ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი დაფინანსება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქალთა გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას მოხმარდება.
„საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება. 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
დაფინანსებული პროექტები მოიცავდა სოფლის მეურნეობის განვითარებას, რეგიონებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციას.
„ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს ევროკავშირი ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში“, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი დაფინანსება რვა ძირითად მიმართულებას მოიცავს:
-
პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
-
შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარება;
-
სოფლებისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მათ შორის ქალთა მონაწილეობის გაძლიერება;
-
ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
-
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
-
უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
-
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
-
აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებასთან დაფინანსების მიმართულებით შეცვლილი პოლიტიკისა, ევროკავშირი განაგრძობს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზეა ორიენტირებული.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, როგორ გადანაწილდება 38 მილიონი ევრო ცალკეულ პროგრამებზე და რომელი ორგანიზაციები განახორციელებენ დაფინანსებულ პროექტებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა კვლავ მისი პრიორიტეტია.