ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ინტენსიურ მკურნალობას გადის.
ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, თუმცა ინტენსიური მკურნალობის ფონზე სტაბილურობას ინარჩუნებს.
„უცვლელია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმძიმესია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ინტენსიური მკურნალობის ფონზე, ინარჩუნებს სტაბილურობას“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა.
აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.