მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები

13.07.2026 ნახვები: 171

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა საარჩევნო პროცესზე მსჯელობა, არამედ განმათავისუფლებელი წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა.

სასამართლო პროცესზე გამოსვლისას სააკაშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე.

„რეალურად შემდეგი სცენარია, ახლა რუსები გააგრძელებენ დაბომბვას ბალისტიკური რაკეტებით, კიევის და სხვა ქალაქების, ეს იქნება დაახლოებით ის, რაც ლონდონში იყო მეორე მსოფლიო ომის დროს... შემოდგომაზე პუტინი მობილიზაციას გამოაცხადებს, ეს იქნება მისი ბოლო მობილიზაცია...

ჯარი არ გვყავს, დრონებზე უარი ითქვა, პირველები ვიყავით, ვინც ამაზე მუშაობა დავიწყეთ. სიტუაცია ისეთია, მთლიანად რუსულ აგენტურას აქვს მოცული ყველაფერი. ამ სიტუაციაში ვიღებთ მდგომარეობას, როცა საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა. სომხეთში რუსეთს ფაშინიანის ჩამოგდება უნდა, საქართველოს გაკონტროლებას 5 000-კაციანი ჯარი უნდა, რაც რუსეთისთვის პრობლემა არაა... რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და დაიშლება, მერე მოგვადგებიან ჩეჩნები და ა.შ. რანაირად უნდა დავიცვათ თავი, როცა არაფერი გვაქვს. ამიტომ ივანიშვილის ე.წ. მშვიდობა არის დიდი უბედურება. ის მოასწავებს ძალიან დიდ საფრთხეებს საქართველოსთვის.

იმისთვის, რომ მივხვდეთ, სად ვართ ისტორიულ კონტექსტში, კარგად უნდა გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ალიანსი ჯვაროსნებთან, გელათის აკადემიის გახსნა, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რუის-ურბნისის კრება. შემდეგ იყო თამარი... პოლიტიკური პროცესები წავიდა საქართველოში ისევე, როგორც ადრეული აღორძინების ხანის მსგავსი პროცესები. რომლის მწვერვალი იყო შოთა რუსთაველი. მეც გავხსენი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მეც ვაწარმოებდი განათლების რეფორმას, უბრალოდ, დავით აღმაშენებელს ჩემთან მიმართებაში ჯერჯერობით უფრო მეტად გაუმართლა.

დავითის დროს თურქ-სელჩუკები ჩამოიშალნენ და 30 წელზე მეტი დასჭირდა დავითს თბილისის დაბრუნებისთვის. ჩვენ ზუსტად ასევე გვაქვს აფხაზეთი დასაბრუნებელი, გარდა იმისა, რომ დანარჩენი საქართველოც გვაქვს დასაბრუნებელი. დააკვირდით, რა ხდება, ივანიშვილმა აფხაზეთის მახსოვრობა საერთოდ მოგვპარა. ჩვენ დროს სულ აფხაზეთზე იყო ლაპარაკი. აფხაზეთის ჩათვლით საქართველოს შავი ზღვის სანაპირო 210 კილომეტრია, აფხაზეთის გარეშე კი – 100 კილომეტრი. ამიტომ აფხაზეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

გიორგი ბრწყინვალემ დააარსა თბილისში კათოლიკური კათედრა, კათოლიკური მრჩევლები ჩამოიყვანა საქართველოში მოდერნიზაციის მოსახდენად. აი, მე როგორც ჩამომყავდა მრჩევლები. ჩემი ერთი მრჩეველი ახლა საფრანგეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს. გიორგი ბრწყინვალემ მოაწესრიგა სახელმწიფო აპარატის ელემენტები და ვინმე ჯაღმაიძე, რომელიც საპატრიარქოდან გამოდის და იძახის, ევროპა რად გვინდაო, უპირისპირდება პირდაპირ გიორგი ბრწყინვალეს და საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას. სხვა ამას არაფერი ჰქვია. ეს უნდა გაითავისონ საპატრიარქოში, რომ ვერ წახვალთ თქვენ საქართველოს ძირეული პრინციპების წინააღმდეგ. საქართველოს ძირეული პრინციპები არის ევროპისკენ და დასავლეთისკენ სწრაფვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ შიდა დაპირისპირება უნდა შეწყვიტოს და ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაზე გადაერთოს.

„ამიტომ, ასე არ იქნება – „უკრაინამ გაიმარჯვა, ყველას უხარია, ნახე, უკრაინამ კიდევ დაბომბა“... ჩვენ რა გვიხარია? თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, ჩვენი პატრონი მაინც არავინ აღმოჩნდება. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმათავისუფლებელი პლატფორმა, ყველა ძალის გაერთიანება მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი წინსვლა და ნამდვილი პროტესტი.

ისევ გრძელდება იაფფასიანი ინტრიგები – არჩევნებზე მივდივართ თუ არ მივდივართ? გუშინ რომ მიდიოდნენ, დღეს აღარ მიდიან – რა მარაზმია საერთოდ?! რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები საქართველოში არ ტარდება! და რადგან საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ამას უნდა მობრუნება, ქვეყანას უნდა დაბრუნება. ქვეყანა არის კოლაბორაციის, თუ ოკუპაციურ მიძინებულ რეჟიმში.

რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება არჩევნები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს – დავანებოთ თავი კბენას, ინტრიგებს და სხვადასხვა რაღაცებს, მით უმეტეს ჩემთან ქიშპობას. მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში. გადახედეთ მთელ ისტორიას და კიდევ შევძლებ, ამაზე ბევრად მეტს და ვერც ვერავინ შემიშლის ხელს ჩვენი დამპყრობლის და მტრის გარდა.

რაც შეეხება დანარჩენებს, მხოლოდ მივესალმები, რომ შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში და მაქსიმალურად ფართო ფრონტი გავშალოთ. თუ ისინი დღეს წინააღმდეგობისა და გათავისუფლების მოძრაობის ნაწილი არ არიან, ხვალ ვერანაირად ვერ იქნებიან პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ეს არის რეალობა. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, განმათავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს ნამდვილ წინსვლას.

მიხარია ძალიან ახალგაზრდების გააქტიურება. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტია არაა, მოძრაობაა და ისევ ხალხის წიაღიდან უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა სასამართლოს მიმართა და 7 ნოემბრის საქმის განხილვის დაჩქარება მოითხოვა.

„შეწყვიტეთ საქმის გაჭიანურება და ჩაატარეთ, თუნდაც დღე გამოშვებით, როგორც ტარდება ის მეორე ცირკი [ე.წ. საბოტაჟის საქმე]. თუ ტელეფონების აკრძალვა გინდათ, ისედაც აკრძალავთ. თუ დროის გაჭიანურება გინდათ, რაღაც ახალს მოიგონებთ. მეშვიდე წელია ატარებთ პროცესს, რომელიც შეგეძლოთ დაგემთავრებინათ ორ თვეში. ეს ცირკი, უთხარით თქვენს პატრონს, რამენაირად მიაწვდინეთ ხმა ივანიშვილს, რომ ეს უკვე წარსულის თეატრში ხდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა