რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

როსტომ ჩხეიძე: „რატომ აგვიფეთქეთ სულიერი საყდრისი და რატომ მოგვიწყეთ სისხლიანი კალო 20 ივნისის საბედისწერო ღამეს?"

11.06.2020 | 17:14 ნახვები: 1171

არიან ადამიანები, რომელთა აზრს პირადად ჩემთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთები ბევრნი არ არიან, მაგრამ მწერალი როსტომ ჩხეიძე სწორედ მათ რიცხვშია, რომელთაც ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ. ისე, ბატონ როსტომს ყურს მხოლოდ მე კი არა, არამედ, მთელი ქვეყნის ინტელექტუალური საზოგადოება უგდებს. ჰოდა, ალბათ, ყველას აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა პოლიტიაკში წასვლა და საპარლამენტო არჩევნებში „ენმ"-„ძალა ერთობაშიას" საარჩევნო სიით მონაწილეობა? - ამ კითხვებზე პასუხს წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც არჩევნებამდე გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა და რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ. 

ერთი სიტყვით, ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ მწერალ როსტომ ჩხეიძის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ინტერვიუს, საიდანაც ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად, იმასაც შეიტყობთ, თუ რატომ ავლებს პარალელს ირაკლი ღარიბაშვილსა და ლავრენტი ბერიას შორის.

- ბატონო როსტომ, სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პარტიულ სიაში გიხილავდით. პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- ყოფითი რეალობა თვითონვე გკარნახობს, თვითონვე გიბიძგებს და გიყოლიებს, თუ როგორ მოიქცე.
არაერთხელ მითქვამს, მწერლობაზე დიდი პოლიტიკა რომ არ არსებობს, მაგრამ მწერლობის, ლიტერატურის ზეგავლენა ცხოვრებისეულ პროცესებზე ფარულია, იდუმალი, დროში გახანგრძლივებული, საბოლოოდ დიდი სიკეთის მომტანი, სულიერებას რომ უნარჩუნებს კაცობრიობას, ამაღლებულ, რომანტიკულ განწყობილებებსა და სწრაფვას, მაგრამ არის ცხოვრებისეული პრობლემები, სასწრაფო გადაწყვეტას რომ მოითხოვს.
არადა სასწრაფოს ვინ ჩივის, ძალიან და ძალიან გაგვიჭიანურდა მათი მოგვარება. ამ სატკივარ-საწუხარზე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი მოსაზრებანი და მოწესრიგების გზებიც დამისახავს, მაგრამ ვერა და ვერ მიაღწია მათ ყურამდე, რომელთაც უნდა მიეხედათ.
ახლა კი, თუ ყველაფერი ბუნებრივად და ლოგიკურად წარიმართა და ავცილდებით გაუგებრობებს, ანუ ხელისუფლება შეეგუება გარდუვალ მარცხს არჩევნებში და აღარ შეეცდება ქართველი ხალხის მოთხოვნებისა და დასავლური საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლას, რაც მათვე გაურთულებს მდგომარეობას... დიახ, თუ ყველაფერი შესაფერისად წარიმართება და არჩევნები უკეთეს პირობებს შექმნის ახალი პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობისათვის, ეს პრობლემები უკვე ჩემი და ჩემს თანამოაზრეთა მისახედი იქნება და ის, რაც ფურცლებზე აღიბეჭდებოდა პუბლიცისტურ სტატიად, ლიტერატურულ-ესთეტიკურ ესეიდ თუ დოკუმენტურ პროზად, ამიერიდან კანონებად ჩამოყალიბდება და ყოფით ცხოვრებაშიც გადმოინაცვლებს.
ილია ჭავჭავაძემაც, რომელიც დიდხანს მხოლოდ გარედან უყურებდა პარტიების არსებობას და მიიჩნევდა, რომ რედაქტორობა და საადგილმამულო ბანკისა თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეობა სრულ საშუალებას აძლევდა მოღვაწეობისა და საზოგადოებრივი პროცესების წარმართვისათვის, აღმოაჩინა, რომ უპარტიოდ არაფერი გამოვიდოდა, ის ზეგავლენა ვეღარ ექნებოდა ქვეყნის ცხოვრებაზე, რაც მანამდე ჰქონდა, ვიდრე პარტიები დამკვიდრდებოდნენ საქართველოში და კიდეც მოინდომა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა იმ იაკობ გოგებაშვილთან ერთად, რომელსაც მანამდე ასევე, ვერ წარმოედგინა, თუ ოდესმე პარტიულ საქმიანობაში გაერეოდა.
სახელმწიფო სათათბიროში შესვლასაც ამიტომ მიიჩნევდა აუცილებლად ილია.
საერთოდ კი გაბრიელ გარსია მარკესისა არ იყოს: იქაც ჩვეულებისამებრ ვაპირებ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და არა - ჩემი ქვეყნის მთავრობას.


- მოდით, სამართლიანობისთის ამ კითხვასაც დაგისვამთ: თავის დროზე „ნაციონალების" ოპოზიციაში იყავით. ახლა კი იმ ბლოკის პროპორციულ სიაში ხართ, რომლის ხერხემალიც სწორედ ყოფილი მმართველი პარტიაა, ანუ ყველაფერი ის, რის გამოც ადრე აკრიტიკებდით, „ნაციონალებს" აპატიეთ?
- პატიება-არპატიება პირადულიც არსებობს და სახელმწიფოებრივი თვალთახედვითაც. შემიძლია ყველას მივუტევო პირადი წყენა და ტკივილი, თუკი ეს სახელმწიფოებრივადაა აუცილებელი. ამასთან, ერთია კრიტიკული, თუმცა მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ამათუიმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან და მეორე - მისი სრული მიუღებლობა, სრული შეუთავსებლობა.
პარტია, რომელიც ამჟამადაა მოქცეული საქართველოს სათავეში, იმდენად არასწორი გზით მიდის (ნებით თუ უნებურად, ეს კიდევ ცალკე თემაა!), ისეთ უმძიმეს დღეში ჩააგდო ქვეყანა და თანდათანობით ისე მიგვეზიდება რუსული მავთულხლართებისაკენ, ასე გაგრძელება სრულ დაღუპვამდე და განადგურებამდე მიგვიყვანს.
აუცილებელია ცვლილება, ჰაერივით, სასიცოცხლოდ აუცილებელი.
და ყველაზე ძლიერი გაერთიანება, რომელსაც შეუძლია არჩევნების გზით, მხოლოდ დ ამხოლოდ არჩევნების, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით, დაამარცხოს `ქართული ოცნება~, „ნაციონალური მოძრაობაა", დაამარცხოს და ხელი შეუწყოს კოალიციური მთავრობის შექმნას, რაც ასე აუცილებელია ამჟამინდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში და რითაც ერთპარტიული მმართველობა დასრულდება.
ამიტომაც თავისთავად ვიმყოფები „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებებში.

- ისე, როდის მიხვდით, რომ „ოცნება" ქვეყანას ანგრევს?
- შეტყობით თავიდანვე შეეტყო „ოცნების" მთავრობას, ყველაფერი რიგზე რომ ვერ მიდიოდა და ეს იყო არა უნიათობისა და გამოუცდელობის ბრალი, არამედ იმ ბოროტგანზრახულობისა, რამაც მთელი სისავსით იჩინა თავი საყდრისის აფეთქებაში, თავისებურ სიმბოლოდაც რომ დაადგა „ოცნებელთა" საქმიანობას, რაც არსებითად ყურმოჭრილი მონის ფუსფუსია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების აღსასრულებლად.
იმ დანაშაულს თავის დროზევე გამოვეხმაურე კრიტიკული სტატიით - „დროის იეროგლიფები", როდესაც პირდაპირი პარალელი გავავლე იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას სიტყვებს შორის.
როდესაც იგი აპირებდა აეფეთქებინა მეტეხის ტაძარი და მწერალთა და ხელოვანთა დელეგაცია ეახლა თხოვნით, ეს არ ჩაედინა, მან მიუგო: ეს ადგილი მჭირდება, მეტეხის მსგავს და კიდევ უკეთეს ტაძარს კი სხვა ადგილას აგიშენებთო!..
და ირაკლი ღარიბაშვილიც ამასვე შეპირდა საზოგადოებას: ამისთანა და კიდევ უკეთეს თხრილს სხვაგან გაგითხრით, ეს ადგილი კი ძალიან გვჭირდებაო.
მეტეხის ტაძარი მაშინ მაინც გადაურჩა აფეთქებას.
საყდრისი კი უღმერთოდ გაიწირა და ამაში ჩართული აღმოჩნდა კულტურის სამინისტრო, რომელმაც საყდრისს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსნა, ძეგლთა დაცვის სამმართველომ კი, რომელსაც ევალება უნიკალური ისტორიული საუნჯის შენახვა-მოფრთხილება, გააგრძელა ეს ესტაფეტა და... აფეთქების აქტი უშუალოდ ვინ შეასრულა, ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია.

- ბატონო როსტომ, გასაგებია, რომ ხალხს „ოცნება" არ მოსწონს და ხელისუფლების შეცვლა უნდა, მაგრამ ხედავს იმ ძალას, რომელმაც არსებული მმართველი გუნდი უნდა ჩაანაცვლოს?
- ხედავს, როგორ არა ხედავს. ხალხში ისედაც ყოველთვის მიწევდა ტრიალი, ქალაქად თუ სოფლად, მთელ საქართველოში ლიტერატურული და საზოგადოებრივი შეხვედრებისას და ახლა, როდესაც ვმონაწილეობ ნატო ჩხეიძის საარჩევნო კამპანიაში, ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების ერთი ნაწილის არეალს რომ მოიცავს, კიდევ უფრო გაცხოველდა ეს ურთიერთობა.
ადამიანები არამარტო მოელიან აუცილებელ ცვლილებებს, არამედ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავენ იმ მთავარ ძალას, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ოპოზიციის გარდუვალი გამარჯვება 31 ოქტომბერს, თავისებური მიჯნა და წყალგამყოფი რომ უნდა აღმოჩნდეს დღევანდელ უნუგეშო, უკან-უკან მიმავალ ყოფასთან. 


- ბიძინა ივანიშვილს რომ შეხვდეთ, რას ეტყვით და კითხავთ?
- შეკითხვა რიტორიკული იქნება: რატომ აგვიფეთქეთ სულიერი საყდრისი და რატომ მოგვიწყეთ სისხლიანი კალო 20 ივნისის იმ საბედისწერო ღამეს?
- სათქმელი მიხეილ სააკაშვილთან რა გაქვთ?
- რა და: კარგია, როდესაც ესა თუ ის პირი ინანიებს შეცდომებს, კარგია, როდესაც აღიარებს გადაცდომებს, კრიტიკულად გაჰყურებს თავის გამოვლილ ცხოვრებას და გადაფასებით არაერთ რაიმეს გადააფასებს. ეს თვითაღიარება იმედს გიჩენს როგორც ამ პირის, ისე საერთოდაც ადამიანის მიმართ.

- რატომ დაემსხვრა ხალხს ოცნებები?
- დაგემსხვრევა, აბა, რა იქნება, როდესაც ახალი პარტია მოდის ქვეყნის სათავეში უხვზე უხვი დაპირებებით, სრულ კეთილდღეობას, მიწიერ სამოთხეს რომ აღგითქვამს და... კეთილდღეობას ვიღა ჩივის, სრულ გაღატაკებამდე, სრულ კოლაფსამდე მიჰყავხარ. თანაც გაუთავებლად გიმტკიცებს, საუკეთესო ხელისუფლება ვართ, ბედნიერება მოგიტანეთ, თუ ჩვენი მოწინააღმდეგე ტელევიზიების კრიტიკას არ აჰყვებით...
ისე კი თუ საქართველოს დატოვებთ და უცხოეთში წახვალთ სამუშაოს საძიებლად, მატარებლის ბილეთები ჩვენზე იყოსო.
აბუჩადაც რომ გიგდებენ!..

- მწერალი ხომ გარემოების საყვირია და, დღეს ხალხის მთავარი სათქმელი, გნებავთ, მოთხოვნა რა არის?
- ხალხის მთავარი სათქმელი, ხალხის მთავარი მოთხოვნა ოცნების ხელისუფლებისაგან თავის დაღწევაა, რადგანაც ამ რეჟიმის პირობებში ყოვლად წარმოუდგენელია თუნდ ერთი, ერთადერთი სასიკეთო საქმის აღსრულება.

- ისე, ბატონო როსტომ, კომუნისტების დროს სამართლიანობისთვის ბრძოლა უფრო რთული იყო თუ ახლა უფრო რთულია?
- დიდი რამ განსხვავება არ არის ამ ორ პოლიტიკურ რეჟიმს შორის, შეიძლება ითქვას, რომ ტყუილების მასშტაბებით ერთმანეთის ალიკვალია ორივე - ყალბისმქნელობით, მოძალადეობით, კორუმპირებულობით, საღი აზრის დევნით, ცილისწამების ქარხნების ენერგიული მოქმედებით, ხალხის სამართლიანი მოთხოვნების იგნორირებითა თუ ცინიკური დამოკიდებულებით.
კომუნისტებსაც ეგრე ეგონათ, ჩვენს ძალაუფლებას ვერაფერი შეარყევსო, მაგრამ ნამსხვრევებად იქცა მათი თავდაჯერება თვით იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაში, მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ... და ჩვენი ხალხის დამსხვრეულ ოცნებებს მალე შეემატება „ოცნების" მთავრობის დამსხვრევაც, მთავრობისა, რომლის მასაზრდოებელი პარტიაც მალე ისევე უკვალოდ გაგვიქრება, როგორც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირი"...

- ბოლოს, ბატონო როსტომ, იქნებ, ერი დაბერდა და ყველაფერი ის, რაც ბოლო დროს გვჭირს, ამიტომ გვჭირს?
- მაგას ნუ იტყვით, რა სიბერე და რომელი სიბერე, მითოსური ფასკუნჯივით მარადგანახლებულობით რომ გამოვირჩევით, გალაკტიონისა არ იყოს, ქართველთა მოდგმის ხანგრძლივობას ასეც რომ შეჰხაროდა: შენი სიმაღლე - სიახლე ორბისო...

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა