ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

დავით გარეჯი და ვირტუალური ჩოხოსნები

02.02.2021 | 12:17 ნახვები: 937

ავტორი: თენგიზ აბლოთია

საქართველოში არსებობს ვირტუალურ ურა-პატრიოტთა საკმაოდ დიდი ფენა, რომელიც დღე და ღამე, ციფრული სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძვის ქვეყნის მრავალ მტერს სოციალურ ქსელებში.
მათ რომ მოუსმინოთ, საქართველო გარშემორტყმულია მოსისხლე მტრებით, რომლებსაც როგორც მინიმუმ, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მიწების წაგლეჯვა, მაქსიმუმ კი ღვთისმშობლის წილხვედრი ერის ისტორიის სანაგვეზე გაშვება სურთ.
მათი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი შთამბეჭდავია - მათ უკვე გამოუცხადეს ომი ყველა მეზობელ ქვეყანას, დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები და აღმართეს იქ ამაყი ქართული დროშა.
რომ არ იცოდეთ, რა ქვეყანაზეა საუბარი და დასკვნები მათი განცხადებებიდან გააკეთოთ, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ საქართველო არის ძლევამოსილი, მაღალორგანიზებული, დისციპლინირებული, და ერთ მუშტად შეკრული მრისხანე იმპერია, რომელსაც ნებისმიერი მტრის დამარცხება შეუძლია - მით უმეტეს ისეთის, რომელმაც ხელი წმინდა ქართულ მიწაზე აღმართა.
შესაბამისია მათი გვერდები სოციალურ ქსელებშიც - მრისხანე მამაკაცები ეროვნულ სამოსში სვანური კოშკების ფონზე, ეკლესიები, პატრიარქი და ისეთი ციტატები, როგორც „სპარსები ქართველებს მგლებს უწოდებდნენ" და „როდესაც სპარსი შახი გაგიჟდებოდა, ის საომრად საქართველოში მიდიოდა".
მოკლედ, სინამდვილეს სრულიად მოწყვეტილი, წმინდა წყლის ფანტაზია, რომელსაც რეალურ საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს.
იმ რეალური საქართველოსთან, რომლის ნახევარი მოსახლეობა - დეგრადირებული, არაფრის მაქნისი და გალოთებულ-განარკომანებულია. იმ რეალური საქართველოსთან, რომელიც დაკარგული ტერიტორიებს დაბრუნებას კი არა, ჯერ კიდევ არსებული მიწების მოვლას თავს ვერ აბამს.
არავის არ უჩნდება კითხვა - ომს რომ აპირებთ რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ირანთან ერთდროულად - ზედმეტი ხომ არ მოგდით? თუ გახსოვთ 40-ან წლებში მთელს სამეზობლოსთან ომი ორმა ერმა გადაწყვიტა - გერმანელებმა და იაპონელებმა.
ორმა უძლიერესმა, ჭკვიანმა და უმაღლეს დონეზე დისციპლინირებულმა ერმა. მათხოვარი-ქართველები ახლოს რომ ვერ მივლენ, ისეთმა ერებმა. და რითი დასრულდა ეს მცდელობა - ყველას გვახსოვს - ორივე ქვეყანა სრულიად განადგურდა, ერთმა კი 2 ატომური აფეთქება მიიღო.
ტრადიციულ მამა-პაპურ ქართველებს 5-წლიანი ომი და 2 ატომური ბომბი არ დასჭირდებათ - სადმე ცხვირი შემთხვევით რომ ჩაყონ - 1 საათში პანღურით გაისტუმრებენ.
ნორმალური, ადეკვატური და ქმედითუნარიანი ქართველები კი 300 წლის წინ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად საომრად არ წავლენ.
თუმცა, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ავამყოფური იდეოლოგია „გამოუცხადოთ ომი ყველა მეზობელს" არის უწყინარი ახირება, რომელიც მხოლოდ სოციალურ ქსელებში არსებობს.
ეს საზოგადოების გარკვეული, არც თუ მცირე ნაწილის განწყობაა და შესაბამისად, მას რეალურ, მიწიერ ცხოვრებაში გარკვეული პოლიტიკოსებიც ახმოვანებენ - აი ისეთები, პატრიოტიზმზე, ქართველობაზე, და მართლმადიდებლობაზე ზომაზე მეტს რომ ლაპარაკობენ.
თუ ვირტუალური ჩოხოსანი-კიბორგები თავიანთ ილუზორულ სამყაროს როგორც წესი ნებაყოფლობით, მხოლოდ თავიანთი ფანტაზიის ძალით ქმნიან, რეალურ პოლიტიკაში დიდი მართლმადიდებელი ძმის ხელი აშკარად ჩანს.
საბოლოოდ ეს მიდგომა ჩამოყალიბდა იდეოლოგიაში, რომლის ერთ-ერთი თეზისია „რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თურქეთიც - ასევე ოკუპანტია".
გასაგებია რატომაც - ამით ყურადღების გადატანა ხდება რეალური პრობლემიდან ვირტუალურზე, თანაც, მოსახლეობაში ღრმად ჩაბუდებული ისლამოფობიის და თურქოფობიის გათვალისწინებით, ჩანაცვლების უკეთეს ობიექტს ვერც მოიფიქრებ.
ერთი შეხედვით, ამ იდეოლოგიაში სიმართლის მარცვალი არის - მართლაც, საქართველოს დანაწევრებაში თურქეთს არა ნაკლები წვლილი მიუძღვის, ვიდრე რუსეთს, მაშ რატომაა მოსკოვი ოკუპანტი, ხოლო ანკარა - მოკავშირე?
სინამდვილეში კი - სხვაობა იმაშია, რომ თურქეთთან მიმართებაში საქმე გვაქვს საუკუნეების წინაში მომხდარ მოვლენებთან. 300 წლის წინ მთელი მსოფლიო, მათ შორის დღევანდელი პოლიტკორექტული ევროპა, ერთმანეთს მიწებს ართმევდა. ეს უკვე ჩავლილი ისტორიაა, რომლის შებრუნება შეუძლებელია.
ეს მიწები უკვე ათვისებულია და მსოფლიოს მიერ აღიარებულია, დღევანდელი საერთაშორისო თამაშის წესები ურყევი პრინციპი კი არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა. დღეს ევროპაში ქვეყნებმა რომ დაიწყონ გამოძიება, ვინ ვის რა წაართვა - მთელი მსოფლიო წესრიგი ნაწილ-ნაწილ დაიშლება.
რუსეთთან კონფლიქტი კი დღეს, რეალურ დროში, საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გვაქვს, ეს კი სულ სხვაა.
ბოლო პერიოდში ვირტუალური ჩოხოსნები განსაკუთრებულად აქტიურობენ დავით გარეჯის საკითხში. აქაც იგივეს ვხედავთ - უშვერ გინებას მეზობელი ერის მიმართ, რომელიც, თანაც, ადგილობრივ აზერბაიჯანელებზეც ვრცელდება, ისევ დაპირისპირება, კონფრონტაცია და ურყევი რწმენა, რომ ლანძღვა-გინებით და დაპირისპირებით დაკარგული მიწების დაბრუნება შეიძლება.
აქვს თუ არა საქართველოს აზერბაიჯანთან დაპირისპირების ფუფუნება? ეს კითხვა არავის ებადება - რამე რომ იყოს, ომში სისხლის დაღვრა სხვებს მოუწევს, ხოლო ვირტუალური პატრიოტები და სამღვდელოება ცეცხლზე ნავთის დასხმას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
მათ ხომ ძალიან უყვართ ომი სისხლის ბოლო წვეთამდე - სხვისი სისხლის.
დავით გარეჯის პრობლემის ასე თუ ისე გადაწყვეტას სჭირდება სიმშვიდე და სიჩუმე. ეს არის საკითხი, რომელიც არა სოციალურ ქსელებში, არა ტელედებატებში და არა მიტინგებზე, არამედ დიპლომატების კაბინეტებში უნდა გადაწყდეს.
ნებისმიერი აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და მისი პოლიტიზება, დავიდ გარეჯის პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივად აქცევს.
ის ტერიტორია, რომელიც დღეს ბაქოს იურისდიქციის ქვეშა, მსოფლიოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიადაა აღიარებული, ამიტომაც მისი გადაცემა, ფაქტიურად ჩუქება საქართველოსთვის - სრულიად გამორიცხულია.
დღეს საქართველოს დიპლომატიის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლამდელი მდგომარეობის დაბრუნება და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თანაბარი წვდომა ორივე ქვეყნისთვის.
ეს სრულიად შესაძლებელია, ოღონდ ამას აკადემიური მიდგომა, და არა ვირტუალური პატრიოტების ლანძღვა-გინება სჭირდება.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა