ევრო 2024 | შოტლანდია - შვეიცარია 1:1
ევრო 2024 | გერმანიამ უნგრეთი 2:0 დაამარცხა
საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
ევრო 2024 | ხორვატიის ნაკრებმა ალბანეთთან ფრედ 2:2 ითამაშა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი გახდა
ელჩი - საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

მთავარეპისკოპოსი ზენონი: ადამიანი უმაღლესი ღირებულება - ადამიანისთვის საღმრთო ღირსების აყრა არ ძალუძს არანაირ ქმედებას, ცოდვას

09.04.2023 | 13:57 ნახვები: 2245

„სადაც სიყვარული არ არის,

ხატის ყველა თვისება შერყვნილია“

წმ. გრიგოლ ნოსელი

ეპოსითა და თეატრალური სანახაობით გატაცებული ელინები დრამა-ტრაგედიებში ეძიებდნენ იდენტობას, საკუთარი არსების „პიროვნებას“. განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდებოდა ეს რეალობა, როცა ტრაგიკული ან კომიკური ნიღბით მართავდნენ სანახაობას. ასეთი ფორმით გამოხატავდნენ ერთი შეხედვით რადიკალურად საპირისპირო ორ ემოციას. დრამატული ის გახლდათ, რომ ორივე ნიღაბს მხოლოდ ტრაგიზმი აკავშირებდა, რომელიც კომიკური ნიღბის მიღმა ფარულად არსებობდა. „თამაშის“ საშუალებით წარმოაჩენდნენ იმ რეალობას, რაშიც ცხოვრება უწევდათ და ამასთანავე, ცდილობდნენ თეატრალური სანახაობით პიროვნებისეული ახალი სინამდვილის შექმნას, გათამაშებას. თავად შემსრულებელი ნიღბით იფარებოდა და სხვისი „მე“ წარმოდგინდებოდა, სცენაზე სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა. ასე წარმოაჩენდა მათ შინაგან სამყაროს, მათ აღქმებს თუ დამოკიდებულებებს მათი „თავისუფლება“, მახასიათებლობა, რომელსაც არ მიუწვდებოდა ხელი, გაეაზრებინა პიროვნული მყოფობა. რომაელებისთვის როლის შემსრულებელი იყო „პერსონა“ და ელინთა მსგავსად, არ იგივდებოდა მათი აზროვნებისთვის პიროვნება ადამიანის მყოფობასთან. ორივე სამყაროსთვის პიროვნების ცნება ვერ უკავშირდებოდა  „აბსოლუტურად არსებულის თავისუფლებას“.

რომაელებს ისევ ელინები აღემატნენ ადამიანის არსების შემეცნების პრობლემატიკაში, როდესაც  უფროსი თაობის სოფისტებმა წარსულის პრიმატად აქციეს კოსმოლოგიური ერა ელინურ აზროვნებაში და ანთროპოლოგიურ ერას შემოუძღვნენ  ელინისტურ ფილოსოფიაში:                                                                

 „ადამიანი არის საზომი ყველა საგანთა:-

არსებულთა, რომ ისინი არიან;

და არარსებულთა, რომ ისინი არ არიან!

ხოლო, სოკრატეს წარწერა დელფოსის ტაძარზე „შეიცან თავი შენი“, ფენომენალური განაცხადია ფილოსოფიური ანთროპოლოგიის. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ცხოვრება რომაულ თეატრს დაემსგავსა, რომელმაც ელინთაგან შეითვისა სანახობა, თუმცა ვერ  შეძლო ელინურ დრამა-ტრაგედიის პრობლემატიკის გაზიარება, იმდენად გაიტაცა ადამიანთა ტანჯვის ცქერის სიამოვნებამ.

საქართველოს სახელმწიფოს სამიათეულ წელზე მეტი ხნის დრამატულ გამოცდილებაში, თუ რამემ ჰპოვა სრული უგულვებელყოფა -პიროვნების ცნებაა. ჩვენს წინაშეა ტრაგედიებით აღსავსე ელინურ-რომაული თეატრალური წარმოდგენის მაკრო მოდელი, სადაც წლებია გვიწევს ცხოვრება. ტრაგიკული გარემო, სადაც ადამიანის თავისუფლებას, პიროვნული ღირსების შეგნებას ადგილი და მითუმეტეს ასპარეზი არ აქვს.

ვცხოვრობთ სამყარო დაკარგულ სივრცეში ჩაკეტილნი,  სიძულვილის სნებოვანებისგან ღონე მიხდილნი „უცხო მხარეში მოხეტიალე“. ეთნორიტუალურ სახედ ქცეული ზიზღის, ურთიერთ განადგურების, საყოველთაო უპატივცემულობის, ძალადობის, ძალმომრეობის ზეიმში ჩაძირულნი. საკუთარ სულში არ გვსურს ვიმზიროთ, რადგან არაადამიანურობის ქაოსში ვართ გართული. ყველა ყველას წინააღმდეგ მომართული, ადამიანურობისგან განძარცული, სადაც არ სურთ ყოფიერების მოსმენა: რომ გონით სამყაროში არ არის  ადამიანის ორიენტირი ძალაუფლების იდეალი!

სხვათა დამცირების და ტანჯვის სანახაობა განა საკუთარი კეთილდღეობის  შემეცნებიდან მომდინარეა?! მითუმეტეს, როდესაც არავინ იცის, ვის რას უმზადებს ხვალინდელი დღე!  და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც, სახელმწიფო არსით უკავშირდება პიროვნების ცნებას. სწორედ ადამიანთა გადარჩენის, დაცულობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივა უდევს საფუძვლად სახელმწიფოს არსებობას. ამ მოტივაციით იქმნება ეთიკური პრინციპებით გამსჭვალული საზოგადოების გაერთიანება იმგვარ ფორმაში, რასაც სახელმწიფო ეწოდება.

ბოროტმოქმედების მწვერვალია “ ხალხზე ზრუნვის” ცინიზმით აკაზმულთა დაუსრულებელი სანახაობები, რომლებიც  მასის ცნობიერების ემოციურ, სენსიტიურ თუ აგრესიულ  მიმართულებას პირადი კეთილდღეობის, ძალაუფლების გასამტკიცებლად, მატერიალური კაპიტალის დასაგროვებლად იყენებენ. მათი პოლიტიკა დამამცირებელი სანახობით კვებავს ხალხს და განა ეს საკვებია? ეს ხომ მომაკვდინებელი შხამია, თითოეული ადამიანის მიუსაფარობის და ფეხქვეშ გათელილი იმედების მომასწავებელი! სამწუხაროდ, სანახაობის გამართვას ხელს უწყობს დაბალი კულტურის და ინტელექტის მქონე ადამიანთა კოლექტიური სიბეცე, რომლებიც ფიქრობენ, რომ თითქოს ეს არაადამიანური ქმედებები მათ არ ეხებათ, ისე როგორც  ეს გადმოსცა რომაელმა ფილოსოფოსმა ლუკრეციუს კარუსმა : “სიხარულს გვანიჭებს ნაპირზე მეზღვაურის გასაჭირს რომ ვხედავთ მშფოთვარე ზღვაში: ის კი არ გვგვრის სიამოვნებას, თუ როგორ იტანჯებიან სხვები, ჩვენ რომ ვართ თავისუფალი ამ უბედურებიდან ამისი ცოდნა გვახარებს” /პოემა. „საგანთა ბუნება“/.  დროა, უარი ეთქვას ხელშეუხებლობის ცრუ განცდას და საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე  გულისყური მიემართოს ერთმანეთისადმი თანაგრძნობას,  თანაგანცდას.

 უარი ეთქვას საზოგადოების „მოხერხებულ პირობებთან“ შეგუებას.

ათწლეულების განმავლობაში  ტოტალური სიძულვილის, ძალმომრეობის დანერგვამ და წახალისებამ გაამძაფრა ფსიქოლოგიური და ფიზიკური განადგურების საფრთხის შეგრძნება, რაც ხალხში პანიკური შიშის, აფექტების გამომწვევი ხდება. ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის პირდაპირი თუ ირიბი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი, რომელიც დაუოკებლად ინერგება და ხორციელდება საზოგადოებაში ინსტიტუციების, ორგანიზაციების, სხვადასხვა სფეროთა წარმომადგენლების მხრიდან.  ადგილი აქვს მოქალაქეთა მონაცვლეობით რეპრესიებს. საზოგადოება შიშის წნეხის ქვეშ იმყოფება, ასეთ გარემოებაში სოციალური და ემოციური ზეწოლის ფატალური შედეგები დგება. გარემო, სადაც არაჰუმანურობის, დაუცველობის,  ღვარძლის აღზევება ხდება, საბედისწერო ქაოსში მიემართება. არავის აქვს უფლება  “შიშით ცხოვრების” ბორკილებში განათავსოს პიროვნების გონება, თავისუფლება და ღირსება. ცხოვრება გარდაუქმნან საშინელებათა დრამად და მისი ყოფა დრამატული გახადოს. თავის დროზე წმ. მოწამე ბოეთიუს რომაელმა, რომელიც  პოლიტიკური მოღვაწე იყო, აღნიშნა: “თუ გსურს მზერა გაუსწორო ჭეშმარიტებას, განაძევე შიში, ღრუბლები ფარავს და ბორკილები ედება სულს იქ, სადაც ის ბატონობს”.

საყოველთაო ნეგატივისგან  თავის დაღწევას, თითქმის დაუძლეველ წინაღობად აუზვირთდა  ღირებულებისაგან დაცლილი შიში. მუდმივი საფრთხით, დაშინებით  ნასაზდროები შიში თრგუნავს ადამიანის გონებას, იწვევს ეგზისტენციალურ კრიზისს. ის, დღითიდღე საზრდოობს პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური მოტივაციებიდან, აღქმებიდან თუ გარემოებიდან, რაც საყოველთაო აპათიის, ინდიფერენტულობის, საზოგადოების საყოველთაო პარალიზების საფუძველი ხდება. შეიქმნა ასეთი მოცემულობა: სიძულვილს ამკვიდრებენ როგორც ბრძოლის მეთოდს, სიძულვილით ცოცხლობს ხალხის კატეგორიაც; ჰუმანური გარემოს ნაცვლად ვღებულობთ  ყოფიერების სიცარიელეში განდევნილ ადამიანს, პიროვნების გაუფასურებას, საყოველთაო ღირსების აყრას.

სოციალური ქცევა ინდივიდუალური და საზოგადოებრივი კულტურის  საზომია, მათი ეთიკური და ესთეტიური ფორმირების გამომხატველი. ამიტომ, სოციალურ კატაკლიზმად შეგვიძლია შევაფასოთ საზოგადო უწესრიგობის წამახალისებელი პროცესი, რომელიც მიმართულია საზოგადოების უპიროვნო მასად და უფრო რთულ ფორმაში „ბრბოდ“ გადაქცევისაკენ. აღნიშნულს, გულმოდგინედ პროვოცირებენ ან ხელს უწყობენ ისეთი ინსტიტუციები, რომელთა მოვალეობაა მოქალაქეთა  ფიზიკური და სულიერი უსაფრთხოების დაცვა. ეს საყოველთაო გამანადგურებელი სენი, დროის ხანგრძლივობაში  სახელმძღვანელო და მარჯვე მეთოდი გახდა, სხვადასხვა მოტივაციით შექმნილი არამხოლოდ ეპიზოდური თუ მუდმივმოქმედი დესტრუქციულ- რეაქციული დაჯგუფებებისათვის, არამედ ცალკეული პერსონებისათვის, ბოროტების სამსხვერპლოზე მსხვერპლის მისატანად. ბრბოდ ქცეული მასა უპიროვნო ინდივიდთა სახეს ღებულობს. იგი მოკლებულია  საღი გონებით განსჯას და კრიტიკული ანალიზის უნარს მიღმა მყოფი სრულიად განეშორება პასუხისმგებლობას.  

ბრბოდ ქცეულთ გზას უხსნის მათი ილუზიური ძლევამოსილების შთაგონება, რაც ხელს უწყობს  ცალკეულ ადამიანში თავმოყრილ ნეგატივს ბოროტების სახედ გარდაქმნაში. აღტკინების ჟინში  დაკარგული ხელმარჯვე  იარაღი ხდება მზაკვარი ინსპირატორის ხელში. ბრბო, ცნობიერი პიროვნების ლიკვიდირების  გამომხატველია, რომლის პირმშოა უკიდურესობით, აგრესიით, სიძულვილით და სისასტიკით ნასაზრდოები „კოლექტიური სული“, მოკლე დროით  აღმოცენებული და განგრძნობადი უნარის არ მქონე.  

პირობა იქმნება იმისათვის, რომ ადამიანი მოიცვას საყოველთაო საფრთხის განცდამ, რომელიც მიმართულია მისი არსებობის წინააღმდეგ. ადამიანები ინტენსიური  გარეშე ზეგავლენის, მოვლენებისა თუ პერსონების მსხვერპლი ხდებიან. ყველას არ შესწევს უნარი საკუთარ თავში მოიძიოს შინაგანი ხელშეუხებლობის განზომილებიდან ღვთივბოძებული საყრდენი, რომ დაებჯინოს შიშისაგან დაცლილ თავისუფლებას. მტკიცე ნებისყობით ჩაეჭიდოს პიროვნული ღირსების ხელშეუხებლობას. ამის გარეშე  ვერ შეძლებს ადამიანი სიმშვიდეში ცხოვრებას, ვერ შეძლებს ბოროტმოქმედთა უმძიმეს დარტყმებთან და ამაზრზენ რეალობასთან გამკლავებას. ვერ შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. სოციალურ გარემოში მომწყვდეული ადამიანი ტრაგიზმისთვის განწირულის გზას მიემართება, ასეთ ყოფაში თავისი თავიდან გაძევებული კარგავს საკუთარ თავს. ფსიქოლოგიურ და სოციალურ წნეხში ადამიანთა “ ყოფნა- არყოფნის” საკითხი დგება. სუსტი ნებისყოფა მიმართავს კითხვას: ღირს კი სიცოცხლე, ცხოვრება? და როგორც ნიკოლოზ ბერდიაევი აღნიშნავდა: “ ადამიანი იძულებულია იცხოვროს უპიროვნო და პიროვნებისადმი გულგრილ სფეროში”. /„ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში“/.

ვის შეიძლება სურდეს ცხოვრება მგლურ გარემოში, რომელიც არ არის  მისადმი მგრძობიარე და უმეტესწილად საფრთხის შემცველია. ვის შეიძლება სურდეს სასიცოცხლო ძალებწართმეული  თანამოქალაქეებისაგან შემდგარი სახელმწიფო, სადაც ადამიანები წლებს და დროს  თავდაცვისა და  თვითგადარჩენისკენ მიმართავენ?! გარემო, რომელიც უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება, სადაც ბავშვების, მოზარდი თაობის ფსიქიკა მასიურად ტრამვირდება. ქვეყანა, რომელიც ყალბი ბრწყინვალებით იმოსება და რომლის მოჩვენებითი ბრწყინვალების ქვეშ ადამიანების ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ასეთი სოციალური გარემო თრგუნავს პიროვნებას, სპობს მასში შემოქმედებით მუხტს და აპათიისა და ნიჰილიზმის ქვემდებარე ხდება. ის, რომ ყველას არ შესწევს ცხოვრებისეულ გამოწვევებთან და განსაცდელებთან გამკლავება, ამის გამომხატველია ფართოდ გავრცელებული ნარკომოხმარება, რომელსაც მიმართავს  ადამიანების არცთუ მცირე  რაოდენობა, რომლებიც  „ნუგეშს“ ეძებენ  საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად, რათა ილუზიურ მდგომარეობაში ყოფნით თავი გაარიდონ  პიროვნულ მძიმე რეალობას. რა სახელი ჰქვია ამგვარ გარემოს, თუ არა პიროვნების ღირსების, ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლისა და ბედნიერების  წინააღმდეგ ამხედრებულთა „საცხოვრისი“, სადაც  აზვირთებული ნგრევის პათოსი არ უთანაგრძნობს ადამიანის არსებობის  საღმრთო ჰუმანურ აზრს.

ფიზიკურ სისასტიკეზე არანაკლები დანაშაულია სულიერი სისასტიკე, ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური  სადიზმი-დამცირება, რაც  ფიზიკური ლიკვიდაციის ტოლფასია და ფართო განვითარებას პოულობს ჩვენში. ცხადია, რომ ცალკეულ ადამიანებში არის სხვა ადამიანის წინაშე აბსოლუტური ძალაუფლების  შეგრძნება, რაც მდაბიო პიროვნულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ეს არის მჩაგვრელობის მცდელობის  გამოვლინება, რაც მიანიშნებს გასასტიკებულ, გაბოროტებულ მდგომარეობაზე და მიუთითებს ამ ადამიანის პიროვნული ფორმირების ნეგატიურ გარემოზე, სადაც გაიზარდა და არ აღიზარდა იგი. მიუთითებს იმ გარემოს,  სადაც  სუფევდა  არასრულფასოვნება, ბოროტება და ამ წიაღში თავად მსხვერპლად წარმოჩენილი დაეძებს მსხვერპლს. ასეთ ადამიანს ეწოდება ნეკროფილ-დესტრუქციული ადამიანი. 

სხვათა დამცირებით ტკბობა სხვა რა არის თუ არა საკუთარი თავის უპირატესად წარმოჩენა და პირადი ძალაუფლების დემონსტრირება, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია, სრულიადაც არ გააჩნდეს მას არც უპირატესობა და არც ძალაუფლება. თითოეული ადამიანისათვის  პიროვნული ღირსების განცდის და დაცვის აუცილებლობა  წარმოადგენს, სხვათა უღელგქვეშ  არ მყოფობის გააზრებას. 

კრიზისი, რომელსაც ათწლეულებია განიცდის  ქვეყანა, პირველ ყოვლისა, საზოგადოების ანუ ადამიანთა  ერთობის სოლიდარობის კრიზისზე  მიუთითებს, რაც მენტალური, სულიერი ხასიათისაა. ამ რეალობას ესადაგება გერმანელი ფილოსოფოსის არტურ შოპენჰაუერის სიტყვები: ” ვინც პირველი ყმაწვილური ოცნებებებიდან იღვიძებს, ყურადღებას აქცევს საკუთარ და სხვის გამოცდილებას, ჩახედულია ცხოვრებაში, წარსულის ისტორიაში და საკუთარ ეპოქაში, იწყებს იმის შემეცნებას, (თუკი მასში არ არის ჩაჭედილი წინასწარ შექმნილი აზრი, რომელიც მისი მსჯელობის უნარის დამბლას იწვევს), რომ ეს ადამიანური სამყარო სამეფოა  ცდომილებისა, რომლებიც უმოწყალოდ მასში მბრძანებლობენ, დიდსა და მცირეში, მაგრამ რომელთა გვერდით კიდევ შოლტს იქნევენ სისულელე და სიბოროტე: ამიტომ ხდება რომ ყოველი საუკეთესო გაჭირვებით იკაფავს გზას, კეთილშობილება და სიბრძნე ძალზე იშვიათად აღწევენ გამოვლინებას, ზემოქმედებას ან იშვიათად ხდებიან შესმენილნი, მაშინ, როდესაც აბსურდული და სიმახინჯე აზროვნების სფეროში, ბანალური და უგემოვნო ხელოვნების სფეროში, ბოროტება და ვერაგობა პრაქტიკული ცხოვრების სფეროში, მხოლოდ ხანმოკლე რღვევებით ხელშეშლილნი, საკუთრივ მბრძანებლობას იპოვებენ“/“  სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა“/.  ადამიანები, ვინც მომაკვდინებელი ყოფის ზღვარზე თავიანთ „წარმატებას“ სხვათა ტრაგედიებში აფუძნებენ და ამაში ხედავენ ცხოვრების მიზანს, ფიქრობენ: თუ გაურიგდება „ცასწვერმიბჯენილი სიძულვილის  წუთისოფელს“, საამურად „მოეწყობიან“ მოარულ ცხედართა სასაფლაოზე. მათი ხანმოკლე გონი ამგვარად აღიქვამს ყოფიერებას და  ამგვარად მიაგებს პატივს ადამიანის ღირსებას!  ამიტომაა, რომ პიროვნულ  მდგომარეობას  ადამიანობის გაქვავებულ ფორმებში წარმოაჩენენ. ამგვარია, მათი  დამოკიდებულება ადამიანის ღირებულებით ცნებასთან.

                                    _____________________

პიროვნება და პიროვნების ცნება, როგორც უმაღლესი ღირებულება, ქრისტიანობის მონაპოვარია. ქრისტიანობამ დაუკავშირა ღმერთი და ადამიანი პიროვნებას. წმიდა წერილმა ცხადად  წარმოაჩინა პიროვნების ცნება, პიროვნულობის მნიშვნელობა. მისთვის, ადამიანის  ყოფიერების ფორმა  პიროვნულია და  აცხადებს  მას, როგორც აბსოლუტურ, უმაღლეს ღირებულებას.

ქრისტიანობა  ცნობს ადამიანის  უფლებებს თავისუფლებაზე, ბედნიერებაზე, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზაციაზე. წმიდა წერილი, რომლისთვისაც ადამიანი ზნეობრივ-სულიერი არსებაა, წარმოადგენს სახელმძღვანელოს თუ რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ადამიანებმა სულიერ და სოციალურ თანაცხოვრებაში. თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, პატივისცემა, სიყვარული ის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები და ღირებულებებია, რომელიც აღმოცენდა იესო ქრისტეს მოძღვრებაზე და წარმოადგენს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მთავარ პოსტულატებს.

ქრისტიანული დოქტრინის თანახმად, ადამიანის თავისუფალი ნება  ხელშეუვალია. მისთვის, ცალკეული ადამიანის თავისუფლების სასარგებლოდ, თავისუფლება იზღუდება იქ,  სადაც სხვა ადამიანის თავისუფლების საზღვრები იწყება.  ქრისტესთვის  პიროვნების იდეა, ყველა იდეოლოგიაზე და  სახელმწიფოს  თუ ეროვნულობის ცნებაზე მაღლა დგას. სახელმწიფოს ყველა წარმატება მოჩვენებითია და საბოლოოდ წარუმატებლობისთვისა განწირული, თუ მისთვის პიროვნების ცნება უმნიშვნელოა.

ადამიანი საზოგადოებრივი  არსებაა. მისი ურთიერთობა სხვა ადამიანთან, გარემოსთან მიმართებაში სავალდებულო წესრიგს, ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულს ექვემდებარება. ისიც ცხადია, რომ ცხოვრებისეული ყოფა აყალიბებს ადამიანთა ცნობიერებას. პიროვნებისა და საზოგადოების განვითარების თანმხლები და გამომხატველია მათი ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ქცევა, რასაც თან ახლავს გადაფასება. აღნიშნული უნარი განაპირობებს  ცალკეული ადამიანის ან საზოგადოების აზროვნებისა და ქცევის  პროგრესს. მიუხედავად იმისა, ცალკეულ ადამიანს გააჩნია თუ არა ინდივიდუალური ღირებულება და ფასეულობა,  მას აქვს გარკვეული ვალდებულებები სხვა ადამიანის და ზოგადად საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას, როგორც მრავალრიცხოვან ინდივიდთა კრებულს, ასევე გააჩნია ვალდებულება ცალკეული ადამიანის წინაშე. თანაცხოვრების ფაქტორი თავის მხრივ განაპირობებს გარდაუვალ ურთიერთობებს, რომელიც  ცალკეულ ადამიანთა ან სოციალურ ჯგუფებს შორის არსებობს.

უნდა აღინიშნოს რომ, საზოგადოება ერთმანეთისგან უცხოვდება. გაუცხოების მრავალი მიზეზი შეიძლება არსებოდეს. მათ შორის ორი უმთავრესი ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ, ეგოცენტრულობის ზღვარგადასულობა და ისეთი ქმედებები, რაც თავისუფალი ურთიერთობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. თავისუფლების ცნების  გაუაზრებლობა განაპირობებს ადამიანების  ერთმანეთისგან იზოლაციას, რაც თავდაცვის ერთგვარ საშუალებად არის აღქმული და წარმოადგენს კიდეც.  ურთიერთობა მოიცავს ინტერესებს და ღირებულებებს, მიუხედავად იმისა, ცალკეულ ადამიანს  გააზრებული  აქვს თუ არა. ადამიანთა თანაცხოვრების ბუნებრივი მახასიათებელი უნდა იყოს  სოლიდარობის პრინციპი, რაც  ღირებულებითი არსით აღემატება  ყოველგვარი სენსაციითა თუ  სკანდალით  ნასულდგმულებელ  არაადამიანურ  სწრაფვებს,  რომ უპიროვნო მასად  არ იქცეს საზოგადოება და მოახდინოს პიროვნების ნივილირება.

ცალკეული ადამიანი ერთმანეთისგან გამოირჩევა თავისი ცნობიერებით, თვისებებით, ხასიათით, უნარ-ჩვევებითა თუ შესაძლებლობებით. თითოეული ადამიანი თვითმყოფადი და დამოუკიდებელია. ცალკეული ადამიანის ერთად აღებული ძირითადი თვისება დაკავშირებულია საერთო ადამიანურ ბუნებასთან.  ამით არის განპირობებული ჩვენი საერთო ადამიანურობა და ადამიანობა. აღნიშნული გვავალდებულებს პატივი ვცეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, არსებას, ღირსებას. ყველა ადამიანს მოცემული აქვს თავისუფალი ნება და არჩევანის უფლება და თითოეული თავად არის  პასუხისმგებელი თავის არჩევანზე და ქმედებაზე. არც ქრისტიანული სარწმუნოება და არც სახელმწიფოს კონსტიტუცია არ ანიჭებს ვინმეს უფლებას ინდივიდუალური  ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ანგარიშსწორებისათვის.

სახელმწიფოსთვის, როგორც საზოგადოებრივი, სოციალური და სამართლებრივი სუბიექტისთვის, ადამიანი საზოგადოების წარმომადგენელი, სოციალური სტატუსის მქონე სუბიექტია, რომლის უფლება და ვალდებულებაა მონაწილეობას ღებულობდეს სახელმწიფოს ცხოვრებასა და  განვითარების პროცესში. თავის მხრივ, სახელმწიფო  სოციალური დეფინიციაა და წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას. სუვერენული სახელმწიფო თავის პოლიტიკურ საზღვრებში სრული უფლებამოსილების მატარებელია და ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლით. სახელმწიფოს მართავს სახელისუფლებო ინსტიტუცია.

საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციის მიხედვით: საქართველო, დეკლარირებითა და  მოწყობით, პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპით განეკუთვნება დემოკრატიულ სახელმწიფოს. იგი  ხელმძღვანელობს სახელმწიფოს უმაღლესი იურიდიული ძირითადი კანონით, რომელსაც კონსტიტუცია ეწოდება. სწორედ, კონსტიტუცია  წარმოადგენს საზოგადოების ცხოვრების მარეგულირებელ პოლიტიკურ, სოციალურ-სამართლებრივ აქტს. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუცია გამოხატავს საზოგადოებაში დომინირებულ მსოფლმხედველობას და უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითად ფასეულობათა რეალიზებას.

საქართველოს კონსტიტუციის შესავალში გადმოცემულია, აღნიშნული იურიდიული აქტის ძირითადი პრინციპები და მთავარი მიზნები. კერძოდ,  ხალხის სახელით დეკლარირებულია დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო,  ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, სხვა ხალხებთან ერთად მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიცია.

კონსტიტუცია, სხვა კომპონენტებთან  ერთად, ეხება სახელმწიფოს სუვერენიტეტს, მმართველობის ფორმას, რომელიც ეფუძნება ხალხის ძალაუფლებას და გამორიცხავს ხელისუფლების მითვისებას; სახელმწიფო მმართველობის პრინციპებს, სახელმწიფოს მიერ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც  წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს; ადამიანის ძირითად უფლებებს: როგორიცაა ადამიანის ღირსების შეუვალობა, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები, თანასწორობის უფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის-გადაადგილების თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები; აზრის, ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებები. კონსტიტუცია ზღუდავს ხელისუფლებას, ხალხს, საზოგადოებას,  ვინმეს  უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ;  გაცხადებულია სახელმწიფოს სოციალურ სტატუსი, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, სოლიდარობის პრინციპები და სხვა სოციალური საკითხები.

ერთი სიტყვით, კონსტიტუციის დონეზე, ჩვენს ქვეყანაში დეკლარირებული და აღიარებულია  სახელმწიფოს და საზოგადოების დანიშნულება, ხალხის ძალაუფლება, ადამიანის  უფლებები და  მოქალაქეობრივი მოვალეობები. აღიარებულია ადამიანის, როგორც უმაღლესი ღირებულების და პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა, თუმცაღა  ცხოვრების რეალობა ცხადყოფს, რომ აღნიშნული ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დეკლარირებაა და არა იმპერატიული ვალდებულება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენს რეალობაში, თუ რამე არის ხელშეხებადი და მოწყვლადი ეს ადამიანის ღირსება და მისი უსაფრთხოებაა. სახელმწიფოს ვალდებულებაა  დაიცვას  და იხელმძღვანელოს კონსტიტუციით, მის საფუძველზე  განავითაროს  ისეთი სოციალური მეგასისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს  სამართლებრივ გარემოს და  გაწონასწორებულ- დინამიურ ვითარებას, რაც შეაჩერებს არსებულ დესტრუქციებს და საყოველთაო ქაოსს, რაშიც თანამედროვე საზოგადოება იმყოფება.

მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფერხულში ჩაბმულობის ნაცვლად, ცალკეული  ადამიანები ვალდებული არიან  პატივი სცენ  სახელმწიფოს კონსტიტუციას.  იხელმძღვანელონ მისით და უზრუნველყონ მისთვის მინიჭებული თუ გაცხადებული  უფლება-მოვალეობანი. ცალკეული ადამიანი, ვალდებულია თავს  იცავდეს სახელმწიფოს და საზოგადოების აბსოლუტური ძალაუფლებისაგან, თუ ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან  ან რომელიმე სოციალური ჯგუფიდან  ძალადობას და ღირსების შეურაცხმყოფელ ქმედებას. სახელმწიფო ვალდებულია შეაკავოს ცალკეული ადამიანის ქმედება, რაც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანის პიროვნულ ღირსებას,  უსაფრთხოებას, თავისუფლებას. პიროვნული თავისუფლება  პირველყოვლისა სულიერი  და არა სოციალური სათავიდან იღებს დასაბამს. ადამიანის პიროვნება  საღმრთო შემოქმედების გვირგვინია, მარადიული სულიერი ფასეულობა. 

                                        ________________________

მართლმადიდებელი ქრისტიანული ანთროპოლოგია, ღმერთის არსებაში პიროვნების არსებობას ხედავს და მყოფობა არა არსებამდე, არამედ პიროვნებამდე აღყავს. მისთვის ადამიანი, სამპიროვანი ღმერთის  ზრახვით დაბადებული  თავისუფალი  ქმნილებაა, საღმრთო სიყვარულის გამოხატვის უმაღლესი ღირებულება. როგორც  გრიგოლ ნოსელი  იტყვის, ადამიანი: „ ბჭობით” დაბადებული არსებაა და იოანე დამასკელი განაცხადებს: „როგორც რამ მეორე ქვეყნიერება, მცირე დიდში.“

ადამიანი, დიდი სამყაროს მცირე მოდელია, რომელიც თავის არსებაში აერთიანებს ბიბლიურ კოსმოგონიას, ხილულ და უხილავ სამყაროს. ადამიანი, სხეულის და სულის ერთობლიობაში  (ცოცხალი და საღმრთო მადლით უკვდავი არსება) წარმოადგენს ღმერთთან მიმსგავსების საღმრთო იდეას. თითოეული ადამიანი პიროვნებაა, სულიერი არსებაა. იგი დაბადებულია ერთის მხრივ სულიერი სრულყოფილების ნიმუშად და მეორეს მხრივ, დასახული იდეითაა  შექმნილი, რომლის ბუნება  არ არის განუსაზღვრელი, არამედ  დადგენილი აქვს ზღვარი.  

თითოეული ადამიანი, საყოველთაო კაცობრივი ბუნების მქონე პიროვნებაა, ყოფიერებაში საყოველთაო საწყისი აქვს, რაც განაპირობებს სრულ თანასწორობას ერთმანეთთან: „თანაბრად ატარებენ ღვთაებრივ ხატს თავიანთ თავში“. /გრიგოლ ნოსელი/. თითოეულ პიროვნებას თანაბრად  აქვს  თვითუფლებრიობის, თვითმყოფადობის ბუნებითი თვისებები. საყოველთაო ადამიანური ბუნება თანაბარუფლებიანს ხდის ცალკეულ პირებს  ერთმანეთთან მიმართებაში. ადამიანის პრიმატს წარმოგვიდგენს წმიდა წერილი, რომლის მიხედვით იგი ერთდროულად საწყისიერებით  ღმერთზე დამოკიდებული არსებაც არის  და დამოუკიდებელი, საკუთარი თავის სრული განმგებელი და თავისთავადი: “ მას  აქვს დამოუკიდებელი არსებობა-ჰიპოსტასი. ეს არის ის, რაც არსებობს თავის თავში და არა რაიმე სხვაში.“  / ბასილი დიდი/.  ამდენად, ყველა ადამიანი განუმეორებელია,  თავისთავადი,  ბუნებითი უფლებრივობით თანასწორი.

ხელშეუვალია ადამიანის ნების თავისუფლება (ბუნებითი თავისუფლება), რის შესახებაც გრიგოლ ნოსელი გვეუბნება: „ჩვენში არის იდეა ყოველგვარი მშვენიერების, ყოველივე რაც კი საუკეთესოდ მოიაზრება. ყოველთა მათ სიკეთეთაგან ერთ-ერთია, იყო თავისუფალი იძულებისაგან და დაუმორჩილებელი რომელიმე ბუნებითი მძლავრობის, და თვითმფლობელური ნება გქონდეს, რადგან თავისუფლება ძალაუფლების ქვეშ არ მყოფი (დამოუკიდებელი) და ნებსითი სიკეთეა, ხოლო ის რაც იძულებითი და ძალდატანებითია, არ შეიძლება სათნოება იყოს... ღმერთი გვაჩვენებს განსაკუთრებულ პატივისცემას, რომელსაც ამჟღავნებს  შექმნილი ადამიანისადმი“. ჯვარცმული ქრისტეს მისტერია გვათავისუფლებს  ბედისწერის ზმანებისაგან. ღმერთი  ადამიანს წინასწარ არ უდგენს გასავლელ ცხოვრებას, თუმცაღა წინასწარ ხედავს. მისი მოძღვრების არსი ადამიანის პიროვნებასთან მიმართებაში დაკავშირებულია თავისუფალ ნებასთან. ადამიანმა საკუთარ თავში ნებაყოფილობით უნდა  მოიძიოს ღმერთი და სრულყოს თავის თავში “ღვთის მსგავსება”,  როგორც “ღვთის ხატად” შექმნილმა. ვინმესთვის, რაოდენ ძნელად გასაგები არ უნდა იყოს, ადამიანი იმგვარად შექმნა ღმერთმა, რომ იგი „უფლებამოსილია, როგორც სიკეთეში დარჩენის ისე ბოროტებაში ყოფნის, რასაც  ღმერთი თვითუფლებრივობის გამო უშვებს, რადგან არ არის სათნოება ის, რაც იძულებით კეთდება”- შენიშნავს  იოანე დამასკელი. თუმცაღა, ადამიანის ცნობიერი  თვით დაცემულ მდგომარეობაში ეძებს ღვთიურს, რადგან მის ბუნებაში თანდაყოლილად ძევს ლტოლვა  საღმრთო ყოფიერებისაკენ.  გრიგოლი ღვთისმეტყველი ამის შესახებ ბრძანებს: „ადამიანმა დაამახინჯა თავისი ნება, მაგრამ არ მოსპო მასში უნარი სიკეთისა -მიუხედავად თავისი დაცემისა, მასში სიკეთის სურვილის უნარი არ მოსპობილა. ამიტომ, მას შეუძლია მოახდინოს არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ.“ ადამიანს, ყოველთვის აქვს  სულიერი განახლების შანსი, რადგან ქრისტეს კაცობრივ ბუნებაში განხორციელდა ადამიანის განღმრთობა. 

ქრისტემ, აბსოლუტური ყურადღების საგანი გახადა კონკრეტული ადამიანი. მხსნელად წარუდგა კაცობრიობას  (მასში თითოეულ პიროვნებას)  და  ბედნიერების მოსაპოვებლად საკუთარი სიკვდილი შესთავაზა,  მსხვერპლად შეიწირა. ადამიანისადმი ულმობელობა ჯვარს მიატანა ჯვარცმულმა, რითაც მუდმივი სულიერი ტანჯვის, ტკივილის საფრთხე აარიდა. საშუალება მოგვცა გვქონდეს სიხარული და  უფლება  შეგვინარჩუნა რომ გვიხაროდეს. თუ რამდენად ძვირფასია ქრისტესთვის თითოეული ადამიანი, თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ  დაკარგულ ცხვართან დაკავშირებით იგავი, (/ლუკა. 15, 4-7/, სადაც ალეგორიული ფორმით გადმოცემული არის  ურიცხვ ანგელოსთა დასის დატოვება იესო ქრისტესაგან და მისი წასვლა ერთი დაკარგული ადამიანის საძიებლად, დაცემული ადამიანის სახსნელად. რა არის ეს, თუ არა ღმერთის თავგანწირული  სიყვარული, პატივისცემა, მზრუნველობა და უსაფრთხოების მოტივაცია თავისი ქმნილების- ადამიანის  მიმართ. 

იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება, რომელიც  ისტორიაში  წარიმართა, ცოცხალი სახელმძღვანელოა ადამიანში ნამდვილი ადამიანობის გამოვლინების. ეს არის ცხოვრებისეული მაგალითით წარმოდგენილი იდეა, თუ რას ნიშნავს იყო, ან როგორი უნდა იყო ადამიანი. ქრისტე არის  „ახალი კაცი-ახალი ადამი“ ( 1კორ. 15,47), რომელმაც „ადამიანის ბუნება გამსჭვალვა სასიცოცხლო სულიერი ძალით“ / იპოლიტე რომაელი/. მაცხოვარმა  თავისი გამომხსნელობითი ღვაწლის აღსრულებით „ადამის მოდგმა შემოკრიბა  თავის კაცობრივ ბუნებაში და ბრძანა შემოკრება თავის ეკლესიაში“. ირინეოს ლიონელი. თხზულება „ანაკეფალაიოსის“. ქრისტეს წინამძღვრობა ეკლესიისადმი წარმოადგენს ეკლესიის მიერ სოტერიოლოგიური ღვაწლის გაგრძელებას. რაც ნიშნავს, რომ ქრისტეში ნათელღებულ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს მაცხოვნებელ საიდუმლოებებში მონაწილეობით, სულიერი განახლებით, სულიწმიდის მადლით მიაღწიოს პიროვნულ სრულყოფილებას იმ მდგომარეობამდე, რასაც განღმრთობა ჰქვია: „ უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასოდეს“ /იოან. 6, 35/. პიროვნების სულიერი სრულყოფილება გულისხმობს შინაგანი ბუნების წვდომას,  თავის თავში ნებაყოფილობით განვითარებას, ძალისხმევას, სწრაფვას, რათა თანდათანობით დაემსგავსოს  ქრისტეს პიროვნებას, რომლის  “ ხატისაებრ და  მსგავსებისაებრ“-ადაც /დაბ. 1,26 / შეიქმნა  კაცი და  რომელმაც  „ხატი თვისი საკუთარი ბუნების მშვენებით შემოსა“ /გრიგოლ ნოსელი/.ამასთანავე, ვერასოდეს შეძლებს ადამიანი საღმრთო სრულყოფილების სისავსის მიღწევას, რადგან სრულყოფილი და ზესრულყოფილი არის მხოლოდ შემოქმედი. 

კაცობრივი ბუნების განღმრთობის შესაძლებლობა საღმრთო მადლით არის მონიჭებული, ისევე, როგორც სულიწმიდის მადლით ადამიანს ებოძა უკვდავება, როცა „შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული“. ამდენად, სამპიროვანი ღმერთის სახელით ნათელღებულ თითოეულ პიროვნებას, თავის არსებაში შესაძლებლობა აქვს განიღმრთოს ქრისტეში. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ განღმრთობის შედეგად ადამიანი შეიქნება ღმერთი. არც ღმერთისაგან არის ამის აღთქმა  და ვერც ვერასოდეს გახდება ქმნილი არსება ღმერთი. ადამიანის ბუნებასა და საღმრთო ბუნებას შორის თვისობრივი სხვაობაა. ადამიანი ღმერთის იგივეობრიობის მატარებელი არ არის. იგი შექმნილი არსებაა, საღმრთო ბუნების თვისებების და სათნოებების გამზიარებელი ქმნილება, რომელიც: „არსებობას ცვლილებისაგან იწყებს და ნათესაობაც ყოფიერების ამ სახესთან აქვს“ / გრიგოლ ნოსელი/.

ღვთის ეკლესიაში „ ეკლესია ღვთისა“ / 1კორ. 10,32/  „რომელსაც ვერ განავრცობს ვერც მის შესახებ მრავლისმესიტყვე და ვერ დაამცრობს ვერც სიტყვაძუნწი“ /ირინეოს ლიონელი/, ქრისტესთან ერთობით ადამიანის პიროვნებაში იბადება ახალი ადამიანი. ქრისტეს ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული, რომელშიც თავად ქრისტე მაცხოვარი ქმნის საზოგადოებას, ახალ კრებულს-მორწმუნეთა კრებულს. ამ კრებულის თითოეული წევრი არის ერთი მთლიანის, კაცობრივი ბუნების ნაწილი და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან  საერთო რწმენით, სიყვარულზე დაფუძნებული უფლებრივი და მოვალეობრივი პასუხისმგებლობით.

ადამიანის, როგორც ერთი მთლიანის შემადგენელის და ადამიანში ადამიანურობის  სოციალური გამოვლინების ვალდებულება დაგვისახა ქრისტემ, როდესაც ბრძანა: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ... რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგან, იმით მე შემეწიეთ... ; რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ...რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ“/ მათე. 25, 34-45/. 

შემოქმედი ღმერთისგან ადამიანის არსებისთვის მინიჭებული მარადიულ  ღირებულებაში მდგომარეობს ადამიანის პიროვნული ღირსების არსი, რომლის გაგებაც მოიცავს მის ბუნებით უფლებებსა და მოვალეობებს. ღირსება შელახული ადამიანის ღირსების აღსადგენად, გოლგოთიდან ღმერთკაცის კოსმოლოგიური ღაღადისის აქტი განხორციელდა. სიყვარულის დამბადებელი, ჯვარცმული ქრისტე, ადამიანის სიყვარულისთვის, მისი მარადიული უსაფრთხოებისთვის, მისი ღირსებისთვის ამქვეყნიურად მოკვდა. ქრისტესთვის ადამიანი  სხვა რამემდე არ დაიყვანება, რადგან ადამიანისთვის  საღმრთო  ღირსების აყრა არ ძალუძს არანაირ ქმედებას, ცოდვას. ადამიანში ღვთის ხატება მარადიულია და  არ ქრება!

 ადამიანისადმი, ღმერთის სიყვარულით დამოკიდებულების მარადიული უცვლელობა, რომელიც იძიება ღირებულებით აღსავსე შიშისთვის მახასიათებელი  ღვთისმოშიშების სახე-მოწოდებაში, გვამცნო  წმ. იოანე ღვთისმეტყველმა: “სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში” 1 იონ. 4,18.                                                            

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა