საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ახალი რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმებისას სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბებისთვის შემდეგი სანქციებია გათვალისწინებული:
-
პირველი დარღვევა – 100 ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება;
-
განმეორებითი დარღვევა – 200 ლარის ჯარიმა და 20 ქულის დაკლება;
-
მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევა – 300 ლარის ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.