ამის შესახებ ზურაბიშვილმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასა და ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება პირადად გამოსცადა, როდესაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
„საკონსტიტუციო სასამართლოს დევნის ინსტრუმენტად გადაქცევა ჩემს თავზე მაშინ გამოვცადე, როდესაც ჩემს მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყეს. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ ის სამი მოსამართლე იყო, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ხანია ჩამოშორდა თავის ძირითად ფუნქციას — კონსტიტუციური წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვას.
„ჩვენ რომ ნამდვილი საკონსტიტუციო სასამართლო გვქონდეს, მაშინ ჩვენ სასამართლოც გვექნებოდა და, ზოგადად, დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში, რაც დღეს არ არის დაცული“, — აღნიშნა მან.
ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზანი მისთვის გაუგებარია, რადგან, მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების საქმიანობა მანამდეც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული.
მისი ვარაუდით, ახალი შეზღუდვების დაწესება შესაძლოა მიზნად ისახავდეს ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავებას.
„ეს ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთი გზა გადაჭრან ჩვენსა და ევროკავშირს შორის, რომ ამაზე ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ რეაქცია და საქართველოს მეტი იზოლაცია მოჰყვეს. ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესების მიხედვით მსვლელობაა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა ისტორიულ ავტორიტარულ რეჟიმებთანაც შეადარა. მან მაგალითად ნაცისტური გერმანია, მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი და ბელარუსი დაასახელა.
ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით წარმოაჩენს, სადაც პოლიტიკური კონკურენცია ხელისუფლების მიერ მკაცრად იზღუდებოდა.
„არაფერი ამართლებს, არანაირი საფუძველი არ არის. თუ დავუბრუნდებით ისტორიას და ვნახავთ, რომელ ქვეყნებში არის ასეთი აკრძალვები, სად იყო მიღებული აკრძალვები, დავუბრუნდებით ჰიტლერის გერმანიას, მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს, ბელარუსს“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ კითხვები შესაძლოა „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერებსაც გაუჩინოს, რომლებიც აქამდე მმართველი გუნდის პოლიტიკას იზიარებდნენ.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის, თუმცა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს დამატებით ზიანს მიაყენებს.
„რეალურად, ამით შიგნით არაფერი იცვლება, მაგრამ ძალიან ცუდად გამოვიყურებით მსოფლიოში. ამ ფორმით რუსეთმაც არ აკრძალა. რუსეთმა შეზღუდა ბევრი უფლება ყველა ოპონენტს, მაგრამ აკრძალვით ასე არ აუკრძალავს. ჩვენ უფრო „მაგრები ვართ““, — განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღნიშნული თარიღების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის ხელისუფლების შესაძლო მოტივებისა და რუსეთის ინტერესებთან კავშირის შესახებ, მის პოლიტიკურ შეფასებებს წარმოადგენს. პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.