ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?

ნახვები: 221 ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის ადმინისტრაციის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, რუსული დიზელის საწვავის საერთაშორისო ბაზარზე დაშვება ენერგორესურსების ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. მისი შეფასებით, რუსეთის მიერ საექსპორტოდ შეთავაზებული მოცულობა იმდენად მცირეა მსოფლიო მოხმარებასთან შედარებით, რომ ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ამჟამად თვეში 300-დან 500 ათას ტონამდე ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობა აქვს, მაშინ როდესაც მსოფლიო მოხმარება თვეში დაახლოებით 120 მილიონ ტონას შეადგენს.

„არ ვფიქრობ, რომ დიზელის ის მოცულობა, რომლის ექსპორტსაც რუსეთი განახორციელებს, ფასებზე იმოქმედებს. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მოხმარება თვეში 120 მილიონი ტონაა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას? ვფიქრობ, არანაირი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქვს — ნება მისია“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, რუსულ დიზელთან დაკავშირებული შეთანხმების მიღმა შესაძლოა სხვა მოტივები იდგეს.

ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინასთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმება შესთავაზა და აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის ექსპორტისა და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაზე გავლენის მოხდენა სწორედ უკრაინას შეუძლია.

„თუ ასეთი ნაბიჯები იდგმება, მაშინ რატომ არ დებს ამერიკა „დიზელის გარიგებას“ უკრაინასთან? დაე, უკრაინამ შესთავაზოს მას „დიზელის გარიგება“. სწორედ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც გავლენას ახდენს იმაზე, გაცურავენ თუ არა რუსული ნავთობმზიდი გემები და იმუშავებენ თუ არა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, კიევისთვის შესაძლო შეთანხმების მთავარი პირობა ქვეყნის ენერგოსისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

„ჩვენთვის ელექტროენერგია მნიშვნელოვანია. აქ ყველაფერი ნათელია. თუ გარანტირებულად გვექნება ჩვენი ენერგოსისტემის დაცვა, მაშინ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ რუსულ დიზელის ინფრასტრუქტურაზე“, — აღნიშნა მან.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მნიშვნელობა არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც აქვს.

მისი თქმით, უკრაინა დაკავშირებულია ევროპულ ელექტროენერგეტიკულ ქსელთან და საკუთარი ენერგომომარაგების შეუფერხებლად ფუნქციონირების შემთხვევაში შესაძლოა ელექტროენერგიის დეფიციტის მქონე ევროპულ ქვეყნებსაც დაეხმაროს.

„ელექტროენერგია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დახმარებაა, მათთვის სინათლის მიწოდებაა. ეს ასევე ევროპის დახმარებაცაა, რადგან ყველამ იცის, რომ ჩვენ ევროპულ ქსელთან ვართ მიერთებული. თუ ჩვენი ენერგომომარაგება არ შეიზღუდება, შევძლებთ შედარებით იაფი ელექტროენერგიის მიწოდებით დავეხმაროთ ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც დეფიციტი აქვს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის აშშ-თან შეთანხმებისთვის, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმების საკითხს დაუკავშირდება.

„მოდით, მოვაწეროთ ხელი შესაბამის „დიზელის გარიგებას“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა აშშ-ისა და რუსეთის დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც, ვაშინგტონის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების გაზრდასა და საწვავის ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმებას რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დაბრუნების შესაძლო ინსტრუმენტადაც განიხილავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა