ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რატომ გააქვს შეერთებულ შტატებს საკუთარი წარმოების დიზელის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში საწვავის იმპორტი კვლავ საჭიროა.
გოცირიძე გამოცემა New York Post-ის ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, რუსული დიზელის პირველი პარტია აშშ-ში დაახლოებით ორ კვირაში, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე უნდა შევიდეს.
მისი თქმით, აშშ ყოველწლიურად 200 მილიონ ტონაზე მეტ დიზელს აწარმოებს, საიდანაც დაახლოებით 60 მილიონი ტონა ექსპორტზე გააქვს. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამ მოცულობის საწვავის შიდა ბაზარზე დატოვებას რამდენიმე ეკონომიკური, გეოგრაფიული და სამართლებრივი ფაქტორი აფერხებს.
პირველ მიზეზად ის ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიულ განაწილებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ შესაძლებლობებს ასახელებს.
მისი განმარტებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მნიშვნელოვანი ნაწილი მექსიკის ყურის სანაპიროზე, ძირითადად ტეხასსა და ლუიზიანაში მდებარეობს. ამ რეგიონებიდან დიზელის საზღვაო გზით ევროპასა და ლათინურ ამერიკაში გადაზიდვა ხშირად უფრო იაფია, ვიდრე მისი ტრანსპორტირება აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ან დასავლეთ შტატებში.
„ტეხასში წარმოებული ჭარბი დიზელის საზღვაო ტანკერებით გაგზავნა ლათინურ ამერიკაში ან ევროპაში ბევრად იაფი და სწრაფია, ვიდრე მისი შიდა ტრანსპორტირება აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ან დასავლეთ შტატებში“, – წერს გოცირიძე.
მეორე ფაქტორად ყოფილი პარლამენტარი ე.წ. ჯონსის აქტს ასახელებს. 1920 წელს მიღებული კანონი აშშ-ის პორტებს შორის საზღვაო ტვირთების გადაზიდვას სპეციალურ მოთხოვნებს უქვემდებარებს, მათ შორის ამერიკული წარმოების, რეგისტრაციისა და ეკიპაჟის პირობებს.
გოცირიძის შეფასებით, ასეთი გემების შეზღუდული რაოდენობა და მათი მომსახურების მაღალი ღირებულება ამერიკული საწვავის შიდა საზღვაო გადაზიდვას აძვირებს. მისი განცხადებით, შესაბამისი ტანკერების დაქირავება საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ უცხოურ გემებთან შედარებით დაახლოებით სამჯერ ძვირია.
მესამე მიზეზად გოცირიძე ამერიკის თავისუფალი ბაზრის პრინციპებსა და ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების კერძო საკუთრებას ასახელებს.
მისი თქმით, საწარმოები პროდუქციას იმ ბაზრებზე ყიდიან, სადაც უფრო მაღალი მოგების მიღება შეუძლიათ, ხოლო სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიებს საწვავის გაყიდვის გეოგრაფია და ფასი პირდაპირ უკარნახოს.
„ტრამპი ვერაფერს უბრძანებს ამერიკულ ნავთობკომპანიებს – თავისუფალ ბაზარზე ფასს და მიწოდების გეოგრაფიას მოთხოვნა-მიწოდება წყვეტს და არა პრეზიდენტის დირექტივა“, – წერს გოცირიძე.
ამასთან, მისი განმარტებით, ნავთობის გადამუშავების ტექნოლოგიური თავისებურებების გამო ქარხნები ერთდროულად სხვადასხვა სახის საწვავს აწარმოებენ. შესაბამისად, ჭარბი დიზელის ექსპორტის შეზღუდვამ შესაძლოა საწარმოებში მარაგების დაგროვება და გადამუშავების მოცულობის შემცირება გამოიწვიოს.
გოცირიძის შეფასებით, ასეთმა პროცესმა შესაძლოა ბენზინისა და სხვა ნავთობპროდუქტების მიწოდებაზეც უარყოფითად იმოქმედოს.
ყოფილი პარლამენტარი ასკვნის, რომ აშშ-ში დიზელის წარმოების დიდი მოცულობა ავტომატურად არ ნიშნავს ქვეყნის ყველა რეგიონში საწვავის იაფად მიწოდების შესაძლებლობას.
„ამერიკას აქვს ჭარბი დიზელი, თუმცა მისი შიდა ბაზარზე გადანაწილება ლოგისტიკური ბარიერებისა და „ჯონსის აქტის“ გამო იმდენად ძვირი ჯდება, რომ საწვავის საზღვარგარეთ გაყიდვა და სხვა რეგიონებიდან იმპორტის მიღება ეკონომიკურად ბევრად მომგებიანია“, – აღნიშნავს ის.
რაც შეეხება რუსული დიზელის შესაძლო იმპორტს, გოცირიძე მიიჩნევს, რომ მისი გავლენა საწვავის ფასებზე იმდენად მცირე იქნება, რომ ვერ გაამართლებს გადაწყვეტილებით გამოწვეულ პოლიტიკურ შედეგებს.
„მოახდენს თუ არა რუსული დიზელი ფასებზე გავლენას მსოფლიო თუ ამერიკის ბაზარზე? იმდენად უმნიშვნელოდ, რომ არც კი ღირდა იმ უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანად, რაც ტრამპს, ამერიკას მოუვიდა“, – წერს ყოფილი პარლამენტარი.
ამასთან, გოცირიძე ვარაუდობს, რომ რუსული დიზელის იმპორტის საკითხში აშშ-ის ადმინისტრაციას შესაძლოა მხოლოდ არჩევნებამდე საწვავის ფასების შემცირების მიზანი არ ამოძრავებდეს.
„როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში არჩევნებამდე მხოლოდ ფასების დაგდება არც ყოფილა მთავარი მიზანი“, – აღნიშნავს ის.
რომან გოცირიძის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური მაჩვენებლები და რუსული დიზელის იმპორტის მოსალოდნელი შედეგები მის განცხადებას ეფუძნება. რუსული საწვავის შესაძლო მიწოდების მოცულობა, პირობები და ფასებზე რეალური გავლენა მოწოდებულ ინფორმაციაში დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
წყარო: რომან გოცირიძის განცხადება Facebook-ზე