ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. გათავისუფლებისას მან განაცხადა, რომ პატიმრობა მის პოზიციასა და საქმიანობას ვერ შეცვლის.
„არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი და ის სიტყვები შეაქვს, რაც არ უნდა, რომ გაიგოს. ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება. მათი გზავნილია: „ყველას დაგიჭერთ“, „ყველას ჯარიმებს დაგიწერთ“! ჰქონდეთ ეს გზავნილი. ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია!“ – განაცხადა სანაიამ.
ჟურნალისტის თქმით, ადმინისტრაციული პატიმრობა, მისი ხანგრძლივობისა და განმეორების მიუხედავად, ვერ შეცვლის მის დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენების მიმართ.
სანაიამ ყურადღება გაამახვილა იმ პირებზეც, რომლებსაც პოლიტიკურ და „სინდისის პატიმრებად“ მიიჩნევს და აღნიშნა, რომ საზოგადოების ძალისხმევა მათი გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.
„ძალიან მეუხერხულება საუბარი, რომ ერთი თვე ვიყავი საპატიმროში, 14 დღე თუ ასე შემდეგ... ჩვენ ისეთი ხალხი გვყავს ციხეში, ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, „სინდისის პატიმრები“, ყველა მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდეთ, რათა ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. აუცილებლად მივიყვანთ“, – აღნიშნა მან.
სანაიას განცხადებით, არც ჯარიმები და არც პატიმრობა არ გახდება მიზეზი, რომ მან საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვაზე უარი თქვას.
„რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვისაუბრებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. არ გვეშინია არანაირი მეთოდის. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან გათავისუფლებულ ჟურნალისტს ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.