"ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის" - მიტროპოლიტი გაიოზი

03.19.2021 | 13:51

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია წარმოუდგენელია წილკნელი და ურბნელი მიტროპოლიტის გაიოზის (კერატიშვილი) გარეშე... იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ეფრემ მეორისა და დავით მეხუთის ქორეპისკოპოსი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, საქართველოს ეკლესიის კალენდრების რედაქტორ-გამომცემელი, მეცნიერი, მკვლევარ-ისტორიკოსი, თეოლოგი.
დღეს, 2021 წლის 19 მარტს, ხუთი წელი გავიდა მიტროპოლიტ გაიოზის გარდაცვალებიდან.
მაღალყოვლადუსამღვდელოესი წილკნელი და ურბნელი მიტროპოლიტი გაიოზი (ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი) დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს, საგარეჯოს რ-ნ სოფ. წყაროსთავში. მშობლებს სურდათ, ახალშობილისთვის ნუგზარი ეწოდებინათ, მაგრამ სამოქალაქო რეგისტრაციის ბიუროში წასულ ბებიას დავიწყებია სახელი „ნუგზარი" და სხვა შვილისშვილის სახელი, ბიძინა ჩაუწერია. მასაც ბიძინა ჰქვიოდეს, მერე რა მოხდაო, უფიქრია... თუმცა, ოჯახში, სანათესაოსა და მშობლიურ სოფელში, მაინც ყველა მიმართავდა, როგორც ნუგზარს... მის აღზრდასა და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საგარეჯოს ღირსი დოდოს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ევაგრეს (დიასამიძე), რომელიც 1903 წლიდან გახლდათ სასულიერო პირი. მამა ევაგრეს გააჩნდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებითაც განისწავლებოდა ყმაწვილი ბიძინა კერატიშვილი. თხუთმეტი წლისა გახლდათ ბიძინა, როდესაც მძიმე ავადმყოფობის შედეგად ახალგაზრდა დედა გარდაეცვალა...
1960 წლის თებერვალში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე (სიდამონიძე), რომელთანაც არქიმანდრიტმა ევაგრემ წარადგინა ნიჭიერი ახალგაზრდა ბიძინა კერატიშვილი, რომელმაც 1963 წელს დაასრულა საგარეჯოს საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. მალევე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც დაბრუნდა 1965 წელს. ამავე წელს სტუდენტის სტატუსში აღდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პარალელურად მუშაობდა საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ხოლო შემდეგ კი პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად.
1969 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის ლოცვა-კურთხევითა და რჩევით, ბიძინა კერატიშვილმა დატოვა საერო სამსახური და სწავლა განაგრძო მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1970 წლიდან საპატრიარქოს საქმეთა მწარმოებელი გახლდათ. 1971 წლის 15 ნოემბერს კი ბიძინა კერატიშვილმა, წერილობითი თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს, რათა ბერად აღეკვეცა იგი და ხელი დაესხა მღვდელმონაზვნად. „ვსასოებ ყოველივე ესე, მეოხებითა ყოველთა წმიდათა და ლოცვითა თქვენი უწმიდესობისა - შემაძლებინოს მრავალმოწყალე იესო მაცხოვარმა, „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისას მოსვლათ!", - წერდა კათოლიკოს-პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილში. იმავე წლის 14 დეკემბერს,კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ ბერად აღკვეცა ბიძინა კერატიშვილი და წმიდა მოციქულის გაიოზ სამოცდაათთაგანის (ხსენება ახ.სტ. 18 ნოემბერი) სახელზე გაიოზი უწოდა. 17 დეკემბერს, თბილისის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარში, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ მეორის მიერ ბერი გაიოზი ხელდასხმული იქნა იეროდიაკონად, ხოლო 19 დეკემბერს, ბათუმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში - მღვდელმონაზვნად. მღვდელმონაზონი გაიოზი ყოველდღიურ ღმრთისმსახურებას აღასრულებდა თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში და ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში, მოღვაწეობას განაგრძობდა საპატრიარქოს კანცელარიაში...
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის 1972 წლის 24 მარტის სხდომაზე, მღვდელ-მონაზონი გაიოზი გამორჩეული იქნა ეპისკოპოსად. იმავე წლის 26 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ხელდასხმა ეპისკოპოსად და დადგინდა წილკნელ მღვდელმთავრად. კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს, ამგვარად მიუმართავს ახლადხელდასხმული ეპისკოპოსი გაიოზისთვის: „გახსოვდეს, ეს გზა ეკლიანი გზაა! არც მადლიერი გეყოლება არავინ ამ რთულ დროში, მაგრამ არაფერმა არ უნდა დაგაბრკოლოს და ერთგულად უნდა ზიდო ის მძიმე ტვირთი, რაც ღმრთის განგებით, დღეიდან მხრებზე დაგაწვა!" მოგვიანებით, მეუფე გაიოზი იხსენებდა: „ჩემი ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, როდესაც სამღვდელმთავრო კვერთხის გადმოცემის ჟამი დადგა, პატრიარქი ეფრემი შეუძლოდ შეიქმნა და ამიტომ, კვერთხი გადმომცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა (ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ილიამ". მღვდელმთავრად ქიროტონიის დღესვე, წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დადგინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
1972 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, რომელიც იმ წელიწადს ასევე უფლის ჯვარცმის დღე - დიდი (წითელი) პარასკევი გახლდათ, ღმრთივგანისვენა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ, რომლის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები, მის მიერვე აღზრდილ-ხელდასხმულმა წილკნელმა ეპისკოპოსმა გაიოზმა ითავა... ამავე წლის 2 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა უწმიდესი და უნეტარესი დავით მეხუთე (დევდარიანი), რომელიც გამორჩეულ პატივს სცემდა ახალგაზრდა, ინტელექტუალ მღვდელმთავარს - ეპისკოპოს გაიოზს. კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ, წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაადგინა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად და დანიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. მეუფე გაიოზმა მრავალი ღვაწლი გასწია მისდამი რწმუნებული სასულიერო სემინარიის გაძლიერებისა და იქ სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის... თავად კითხულობდა სხვადასხვა საღმრთისმეტყველო დისციპლინის საგანს... სემინარიაში დაარსა ანტონ კათალიკოსის სახელობის საქართველოს ისტორიის კათედრა, გამოიცემოდა კედლის გაზეთი „სვეტიცხოველი", შეივსო ბიბლიოთეკა. ეპისკოპოს გაიოზის რექტორობის ჟამს, მცხეთის სასულიერო სემინარიას ეწოდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელი. მეუფე გაიოზი, ასევე, დიდად იღვწოდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის გამშვენიერებისათვის...
1973 წლიდან, ეპისკოპოსი გაიოზი გახლდათ საქართველოს ეკლესიის კალენდრის რედაქტორ-გამომცემელი. აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნისას, მეუფე გაიოზმა არაერთი საღმრთისმეტყველო-სამეცნიერო ძეგლი და წერილი დაურთო კალენდრებს. მის მიერ შედგენილი და გამოცემული კალენდრები დღემდე წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მაღალი დონის აკადემიურ-სამეცნიერო გამოცემებს. ეპისკოპოს გაიოზის მიერე გამოცემული ხსენებული კალენდრებისათვის კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ მადლობის წერილები მიიღო ვატიკანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. ეპისკოპოს გაიოზს გააჩნდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, უიშვიათესი, უძველესი და ისტორიული გამოცემებით აღსავსე. დღეს, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება არაერთი ხელნაწერი და იშვიათი გამოცემა მეუფე გაიოზის პირადი ბიბლიოთეკიდან...
1974 წლის 21 სექტემბერს, ღმრთისმშობლობის დღესასწაულზე, თბილისის დიდუბის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ, წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დააჯილდოვა კუნკულ-ბარტყულზე ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო 1976 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, მთაწმინდის ღირსი მამის დავით გარეჯელის სახელობის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ, ეპისკოპოს გაიოზს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება. მიტროპოლიტი გაიოზი მონაწილეობას ღებულობდა მოსკოვსა და პრაღაში გამართულ რელიგიურ ფორუმებში. 1977 წლის 12-18 სექტემბერს, ქ. პრაღაში გამართულ რელიგიათშორის კონფერენციაზე, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, თავისი ჩვეული ინტელექტუალური მოწოდების სიმაღლიდან, შთამბეჭდავი მოხსენებით წარსდგა. მეუფე გაიოზი მეგობრობდა ქართველ ცნობილ მეცნიერებთან და აკადემიკოსებთან... იგი დაჯილდოებული გახლდათ საქართველოსა და საზღვარგარეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალი ჯილდოებით.
1977 წლის 9 ნოემბერს ღმრთივგანისვენა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ. ამავე დღეს გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზე, მიტროპოლიტმა გაიოზმა, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევისთვის წამოაყენა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის (პეტრიაშვილი) კანდიდატურა... თუმცა, 1977 წლის 23 დეკემბერს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე, მიტროპოლიტმა გაიოზმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად ხმა მისცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას (შიოლაშვილი), რომლის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის ოქმს, პირველმა - მეუფე გაიოზმა მოაწერა ხელი. მანვე წაიკითხა კრების დეკლარაცია... 1977 წლის 25 დეკემბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა წაუკითხა აღსაყდრების მთავარი ლოცვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და გადასცა მას ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული ჯვარ-პანაღიები.
1978 წლიდან, მიტროპოლიტი გაიოზი დადგენილი იქნა ურბნელ მღვდელმთავრად. ახალგაზრდა, ინტელექტუალი, პერსპექტიული მიტროპოლიტი გაიოზი მიუღებელი გახლდათ იმჟამინდელი საბჭოთა ათეისტური მმართველობისათვის... კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველ მხრივ ცდილობდნენ მეუფე გაიოზის შევიწროებას... მოიპოვება რელიგიის საქმეთა რწმუნებულის, თენგიზ ონოფრიშვილის 1977 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული საიდუმლო წერილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი, რომელშიც რწმუნებული მოითხოვდა მიტროპოლიტ გაიოზის დაპატიმრებას. პარალელურად ვრცელდებოდა მრავალი ჭორი მეუფე გაიოზის წინააღმდეგ, რომელიც ქმნიდა ფსევდოლეგიტიმურ ფონს მისი დაკავებისთვის... 1978 წლის 25 მაისს, საბჭოთა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ, ურბნელი მიტროპოლიტი გაიოზი დაპატიმრებული იქნა საეკლესიო ქონების მითვისების გამოგონილი ბრალდებით... სამწუხაროდ, მეუფე გაიოზის სასამართლო პროცესზე, საზოგადოებრივ ბრალმდებლად წარსდგა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი იმჟამინდელი მღვდელმთავარი, რომელიც მოგვიანებით, წმიდა სინოდის მიერ განიკვეთა მღვდელმთავრის ხარისხიდან... საბჭოთა ათეისტური სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტ გაიოზს მიესაჯა თხუთმეტი წლით თავისუფლების აკვეთა და უძრავ-მოძრავი ქონების სრული კონფისკაცია... თავად ოფიციალური ბრალდება და სასამართლოს მთელი განაჩენი იმდენად აბსურდულია, რომ რეალურად არა თუ მიტროპოლიტ გაიოზის ბრალეულობას ამყარებს, არამედ პირუკუ - აქარწყლებს. მღვდელმთავარს, რომელიც ქართულ ისტორიულ სიძველეთა და სიწმიდეთა ერთ-ერთი გამორჩეული მოამაგე და ქომაგი იყო, დააბრალო ეკლესიის ძარცვა, ვერავითარ კრიტიკას უძლებს... ფაქტია, რომ ეს იყო გამოგონილი ცილისმწამებლური მიზეზი... რეალურად, მიტროპოლიტი გაიოზი შეთქმულების მსხვერპლი აღმოჩნდა.
1980 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა საბჭოთა ათეისტური სასამართლოს ცილისმწამებლური განაჩენის საფუძველზე, მიტროპოლიტ გაიოზს ჩამოართა მღვდელმთავრის ხარისხი, სინანულის შემთხვევაში ზიარების უფლებით... ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ (1917 წლის 12 (25) მარტი) საქართველოს ეკლესიაში პირველად მოხდა მღვდელმთავრის განკვეთა - ეს იყო მიტროპოლიტი გაიოზი. მოგვიანებით მეუფე გაიოზი ძალიან მძიმედ იხსენებდა სასამართლო სხდომებსა და პატიმრობის წლებს... თუმცა, აღნიშნავდა, რომ დაღესტნის ერთ-ერთ კოლონიაში, სადაც მან სასჯელი მოიხადა, პატიმართა უმრავლესობამ უწყოდა, რომ იგი მღვდელმთავარი გახლდათ და მისდამი პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულნი...
დაპატიმრებიდან თერთმეტი წლის შემდეგ, 1989 წელს, ამნისტიის საფუძველზე, მეუფე გაიოზი განთავისუფლდა საპყრობილედან... ჩამოვიდა თბილისში, სადაც არც სახლი და არავითარი საარსებო წყარო გააჩნდა... იხსენებდა პატიმრობიდან განთავისუფლების შემდგომ პირველი წლების სირთულეებს: ცხოვრობდა სასტუმროში, იკვებებოდა დიეტურ სასადილოში... მოუხდა არაერთი მძიმე ყოფითი შრომის გადატანა, რათა თავშესაფარი და ელემენტარული სარჩო გასჩენოდა...
2011 წლის აგვისტოში, გაზეთ „ასავალ-დასავალში", მეუფე გაიოზმა, ფერისცვალების დღესასწაულის ღია მისალოცი წერილი დაბეჭდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი. „მქენჯნის სინდისი და ტკივილს მიმძაფრებს ისიც, რომ პირადად თქვენ, ვითარცა საჭეთმპყრობელს საქართველოს ეკლესიისა და ღვთივკურთხეულ ერის სულიერ მამას, ცნობილი მიზეზების გამო, უღმრთოთაგან მე ცოცხლად დამარხულმან, პყრობილობასა და დევნილობაში მყოფმა, უსახლ-კაროდ შთენილმა, მშიერ-მწყურვალმა, დაწიხლულმა და შეურაცხყოფილმან - ვერანაირი სამსახური ვერ გაგიწიეთ, ვერ გედექით გვერდში ისე, როგორც გეკადრებოდათ და ომოფორის ქვეშე მყოფი ვერ დავიხარჯე თქვენთან თანამოსაგრეობით... ვერ დაგიმტკიცეთ სიყვარული და ერთგულება, რომელიც არცთუ მცირეოდენ მქონდა ბოძებული ღვთისაგან მოყვასთა ჩემთათვის ძღვნად და საჩუქრად მისართმელად! და აგერ, განილია ათეულობით წელნი ცხოვრებისა ჩვენისანი და ამ უმადურობით სავსე და უსწორმასწორო წუთისოფელს თქვენ და მეღა შემოვრჩით, უწმიდესო, გასული საუკუნიდან, სულკურთხეული ეფრემ მეორის ხელით მღვდელმთავრად ხელდასხმულნი..."
2015 წლის სექტემბერში გაზეთ „ასავალ-დასავალში" (N40-43) დაიბეჭდა მიტროპოლიტ გაიოზის ვრცელი წერილი „შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ ჩაიშალა!", რომელიც ისტორიასა და შთამომავლობას დარჩა აკადემიურ, ვრცელ პასუხად, მეუფე გაიოზის თავს გადახდენილი მოვლენების ჭეშმარიტი შეფასებისა და რეალობის წარმოდგენის შესახებ...
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მეუფე გაიოზი ცხოვრობდა თბილისში, ზემო ფონიჭალაში... ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას... ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან დაიახლოვა არაერთი ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელთაც როგორც უფროსი მეგობარი განსწავლიდა და მათში წარუშლელი კვალი დატოვა...

2016 წლის 19 მარტს, თბილისის ერთ-ერთ კარდიოლოგიურ კლინიკაში გაკეთებული გულის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ღმრთივმიიცვალა 1972-1978 წლებში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, კათოლიკოს-პატრიარქების ეფრემ მეორისა და დავით მეხუთის ქორეპისკოპოსი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, საქართველოს ეკლესიის კალენდართა რედაქტორ-გამომცემელი, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პატრიარქად უპირატესი აღმსაყდრებელი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი წილკნელი და ურბნელი მიტროპოლიტი გაიოზი.
გარდაცვალების შემდგომ საქართველოს ეკლესიამ მას აღუდგინა მიტროპოლიტის პატივით მოხსენიება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტი გაიოზი დაიკრძალა საგარეჯოს ნინოწმინდის ისტორიული საკათედრო ტაძრის გალავანში. მიტროპოლიტი გაიოზი, ტაძრიდან გამოსვენების წინ, მღვდელმთავრული პატივით, სამეუფო (აღსავლის) კარით შეასვენეს ტაძრის წმიდა საკურთხეველში, შემოატარეს წმიდა ტრაპეზს, სამეუფო კარითვე გამოასვენეს საკურთხევლიდან და დაკრძალეს ტაძრის გალავანში.
გადაუჭარბებელია ითქვას, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ეპოქის შემდგომ საქართველოს ეკლესიას არ ჰყოლია მიტროპოლიტ გაიოზზე დიდი მოაზროვნე, ინტელექტუალი, მეცნიერი და ერუდიტი მაღალიერარქი. ის იყო გლობალურად მოაზროვნე პიროვნება და მღვდელმთავარი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი საკითხის შესახებ კომპლექსურად, ზედხედის პოზიციიდან წარემართა შეუდარებელი მსჯელობა.

მიტროპოლიტი გაიოზი სხვა მიზეზთა შორის, ორი მთავარი მიზეზის გამო უსამართლოდ დასაჯეს:

1. ღრმა სამეცნიერო ინტელექტი;
2. ანტისაბჭოური, ანტირუსული განწყობილება.

ათწლეულების წინანდელი მისი სიტყვების სიმართლე მრავალგზის აღსრულდა და განცხადდა.

ორი სიმართლე არ არსებობს - სამწუხაროა, რომ საბჭოთა ათეისტური სისტემა და საქართველოს ეკლესიაში იმხანად არსებული არაკეთილმოსურნე ძალები ერთობლივად, უსამართლოდ და ცილისმწამებლურად გაუსწორდნენ მიტროპოლიტ გაიოზს.

მიტროპოლიტმა გაიოზმა თავისი საზოგადოებრივი და საისტორიო რეაბილიტაცია სრულიად სამართლიანად შეძლო. მისი სახელი და მოღვაწეობა ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ჩვენი ეკლესიის მეოცე საუკუნის ისტორიაში.

 

გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, 2016 წლის 22 იანვარს, მეუფე გაიოზმა ამგვარი ეპიტაფია დაწერა:

„მე სამუდამოდ მივებარე ამ ცას და მიწას,
სასრული ჰპოვა ჩემმა დარდმა, ფიქრმა და ცრემლმა,
მოვწყდი, მოვცილდი წუთისოფელს, ყურებას მზისას,
რაკი მომცელა ბალახივით, სიკვდილის ცელმა.
აქ, ხეთა ჩრდილში გაითხარა ჩემი სამარე,
თან ჩამყვა თქვენი სიყვარული, მზეებრ ელვარე,
ამ სიყვარულში განვვლე დღენი და მივიცვალე,
და აღვალ ზეცად, რათა ვპოვო სულის სავანე.
შენც, წამკითხველო, არ აგცდება აქ განსვენება,
ვიდრე ცოცხალ ვართ, ვალად გვადევს ერთურთ ხსენება,
იყავი კეთილი, აღასრულე წესი და ნება,
შემომითვალე იმ გრძელ სოფლად სულის ცხონება!
ეული ვიყავ, დევნილი და მიუსაფარი,
აქ ვპოვე ბინა, საუკუნოდ მიწა-სამარი.
შენდობა ბრძანეთ!"
უფალმა წმიდათა თანა დაამკვიდროს უკვდავი სული მიტროპოლიტი გაიოზისა.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი.
შეგვეწიოს მისი წმიდა ლოცვები.