War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

თეონა აქუბარდია: კობახიძის გაეროში გამოსვლამ აჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში უკანა პლანზე გადადის

ნახვები: 379 თეონა აქუბარდია: კობახიძის გაეროში გამოსვლამ აჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში უკანა პლანზე გადადის

 

პოლიტიკოს თეონა აქუბარდიას შეფასებით, ირაკლი კობახიძის გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლამ საქართველოს ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილება აჩვენა. მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო საქართველოს როლი სულ უფრო მეტად სატრანზიტო და ეკონომიკური ფუნქციით განისაზღვრება.

აქუბარდია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კობახიძის გამოსვლის რამდენიმე მიმართულებას განიხილავს. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ახსენა, თუმცა არ გაუჟღერებია მოთხოვნები რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, საოკუპაციო ძალების გაყვანისა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ.

„გაეროს ტრიბუნაზე ოკუპაციის ფაქტის აღნიშვნას მოჰყვა არა რუსეთის პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ხაზგასმა, არამედ მიმართვა აფხაზებისა და ოსებისადმი, ნდობის აღდგენაზე, საერთო ისტორიასა და ეკონომიკური განვითარების სიკეთეების გაზიარებაზე“, - წერს აქუბარდია.

მისი თქმით, შერიგება აუცილებელია, თუმცა ის ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგის გარეშე ვერ განხორციელდება. ამ კონტექსტში პოლიტიკოსი მიუთითებს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლების მოთხოვნებზე ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებთან და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით.

აქუბარდია ყურადღებას ამახვილებს „შუა დერეფანზეც“. მისი შეფასებით, კობახიძის გამოსვლის ყველაზე კონკრეტული საგარეო-ეკონომიკური ნაწილი საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას შეეხებოდა, თუმცა ამ კონტექსტში არ დასახელებულან აშშ, ევროკავშირი ან სხვა სტრატეგიული პარტნიორები.

„შუა დერეფანი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის, ის საერთაშორისო პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, კოორდინაციასა და დასავლეთთან დაკავშირებაზეა აგებული“, - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

აქუბარდიას თქმით, კობახიძემ კონკრეტული პარტნიორობების გაძლიერების ნაცვლად თანამშრომლობის წინაპირობებზე ისაუბრა, მათ შორის ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობაზე, დიალოგსა და ზეწოლის არარსებობაზე. მისი შეფასებით, ეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ენის ცვლილებაზე მიუთითებს.

პოლიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს როლი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი, ვიდრე კონკრეტული მედიაციის შედეგებით არის გამყარებული. აქუბარდია აღნიშნავს, რომ რეგიონული თანამშრომლობის პროცესში სომხეთი და აზერბაიჯანი კონკრეტულ პარტნიორობებსა და პროექტებზე საუბრობენ, საქართველო კი ძირითადად საკუთარ ინფრასტრუქტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ 2024 წლის გამოსვლისგან განსხვავებით, კობახიძეს 2026 წელს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ მიზნად აღარ დაუსახელებია.

„ევროპა რჩება როგორც მიმართულება, ბაზარი და შუა დერეფნის საბოლოო სივრცე, მაგრამ აღარ ჩანს როგორც საქართველოს პოლიტიკური არჩევანისა და საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის მიზანი“, - წერს აქუბარდია.

პოლიტიკოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების გზავნილებსაც ადარებს და აღნიშნავს, რომ მათ კონკრეტულ საერთაშორისო პარტნიორობებსა და რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე ისაუბრეს.

„საქართველოს გეოგრაფიული მნიშვნელობა არ გამქრალა, მაგრამ მისი პოლიტიკური გამოყენების მექანიზმი სუსტდება. ქვეყანა ისევ დგას შუა დერეფნის გზაზე, ისევ აქვს შავი ზღვის გასასვლელი და ისევ აქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, მაგრამ თუ ამ ფუნქციას აღარ ახლავს მკაფიო ევროპული მიზანი, კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორობები, უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო მხარდაჭერის მოთხოვნა, გეოპოლიტიკური ფუნქცია ნელ-ნელა მხოლოდ ეკონომიკურ ფუნქციად შეიძლება გადაიქცეს“, - აცხადებს აქუბარდია.

მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის ეკონომიკური გამოყენება, არამედ ამ მდებარეობის პოლიტიკური გაძლიერება ევროპული ინტეგრაციის, სტრატეგიული პარტნიორობებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საერთაშორისო მხარდაჭერის საფუძველზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა