სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

არჩევნები 2020: ბრძოლა „ძველსა" და „ყოფილს" შორის

07.09.2020 ნახვები: 715

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

31 ოქტომბრის არჩევნები „მრისხანედ გვიახლოვდება". პოლიტიკური და საზოგადოებრივი ატმოსფერო თანდათან იძაბება და მნიშვნელოვან მოვლენათა მოლოდინით იჟღინთება.
1990 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, დაძაბულობა თითქმის ყველა საპარლამენტო არჩევნებს ახლდა თან. მაგრამ „2020" მაინც გამორჩეულია, რადგან პირველად ქვეყნის ისტორიაში, მმართველი პარტია არა მხოლოდ იბრძოლებს „მესამე ვადისათვის", არამედ აქვს შანსი, შეინარჩუნოს კიდეც ძალაუფლება მესამე კადენციით.
ეს ერთი და იგივე არ არის: 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირიც" იბრძოდა კენჭისყრაში გამარჯვებისათვის, მაგრამ არავითარი რესურსი აღარ გააჩნდა, რათა რევოლუციურ პროცესებს აღდგომოდა წინ იმის მიუხედავად, რა ციფრებს „დაწერდა" ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება", მესამე ვადის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში, ბევრად ძლიერია, ვიდრე შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი" 2003 წელს.
გარდა ამისა, მომავალ არჩევნებს სიმძაფრეს მატებს კონსტიტუციური რეფორმა და ქვეყნის ტრანსფორმირება საპარლამენტო რესპუბლიკად. ანუ, სწორედ 31 ოქტომბერს გადაწყდება „ძალაუფლების საკითხი" მაშინ, როდესაც რეფორმამდელ ისტორიულ პერიოდში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა არ იყო საკმარისი ძალაუფლების დასაუფლებლად: აუცილებელი იყო ასევე საპრეზიდენტო ხელისუფლებაც.
გარდა ამისა, წელს პირველად, 150 მანდატიდან - 120 ნაწილდება პროპორციული სისტემით, თანაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერით, რაც იმას ნიშნავს, რომ 15-17 ათასი ხმა იქნება საკმარისი პარტიის მიერ თუნდაც 1 მანდატის მოსაპოვებლად.
საქართველოს საპარლამენტო ტრადიცია კი იმით განსხვავდება კლასიკური პარლამენტარიზმისაგან, რომ გერმანიის, ესპანეთის, ავსტრიის ან სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, „ძალაუფლების გაყოფაში" მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკოსს ფრაქციის ოდენობაზე მეტად (ყოველ შემთხვევაში არანაკლებ) რეალური გავლენა, მედიაზე წვდომა, ისტებლიშმენტში, მათ შორის ბიზნესში არსებული კავშირები და, რასაკვირველია, ფინანსები სჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიხეილ სააკაშვილმაც და ბიძინა ივანიშვილმაც ყველაფერი იღონეს, რათა არჩევნები „ორ ძირითად მოწინააღმდეგეს შორის კლინჩად" წარმოედგინათ. ეს ორივეს აძლევდა ხელს, რაკი მიშაც და ბიძინაც ცდილობენ პირველ რიგში იმ „ბირთვ" ამომრჩეველზე იმუშავონ, რომელსაც აზრი მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და ამ აზრს აღარ შეიცვლის.
ეს ამ საარჩევნო კამპანიის ყველაზე ნიშანდობლივი მომენტია: ყოფილი პრეზიდენტის აქტიურობა და ბობოქარი ენერგია, ნიჭიერი პოპულიზმი და აგრესია უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის პატერნალისტურ აღქმას მისი მომხრეების მხრიდან, როდესაც „ბრძენი მზრუნველი" არ სჩანს, თუმცა „არსადაა, მაგრამ ყველგანაა".
საინტერესოა, რომ ჯერ ჯერობით „გადაუწყვეტელ" ამომრჩეველზე არც ერთი არ მუშაობს. სხვაგვარად ვერ აიხსნება, მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი „მარად მაჟორიტარებთან", როგორიცაა იგივე ჩოჩელი ან ოქრიაშვილი, რაც „მომხრეებს" აზრს მაინც ვერ შეაცვლევინებს, რაოდენ არაპოპულარულიც არ უნდა იყოს ასეთი კავშირი. სამაგიეროდ, ფინანსური „ლოკალური" თვალსაზრისითაა მომგებიანი; და, მეორეს მხრივ, „ოცნების" აქცენტი მაღალი ნეგატიური რეიტინგის, ოღონდ ადმინისტრაციული რესურსის მქონე ფიგურებზე.
როგორც ჩანს, მთავარ მოწინააღმდეგეებს ის აერთიანებს, რომ არ სჯერათ ე.წ. „მერყევი" ანუ „გადაუწყვეტელი" ამომრჩევლის არსებობისა. ორივეს მიაჩნია (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ სინამდვილეში ამ კატეგორიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებთ, მას არ ამხელს, რაკი ანონიმურობას ამჯობინებს.
რამდენად ზუსტია ასეთი შეფასება, სოციოლოგებს ერთიანი აზრი არა აქვთ. თუმცა იმაზე კი თანხმდებიან, რომ ნამდვილად „გადაუწყვეტელი" ამომრჩეველი დღეს უკვე შეეცდება ეძებოს „მესამე" ძალა. მით უმეტეს, რომ 1%-იანი ბარიერის პირობებში აღარ იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვანი სინდრომი, რაც ყველა წინა არჩევნებისას დიდ ზეგავლენას ახდენდა შედეგზე: „ეს მაინც ვერ გავა ჩემი მხარდაჭერის მიუხედავად, ამიტომ სჯობს ისევ „გამსვლელს" მივცე ხმა".
ამ სინდრომს, გასული 30 წლის განმავლობაში, ბევრი არჩევნების ბედი გადაუწყვეტია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მომავალი არჩევნები „მენტალობათა ცდა" იქნება: ორი ძირითადი მოწინააღმდეგიდან ერთი აღიქმება „უკვე მოძველებულად", რაკი „ქართული ოცნების" გახელისუფლებიდან რვა წელი (საქართველოსათვის საკმაოდ დიდი ვადა) გავიდა, ხოლო მისი მოწინააღმდეგე „ყოფილად", რომელიც „უკვე იყო" (!) ხელისუფლებაში.
განურჩევლად იმისა, როგორ „აიწონება" ორივეს წარმატებანი თუ წარუმატებლობები, რაციონალურ გათვლებზე მეტად, აქ სწორედ აღქმა და „ემოციური ბმა" შეასრულებს გადამწყვეტ როლს: პირველ რიგში ის, თუ რას იხსენებს „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის" ნაწილი, რომელსაც (ვიმეორებ) სინამდვილეში გადაწყვეტილება მიღებული შეიძლება ჰქონდეს? „ძველი ხელისუფლების" მიღწევა-წარუმატებლობებს თუ „მიჩვევას" და სიახლის შიშს? მით უმეტეს, როდესაც ეს „სიახლე", როგორც არ უნდა „შეიფუთოს", იმავე აღქმის თვალსაზრისით „ყოფილია", რომელიც....... „უკვე იყო". შესაბამისად, მისი ნეგატივი უფრო გაახსენდება ვიდრე პოზიტივი.
ასეთი აღქმა იმის შედეგია, რომ ორივე „დიდი აქტორი" ცდილობს ითამაშოს მოწინააღმდეგის ნეგატიურ აღქმაზე და არა საკუთარი პოზიტიური პროგრამის სასარგებლოდ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაააქტიუროს და საარჩევნო ყუთთან აუცილებლად მიიყვანოს ის, ვისაც ლამის ფანატიკურად სძულს ერთი მათგანი ბევრად მეტად, ვიდრე ემხრობა მეორეს. ანუ, უპირატესად, „საძულველის ჯინაზე" აძლევს ხმას.
აქედან გამომდინარე, სექტემბერ-ოქტომბერში საარჩევნო ასპარეზის ნამდვილ „სამხეცედ" ქცევა აბსოლუტურად გარდაუვალია; რასაც, ყველაფერთან, ერთად ის საშვილიშვილო ინტერესიც შეეწირება, რომ ქვეყანას ოდესმე მაინც ეღირსოს დაბალანსებული, მიუკერძოებელი და არაკორუმპირებული მედია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა