრიორიტეტების გამოსაკვეთად. დაფინანსების პოლიტიკაც სწორედ საჭიროებებზე აეწყო, აი, ამიტომაც გახდა უეცრად ანიმაცია და დოკუმენტური კინო სამინისტროს პრიორიტეტი (დარგის გადასარჩენად), სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტებით აღჭურვა, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გამართვა, ანსამბლებისთვის ინსტრუმენტების და კოსტიუმების შეძენა, კინოსა და თეატრის კრიტიკის ხელშეწყობა...
ავტორი იმასაც წერს, რომ სამინისტრომ დაასუსტა და კონტროლი დაამყარა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კულტურის სამინისტროს არასდროს დაუფინანსებია, მისი განვითარების მიზნით, იმდენი კერძო სახელოვნებო ინსტიტუცია, როგორც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მათზე კონტროლს, ეს სრული აბსურდია, ვინაიდან ამ თანამშრომლობით ასეთი კერძო ინსტიტუციები უფრო მოძლიერდნენ, მეტიც, კერძო და მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუციები გადაიქცა პროტესტის გამოხატვის სივრცეებად (გავიხსენოთ ეროვნული გალერეა, ახალი თეატრი, თეატრი ათონელზე, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები...)
სრული უსამართლობაა მოქმედი კულტურის მინისტრის დადანაშაულება გელათის დღევანდელ მდგომარეობაში. პრობლემა დიდი ხნის წინ დაიწყო და მის მოგვარებას სწორედ თეა წულუკიანი შეეცადა, მაგრამ თავად რესტავრატორები, ექსპერტები და ხელოვნებათმცოდნეები ვერ ჩამოყალიბდნენ სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის სწორ მეთოდოლოგიასა და გზებზე.
მარიამ ნატროშვილი იმასაც წერს, რომ დღეს კულტურაზე ხელმისაწვდომობა ახალი მინისტრის ხელში იქცა პრობლემად. ავტორს არ სურს იცოდეს, რომ სწორედ ახალი მინისტრის იდეა იყო „კულტურის ხელმისაწვდომობის პროგრამის“ შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნების ჩატანას სოფლებსა და დაბებში, იქ, სადაც ბავშვი, მოზარდი თუ ზრდასრული არასდროს ყოფილა კონცერტზე, გამოფენაზე, თეატრსა თუ კინოში. სწორედ ამ პროგრამის წყალობით ათასობით მოქალაქეს მიეცა საშუალება ცოცხლად შეხებოდა თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, ისე როგორც რეგიონის თეატრების ნაღვაწის ნახვა გახდა შესაძლებელი დედაქალაქის მაყურებლისთვის, რაც დამოუკიდებლობის პერიოდიდან დღემდე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
ერთადერთი რაშიც სტატიის ავტორს ვეთანხმები ესაა: „დღეს კულტურის სფეროს ყველა დარგს აქვს უთვალავი პრობლემა; რეფორმების აუცილებლობა ნათელია, მაგრამ რეფორმების განხორციელება - შეუძლებელი; რეფორმების გატარებას სჭირდება წლები, თანამშრომლობა, ძალისხმევა, ჰუმანურობა და საქმის არამარტო ცოდნა, სიყვარულიც.“ ამიტომაც მიჩნდება აზრი, თუ რატომ არის შეუძლებელი რეფორმების განხორციელება, იმიტომ, რომ რაც ხელოვანთა ერთ ნაწილს სურს, ის მიუღებელია მეორესთვის, კონსენსუსის მიღწევა კი ძნელია, რადგან თითოეული ხელოვანი თავისი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს რეფორმის გატარებას. რეფორმები რომ არ ხორციელდება, სწორედ იმითაც არის გამოწვეული, რომ ხელოვანთა გარკვეული ჯგუფები არ თანამშრომლობენ სამინისტროსთან და მხოლოდ ზედაპირული, პოპულისტური კრიტიკით არიან დაკავებულები. ასეთ ხელოვანებს ხელოვნება რომ უყვარდეთ და არა საკუთარი თავი ხელოვნებაში, წარადგენდნენ საკუთარ ხედვას და კონკრეტულ მოსაზრებებს, დადგებოდნენ იმ ადამიანების გვერდით, ვისთანაც დგომა არ სიამოვნებთ, მაგრამ ვისაც არ უყვარს დარგი, ის ამას ვერ გააკეთებს.
დაბოლოს, არ მესმის რა იყო მარიამ ნატროშვილის სტატიის მიზანი, ადგილობრივი ბაზრისთვის გასაგებია რაც, მაგრამ რისი თქმა სურს ავტორს ან ავტორთა ჯგუფებს, რომლებიც ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებამდე, ევროპაში გამუდმებით აგზავნიდნენ მესიჯებს, რომ ქართული კულტურა საფრთხეშია, რომ ქართული კულტურა იღუპება, რომ ქართველი ხელოვანები შველას ითხოვენ, რისი თქმა სურთ ამით ქართულ კულტურაზე „შეყვარებულ“ და „მის მომავალზე დანაღვლიანებულ არტისტებს?!“ ალტერნატიული დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება და საერთაშორისო გრანტები ხომ არა? სამშობლოს იმიჯის შელახვის და შეურაცხყოფის ხარჯზე?
ყველას აქვს უფლება (აუცილებელიც კია) იყოს კრიტიკული პიროვნებების, ინსტიტუციების, მოვლენების მიმართ, თუმცა კრიტიკული მოსაზრება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ რეალობას და მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. მარიამ ნატროშვილს საკუთარი ნააზრევიც რომ გაეკონტროლებინა, არ აღმოჩნდებოდა უხერხულ სიტუაციაში, რომელიც აშკარად თხზავს სულ სხვა რეალობას
 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა