მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

იმპერიის გაფართხალება, ანუ რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

05.11.2023 | 11:29 ნახვები: 1322

2003 წლის 9 დეკემბერია.

შევარდნაძე სახლშია წასული, თბილისში ვარდების რევოლუციამ უკვე გაიმარჯვა,  იწყება ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება. ამ დროს, აჭარაში, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობაა, რომელსაც თბილისის ახალ ხელსიუფლებასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა - ბევრს მაშინ ეშინოდა, რომ აჭარაში აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსი მოვლენები განვითარდებოდა.

ორი კვირით ადრე, ასლან აბაშიძე მოსკოვში ჩადის, რის შემდეგაც რუსეთმა დიპლომატიური ფოკუსი ჩაატარა და არა მთლიანად საქართველოსთან, არამედ საქართველოს ერთ რეგიონთან - აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო.

დღევანდელი, რეტროსპექტული, გადმოსახედიდან საკმაოდ აშკარაა, რა პოლიტიკას თამაშობდა რუსეთი - ეს იყო მისი საყვარელი დაშალე და იბატონე, აბაშიძისთვის გადმოგდებული უკანასკნელი მაშველი რგოლი, რომელსაც აჭარაში მისი პოპულარობა უნდა გაეზარდა და საბოლოო ჯამში, მორიგი პრორუსული სეპარატისტული ანკლავი შეექმნა.

2004 წლის მაისიც გათენდა -  ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ჩოლოქის ხიდი, რუსული გეგმის კულმინაცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ... აჭარლების გმირობამ, თავგანწირვამ და სულისკვეთებამ გაიმარჯვა - აბაშიძემ რამდენიმე დღეში სრულიად დაკარგა ხელისუფლება და მას აჭარიდან გაქცევა მოუწია, რუსულმა გადაგდებულმა სატყუარამ ვერ იმუშავა.

რატომ გავიხსენე ეს მოვლენები?

მარტივი მისახვედრია: ზუსტად ასეთივე სატყუარა გადმოაგდო რუსეთმა დღეს, როდესაც ფრენების დაშვებისა და ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოს დღევანდელი და ასლან აბაშიძის იმდროინდელი განცხადებები ერთმანეთს თითქმის ერთი-ერთში ემსგავსება.

რა თქმა უნდა, ყველასთვის - მათ შორის ხელისუფლების წარმოამდგენლებისთვის - აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირი და აშკარა პროვოკაციაა უკრაინაში ომის წაგების, საერთაშორისო იზოლაციისა და პოზიტიური დღისწესრიგის სრული დაკარგვის პირობებში; მით უფრო სამწუხარო და სევდიანია, რომ ადამიანთა ჯგუფი უკვე მეორედ ცდილობს საქართველოს დასავლური არჩევანის საბოტირებას - ჯერ რუსული კანონის მეშვეობით, ახლა კი - ფრენების აღდგენის თაობაზე აღტკინებით.

საქართველოსთან მიმართებით რუსეთს რჩებოდა 2 მთავარი „კოზირი“ - პირველი ეს იყო ფრენების აღდგენავიზების გაუქმებით, ხოლო მეორე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსით სპეკულირება.

თითქოს, ჭკუა უნდა გვესწავლა - 2006 წელს ათასობით საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია „სკოტოვოზებით“ ჯერ-ჯერობით უახლესი ისტორიაა, მაგრამ ეს მოვლენებიც კი ბევრს აღარ ახსოვს. საბოლოო ჯამში, სიუჟეტის ფაუსტისეულ შემობრუნებაში, ამ დეპორტაციამ რუსეთისთვის უარყოფითი როლი ითამაშა, რადგანაც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირა; იგივე მოუვიდა ქართულ ღვინოს, რომლის ხარისხი რუსეთში გატანის აკრძალვის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

როდესაც რუსეთი მიხვდა, რომ უკრაინაში ომს აგებს და საქართველოშიც ვერა და ვერ მოიკიდა მისმა რბილმა ძალამ ფეხი (ოცნების აქტიური მცდელობების მიუხედავად) დარჩენილი „კოზირებიდან“ გამოიყენა პირველი - ფრენები და ვიზების გაუქმება.

ამანაც თუ არ იმუშავა, უკანასკნელ კოზირს გამოიყენებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხს.

ცხადია, ეს ყველაფერი ხაფანგია; ფრენები და ვიზები როგორც დაუშვეს, ასევე აკრძალავენ ნებისმიერ წამს, როდესაც ამის საჭიროებას დაინახავენ.

სინამდვილე საკმაოდ მარტივია: რუსეთი საქართველოს უყურებს როგორც დასაპყრობ ტერიტორიას, შესაბამსიად მისი ყველა ქმედება მიზნად ისახავს რუსული გავლენების გაზრდას და საქართველოს მოწყვეტას დასავლეთისგან, რომელიც რეალურად არის ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტი. ცხადია, ცხინვალსაც და აფხაზეთსაც - რა თქმა უნდა - არ დაგვიბრუნებს, მაგრამ თუ ფრენების დაშვებამ არ იმუშავა (რისი ნიშნებიც უკვე ჩანს), ოცნებისთვის ეს უკანასკნელი მაშველი რგოლი დარჩება, რომელიც ისეთივე ტყუილი და სატყუარაა, როგორც რუსეთისგან წამოსული ყველა მსგავსი ინიციატივა.

საკმარისია სოჭში, 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება გავიხსენოთ, რომელსაც ბაბუაჩემის, სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის, ჟიული შარტავას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ შეთანხმების შედეგად, რუსეთის შუამავლობით უნდა შეწყვეტილიყო ყველანაირი საომარი და სამხედრო მოქმედება რეგიონში.

შეთანხმების პირობების თანახმად,  ქართულმა მხარემ საომარი ზონიდან გაიყვანა ყველა ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა. იგივე უნდა გაეკეთებინა რუსეთის მიერ წაქეზებულ აფხაზურ შენაერთებსაც - თუმცა რუსეთმა კვლავ დაარღვია შეთანხმება და დაუცველად დარჩენილი სოხუმი დაქირავებული ჯარისკაცებისა და აფხაზი სეპარატისტების წყალობით აიღო. ამას მოყვა ოჩამჩირესა და გალის დაცემაც.

თუმცა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტიც. შეიძლება ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი - ის, რომ რუსეთს დღეს მოუწია ამ კოზირის გამოყენება მის სასოწარკვეთილებაზე მიუთითებს.

როგორც ასლან აბაშიძისთვის ამ სატყუარის მნიშვნელობა იყო გადაჭარბებულად შეფასებული და საბოლოო ჯამში, მისი კრახის მიზეზი გახდა, იგივე მოხდება დღესაც - ეს პარალელი მკვეთრი და აშკარაა და ძალიან სიმბოლურია, რომ მაისში დაიწყო.

თუ ამ ყველაფერს გადავიტანთ - და მე მჯერა, რომ გადავიტანთ, რადგანაც სხვა საგარეო ფაქტორებიც, უპირველესად - უკრაინის მოახლოებული კონტრშეტევა - რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს, მაშინ რუსეთი დაკარგავს საქართველოზე უკანასკნელ ბერკეტს და ჩვენ დავბრუნდებით საკუთარ ევროპულ ოჯახში.

აი, „ქართული ოცნება“ კი ამ ყველაფერს როგორ გადაიტანს, გაიზიარებს თუ არა ასლან აბაშიძის ბედს და როგორ ჩაეწერება ისტორიაში, ეს კიდევ ცალკე საკითხია...

ავტორი: გიორგი მელაშვილი, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დირექტორი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა