არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია

ნახვები: 224 გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია

 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა სრულ ჩანაწერს არ ასახავს და მასში არ მოხვდა ის ეპიზოდები, რომლებშიც, მისი მტკიცებით, მისი შვილის მიმართ ძალადობა ჩანს.

როგორც ირმა დავითაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროკურატურაში მას ხუთი ვიდეოფაილი აჩვენეს, რომლებშიც, მისი თქმით, ასახულია როგორც პატიმრის მიმართ ძალადობა, ასევე მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.

„რასაკვირველია, ეს სრული კადრები არ არის. მე რა კადრებიც პროკურატურამ მანახა, 5 ფაილს შეიცავდა. ჩემი შვილი გამოიყვანეს საკნიდან და 20 წუთის სავალი გზა გაიარეს ჯურღმულებში, სადღაც მიწურში, როგორც ჩანს, აქვთ ოთახი, სადაც გადაჰყავთ პატიმრები, რომლებზეც უნდა იძალადონ. 9 კაცს მიჰყავდა, ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, წინ გიორგი და გვერდით ბადრაგები, უკან 9 კაცი და ერთი ადამიანი, რომელსაც თეთრი ხალათი ჰქონდა მოცმული, რომელიც დაზუსტებით ვიცი, რომ ექიმი იყო, ალბათ ფიქრობდნენ, თუ ცუდად გახდებოდა, მთლად ხელში რომ შემოჰკვდომოდათ, არ უნდოდათ.

იმედს ვიტოვებ, ექიმი გამოვა, სინდის-ნამუსი შეაწუხებს და განაცხადებს, რა ხდება მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორი ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, შეურაცხყოფა, ღირსების აყრა. მოძალადე შოთა ტრაპაიძე კარგად გაწვრთნილი ჯალათია, „ნაცების“ დროიდან გაზრდილი და გამოზრდილია, ამ ხელისუფლებამ დაიტოვა და, როგორც ჩანს, დიდ პატივში ჰყავთ, მაგრამ ვერ ეღირსებიან! 2013 წელს მასზე საქმეც აღიძრა და გადააყენეს, მაგრამ მერე, ეტყობა, „ოცნებამ“ ისევ დააბრუნა. როგორც ვიცი, მაღალჩინოსნებთან ნათესაური კავშირი აქვს. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც იგივე ჯალათები სჭირდება“, – აცხადებს დავითაძე.

მისივე მტკიცებით, გასაჯაროებულ ვიდეომასალაში არ მოხვდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

„ბევრი ნაწილი აკლია, 5 ფაილია, როგორ შეჰყავთ გიორგი, როგორ არის მასზე ზეწოლა, გადაგრეხილ მდგომარეობაში, საწოლზე გადაკუზვით როგორ აწვენენ და ზემოდან ახტება 10 კაცი. ერთი მხრიდანაა მხოლოდ კადრი აღებული, რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს. სადაც კარგად ჩანს კვარაცხელია [ბადრაგი], ხელის მოძრაობით რასაც აკეთებს, არ მინდა გამეორება, გული მაქვს ცუდად, ეს არის მათთვის გაუპატიურება, სინდისის აყრა, ჰგონიათ, რომ ამით გიორგის სინდისი აყარეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან!

სასწრაფოდ პასუხისგებაში იქნას მიცემული ტრაპაიძე, სასწრაფოდ დაატოვებინონ თანამდებობა ასეთ მოძალადეს, რადგან იქ სხვა პატიმრებიც საშინელ დღეში არიან. დარწმუნებული ვარ, ახლა პატიმრებს დააწერინებენ, რომ იქ ყველაფერი კარგადაა, ეს ტრაპაიძეს არაერთხელ გაუკეთებია, ეს არ დაუჯეროთ. ისინი ზეწოლის, გაუპატიურების, ცემის მსხვერპლები არიან. ვიცი ბევრი მშობელი, რომელიც საუბრობს, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში რა ხდება“, – აცხადებს დავითაძე.

მისივე თქმით, ვერ დაიჯერებს, რომ დაწესებულების თანამშრომლები მსგავს ქმედებებს ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად ახორციელებდნენ. დავითაძე ასევე აცხადებს, რომ მის შვილს უთხრეს: „გარედან შემოგითვალეს, თუ ჭკვიანად არ იქნები, მერე იქნება შემდეგიო“.

კითხვაზე, ვის შეიძლება გულისხმობდეს აღნიშნული გზავნილი, ირმა დავითაძე პოლიციელ შალვა ფერაძეს ასახელებს, რომელთან დაკავშირებული ინციდენტის გამოც, მისი თქმით, გიორგი დავითაძე 17-წლიან სასჯელს იხდის.

დავითაძის მტკიცებით, მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები მის აქტიურ პროტესტსაც უკავშირდება.

„ეს ყველაფერი დაიწყო ჩემი აქტიური პროტესტების გამო. აქტიურად აღარ ვემხრობი „ქართულ ოცნებას“, 4-5 წელია, რაც ყველანაირ კურსს გადაუხვიეს, ახალგაზრდები ქუჩაში სცემეს, ეს ყველაფერი არ მომწონდა, ვაპროტესტებდი, ეს არ მაპატიეს“, – განაცხადა მან.

ირმა დავითაძე ამტკიცებს, რომ გიორგი დავითაძეს შალვა ფერაძემ პროვოკაცია მოუწყო და მათ შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორივე მხარემ გამოიყენა იარაღი. ამასთან, ის არ უარყოფს, რომ მისმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა აცხადებს, რომ ეს პატიმრის მიმართ ძალადობას ვერ გაამართლებს.

„მე არ ვამბობ, ჩემი შვილი სრულად მართალია-მეთქი, მაგრამ ადამიანი როცა უკვე ციხეშია, დასაჯე, არავის აქვს უფლება, ასე მოექცეს პატიმარს, ამის უფლებას არავის მივცემ. ადამიანი სულ რომ მკვლელი იყოს, უფლება არ გაქვს, ადამიანს ასე მოექცე“, – განაცხადა დავითაძემ.

მისივე მტკიცებით, შალვა ფერაძემ პირადი და სამსახურებრივი კავშირები გამოიყენა, რათა გიორგი დავითაძე ციხეში „განსაკუთრებულად დაესაჯათ“.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგის თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დავითაძის მტკიცებით, შემთხვევა დეესკალაციის ოთახში მოხდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მომხდარი ვიდეოკამერებით არის დაფიქსირებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს და მათ დეზინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებით, გიორგი დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა