არშემდგარი დიქტატურის დასრულება

03.03.2021 | 14:25

ავტორი: თენგიზ აბლოთია

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების იდეური დასაყრდენია ფანატი-ანტიმიშისტების ფენა - სავარაუდოდ, მოსახლეობის 10-15%, რომლისთვისაც სააკაშვილის ზიზღი აკვიატებულ იდეად იქცა.
თავად ქოც-მეთაურებიც ასეთები არიან, რაც მათ ყოველ საჯარო გამოსვლაში ჩანს. თუმცა, ასეც რომც არ იყოს, სწორედ ამას მოითხოვს მათგან იდეური ამომრჩეველი. რა თქმა უნდა, ამ შემთვევაში საუბარი არაა ადმინისტრაციულ რესურსზე - საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლებზე, რომლებიც მხარს ნებისმიერ ხელისუფლებას თავიანთი ხელფასების შენარჩუნებისთვის უჭერენ - იქნება ეს „ქართული ოცნება" თუ ნაცმოძრაობა.
საუბარია კოლექტიურ გოგა ხაინდრავაზე, რომლისთვისაც დღესაც ყველაზე აქტუალური თემებია 7 ნოემბერი, გირგვლიანის საქმე, სოფო ნიჟარაძის მკერდის მოჭმა, ზურაბ ჟვანია ე.წ. „მკვლელობა", სანდრას მიერ პატიმრების ორგანოებით ვაჭრობა, და ა.შ.
რაოდენობრივად ეს ამომრჩეველი ნაკლებია, ვიდრე მორჩილი ადმინრესურსი, თუმცა, „ქართულ ოცნებას" არსებობის არსს სწორედ ის უქმნის.
ჯერ კიდევ 2012 წლიდან, ეს კატეგორია ნაცმოძრაობის ფიზიკურ განადგურებაზე ოცნებობს. სწორედ მათგან ისმის ყველაზე დიდი უკმაყოფილება ე.წ. კოჰაბიტაციაზე, რომელიც სინამდვილეში იყო მხოლოდ წინა ხელისუფლების კანონიერი ვადის დასრულების პერიოდი, და მეტი არაფერი.
გაუგებარია, რას ელოდებოდნენ იდეური ქოცები თავიანთი ხელისუფლებისგან და რატომ გაუნაწყენდნენ ფორმალობად ქცეულ კოჰაბიტაციას? ალბათ იმას, რომ „ოცნების" ხელისუფლება საჯაროდ ჩამოახრჩობდა ყველას, ვინც მიშას ხელი ჩამოართვა...
მაგრამ რეალობა სხვანაირად წარიმართა.
პირველი, ვისი იმედიც მათ ჰქონდათ - ბიძინა ივანიშვილი იყო. მართლაც, ვინ, თუ არა 2012 წლის ტრიუმფის ავტორი და შემსრულებელი, შეძლებდა ნაცმოძრაობის დასრულებას, მისი ლიდერების და აქტივისტების სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ჩაყუდებას?
თუმცა, მზეთამზემ მათ იმედები გაუცრუა - ე.წ. კოაბატიცია არ დაასრულა და ნაცმოძრაობის ყოველი ცალკე აღებული წევრი ცოცხლად არ გაატყავა, ან არ მოხარშა „მაზუთში".
რა თქმა უნდა, ეს ობიექტური მიზეზების გამო მოხდა - პირველი რიგში იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში კანონიერების აღდგენის და პროცედურებისადმი ერთგულების ლოზუნგით მოვიდა, ნადირობას ადამიანებზე ვერაფრით ვერ დაიწყებდა. ვერც „კოაბიტაციაზე" იტყოდა უარს - სააკაშვილს და უგულავას მათი უფლებამოსილების კანონიერი ვადის გასვლამდე ვერაფრით ვერ გააგდებდა და ნაცმოძრაობის აქტივისტებს და ლიდერებს, რომლებზეც დანაშაულის არავითარი მტკიცებულებები არ არსებობდა, ვერ გაასამართლებდა.
2013 წელს ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად წავიდა სახლში და წინა პლანზე ქოც-ფან-კლუბის ერთ-ერთი მთავარი იმედი გამოჩნდა - ირაკლი ღარიბაშვილი.
აი, ვის შეუძლია ნაცმოძრაობის დასრულება!! ახალგაზრდა, ენერგიული, ხისტი, ნაცებს ზომაზე მეტად ვერ იტანს.. ვინ, თუ არა ის?
თუმცა, არც აქ დაადგათ საშველი - ღარიბაშვილი ნაციონალებს როგორც შეეძლო ისე დევნიდა - იჭერდა, აპატიმრებდა, „ტიტუშკებს" უსევდა, ქუჩაში გავლის საშუალებას არ აძლევდა - თუმცა, ნაცების საბოლოოდ ცოცხლად შეჭმა ვერც ღარიბაშვილმა მოახერხა.
მერე კვირიკავშილის ეპოქა იყო, რომელიც საპირისპირო ტენდენციის - დამშვიდების და მეტ-ნაკლები თანაარსებობის - დრო იყო. გასაგებია, რომ რადიკალურად განწყობილ კოლექტიურ გოგა ხაინდრავას მისი დიდი იმედი არ ჰქონდა.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმიტაციას ცოცხალი გაუგებრობა - საკუთარი თავში აშკარად ზომაზე მეტად შეყვარებული, კაცი არსაიდან - მამუკა ბახტაძე ახდენდა.
მამუკა ბახტაძე და იმედი - ორ საწინაამღდეგო პოლუსბეზე იყვნენ, და გასაგებია, რომ ნაცების ცოცხლად შეჭმას არც მისგან ელოდნენ.
ზეიმი ქოცების ბანაკში გიორგი გახარიას მოსვლამ გამოიწვია - აი, ძლიერი პიროვნება, რკინის ხელი, არაფრის არ ეშინია და არაფრის არ ერიდება... ვინ, თუ არა ის შეძლებს ნაცების საბოლოოდ დასრულებას?
გახარია ამ წმინდათა წმინდა ვალდებულებას სრული სერიოზულობით მიუდგა - იჭერდა, არბევდა, სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდა, მის პერიოდში დაიჭირეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.
მოკლედ, მეტი რა ექნა? მართლაც ცოცხლად ხომ არ მოხარშავდა ოპოზიციას, რომელიც, უკვე ნაცმოძრაობის ფარგლებს მნიშვნელოვნად გასცდა?
და აი, ქოც-ხაინდრავების ბოლო იმედი - ისევ „რკინის ირაკლი"... ამჯერად კი ნამდვილად დაასრულებს.. ყველას ციხეში ჩასვამს, ვინც გარეთ დარჩება - ქუჩაში ვერ გავა და ქართული ანბანიდან ასოებს „მ", „ს", და „ნ"-ს ამოიღებს".
პირველივე დღეს ახალი პრემიერის უკიდურესად აგრესიულმა რიტორიკამ მათში იმედის ნაპერწკალი ცეცხლად აქცია.
თუმცა - აქაც მოლოდინი არ გამართლდა. ნაცმოძრაობის ცოცხლად შეჭმა ნიკა მელიას იძულებითი დაჭერით შემოიფარგლა, დანარჩენი კი ისევეა, როგორც იყო მთელი გასული 8 წელი -- ვიღაცა გამოდის ქუჩაში, ვიღაცა კარვებს შლის, ვიღაცას პოლიცია იჭერს და აჯარიმებს, შემდეგ უშვებს... დიქტატურა, რომელსაც გულის ფანცქალით ელოდა კოლექტიური გოგა ხაინდრავა - დასრულდა ისე, რომ დაწყებას ვერ მოასწრო..
ბოლოს და ბოლოს ქოც-ფან-კლუბმა რამდენიმე დასკვნა უნდა გააკეთოს:
პირველი - რაც არ უნდა სურდეს მოსახლეობის 15%-ს, საქართველოში ნამდვილი დიქტატურის დამყარება შეუძლებელია მანამ, სანამ ქვეყანა დამოკიდებულია დასავლეთთან კარგ ურთიერთობებზე. მეტიც, ოპონენტების მასობრივ განადგურებას ძლევამოსილი პუტინიც კი ვერ ბედავს, სასაცილოა ფიქრი იმაზე, რომ ამას ვინცხა ირაკლი ღარიბაშვილი შეძლებს.
მეორე - ქოც-ფანატები ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდნენ - 2012-2013 წლები უკვე დიდი ხნის ჩავლილია.
უნდა გაიგონ, რომ მათი რიტორიკა „საზოგადოება ნაცების დასჯას მოითხოვს" - ძალიან მოძველდა. ნაცების დასჯას არა საზოგადოება, არამედ საზოგადოების ნაწილი მოითხოვს. ისევე, როგორც საზოგადოების მეორე ნაწილი ქოცების განადგურებას ითხოვს. ისევე, როგორც საზოგადოების ნაწილი ორივე მხარეს წყევლის და აგინებს.
ნაცმოძრაობა, რომელიც გაყალბებულ არჩევნებშიც კი 28%, ხოლო ევსაქებთან ერთად 32-33%-ს იღებს - ვერაფრით ვერ ჩაითვლება მარგინალურ ძალად, რომლის განადგურებასაც მთელი ქვეყანა ერთხმად ითხოვს.. ვიღაცა ითხოვს, და ვიღაცა არა.
მით უმეტეს მარგინალებად დაუშვებელია მთლიანი ოპოზიციის ჩათვლა, რომელმაც 2020 წელს არჩევნებში 52% მიიღო.
მოკლედ, ქოც-ფანატები ილუზორულიდან რეალურ სამყაროში უნდა დაბრუნდნენ, და მიხვდნენ - სისხლიანი შურისძიება არ იქნება, რადგანაც ამას არც დასავლეთი დაუჭერს მხარს და არც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი..
თქვენ 15% ხართ, ბატონებო. გაიგეთ ეს ბოლოს და ბოლოს,და რევანშზე ფიქრი ახლა, თქვენი ხელისუფლების მე-9 წელს მაინც შეწყვიტეთ.
რატომ? იმიტომ, რომ მაინც არაფერი გამოგივათ.