რა პოლიტიკური, მორალური და ზნეობრივი ფასი გადაიხადეს სერგო ორჯონიკიძემ, ფილიპე მახარაძემ, შულავერის კომიტეტის წევრებმა? - წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.
"სად არის ჩვენს საზოგადოებრივ მეხსიერებაში დაფიქსირებული, რომ მათი ქმედებები ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული? სახელმძღვანელოებში რამდენად მკაფიოდ წერია, რა გააკეთეს მათ საქართველოს წინააღმდეგ? და სხვადასხვა ასაკის ათ ადამიანს რომ ჰკითხო, რამდენმა იცის საერთოდ, ვინ იყვნენ ისინი და რაში მდგომარეობდა მათი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს წინაშე?
საინფორმაციო ვაკხანალიაში საკუთარი სახელმწიფოს დადანაშაულება ომის დაწყებაში რატომ უნდა იყოს განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ობივატელისთვის? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანს ისედაც მწირი თვალსაწიერი აქვს, ან კარგად ცხოვრობს და შედეგებს საკუთარი კანის ფასად ვერ გრძნობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცალკეული ინტელექტუალები აქ პეპლებს ითვლიან და ორთქლსაც არ უშვებენ. ასეთ ვითარებაში დუმილი უკვე უბრალოდ დუმილი აღარ არის - ის ქმნის გარემოს, რომელშიც ფრაზა „ომი საქართველომ დაიწყო“ ნელ-ნელა ჩვეულებრივ, დასაშვებ აზრად იქცევა.
მე არ მჯერა, რომ "ოცნების" პარტიული ელიტის განცხადებები შემთხვევითი „წამოცდენებია“. ეს არ არის ფროიდისეული შეცდომა, როდესაც ადამიანმა უნებლიედ თქვა ის, რასაც სინამდვილეში ფიქრობდა. როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური შინაარსი სისტემატურად მეორდება, ის უკვე გზავნილია - შეგნებული და გააზრებული პოლიტიკური მოქმედება.
არც მკითხაობას ვაპირებ, თუმცა მიმართულება იმდენად ნათელია, რომ მომავლის შესაძლო ფრაზებიც თითქმის ისმის: „ომი არ გვინდა“, „ეს ყველაფერი სააკაშვილმა დაკარგა“, „რეალობას უნდა შევეგუოთ“, „იძულებულები ვართ ვაღიაროთ“. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღესვე გავიგოთ, სადამდე შეიძლება მივიდეს საკუთარ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობის გადატანა.
და ახლა აფხაზეთიდან დევნილებს ვკითხავ: ომი სააკაშვილმა დაიწყო? დანარჩენებსაც ვკითხავ: საქართველოში ომი საერთოდ როდის დაიწყო? 2008 წლის აგვისტოში? თუ გაცილებით ადრე, როცა კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, ქვეყანა შიდა ომში ჩაითრიეს და სახელმწიფოებრიობის რღვევა დაიწყო?
რამდენად უნდა გქონდეს სახელმწიფოს განცდა დაკარგული, რომ თქვა: საკუთარ ტერიტორიაზე საქართველომ „ომი დაიწყო“? რამდენად უნდა გეკიდოს ფეხებზე საკუთარი ქვეყანა, რომ აგრესიის პასუხისმგებლობა მასვე შეტენო?
ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მორალური აქტი აკლია და დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ."- აღნიშნავს გოჩა მირცხულავა.