რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება

„ნულოვანი შედეგი" და ქართული სოციუმი

03.30.2021 | 17:13 ნახვები: 905


საქართველო ბოლო 30 წლის მანძილზე იმყოფება პერიოდში, რომელსაც გამოცდილების დაგროვება ახასიათებს.
ცივილიზებულ ქვეყნებში ნორმად მიჩნეული ანბანური ჭეშმარიტებების გააზრება ჩვენში წრეზე მრავალწლიანი სიარულის შედეგად მოდის. მაგალითად, თითქმის 20 წელი დასჭირდა იმის მიხვედრას, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ქართულ დემოკრატიას მაჟორიტარული სისტემა ღუპავს. ამაზე საუბარი სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ ეს, ჩვენს პირობებში მანკიერი სისტემა თითქმის 30 წელია არსებობს.
ყველანაირი ცვლილებებს თუ რეფორმებს საქართველოში ამა თუ იმ მოვლენის გააზრება უსწრებს. ხშირად ეს ძალიან მიწიერ, ყოველდღიურ საკითხებს ეხება.
მაგალითად, ბოლო წლებში საქართველოში იცვლება დამოკიდებულება ბაზრების და ბაზრობებისადმი. ნელა-ნელა ადამიანების გონებაში მოდის იმის აღქმა, რომ ის, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში სამარცხვინოა და ასეთი განუკითხაობა დაუშვებელია კულტურული და ცივილიზებული ერისთვის.
ჯერ-ჯერობით ამას განსაკუთრებული შედეგები არ მოჰყოლია, თუმცა, რამდენიმე ადგილას ბაზრების მფლობელებს მრავალწლიანი მორალური დუმილის შემდეგ ნამუსის მზგავსი რაღაცა გაეღვიძათ - მაგალითად, გლდანის და ვარკეთილის ბაზრების, ფეიქრების ქუჩაზე „დაშლილების"..
რა თქმა უნდა, ქართული საბაზრო ღორობის ნამდვილ ბასტიონებს - ვაგზლის მოედანს და ელიავას, ეს ჯერ არ შეეხო, თუმცა, პროცესი ასე თუ ისე დაიწყო.
ამგვარი დაგვიანებული გააზრებები ბევრ რამეს შეეხო - სასამართლოს აღქმას, საგადასახადო კულტურას, და ა.შ.
დღეს საქართველო როგორც არასდროს ახლოსაა კიდევ ერთი ჭეშმარიტების გააზრებასთან. ამჯერად უკვე პოლიტიკურის და ძალიან მნიშვნელოვანის.
თუმცა, ის არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ ჩვენს ყოველდღიურობასაც ეხება - საქართველო ძალიან მაღალი კონფრონტაციულობის ქვეყანაა.
ჩვენ ყველას გვიკვირს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთისადმი სიძულვილის საოცარი გრადუსი, თუმცა, რატომ მხოლოდ პოლიტიკოსების?
საქართველოში მთელი მოსახლეობა, ყველა ფენა საოცარი კონფლიქტურობით გამოირჩევა. მთელი ქვეყანა ჩხუბობს, ყველა ერთმანეთს აგინებს, კონფლიქტები და საქმეების ხმამაღალი გარჩევები თითქმის ცარიელ ადგილზე იწყება.
დაუკვირდით ქუჩაში რამდენი ადამიანი ყვირის ტელეფონით ხელში - გინება, ჩხუბი, მუქარა..
ყოფითი აგრესიის საფუძველია გადამეტებული ამპარტავნობა, ქედმაღლობა, უპასუხისმგებლობა და საოცარი, ბავშვური ინფანტილიზმი.
ქართველი კაცების უმრავლესობა ასაკის მიუხედავად, ემოციური მოწიფულობის კუთხით 10 წლის ბავშვია.
ერთი ახლობელი მყავს, ესპანეთშია გათხოვილი. მისი სიტყვებით, საქათველოდან ჩასულს პირველად ის გაუკვირდა, რომ „გავიცანი უამრავი ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე არც ერთხელ არ უჩხუბია"...
შეგახსენებთ, საუბარია ცხელსისხლიან, ტემპერამენტულ სამხრეთულ ერზე. მაგრამ ამავე დროს - ზრდასრულზე და ჩამოყალიბებულზე. შესაბამისად, აგრესიის დონე და კონფლიქტურობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ქალაქებში სიმშვიდე სუფევს, დედებს საღამოობით შვილების გარეთ გაშვების არ ეშინიათ.
პოლიტიკური კულტურაც შესაბამისია. საქართველოში, სადაც 50 წლის მამაკაცები სისულელეების გამო ჩხუბობენ და ამავე დროს მთელი მოსახლეობა სულ, გამუდმებით, ვიღაცასთან კონფლიქტობს და საქმეს არჩევს - ასევე შესაფერისი.
ქართული პათოლოგიური კონფლიქტურობის ყველაზე მძიმე გამოხატულებაა ე.წ. „თამაში ნულოვანი შედეგით". ანუ კონფლიქტში უნდა იყოს ან თავიდან ბოლომდე გამარჯვებული, და ამავე დროს თავიდან ბოლომდე დამარცხებული.
ქართული ჩხუბების და საქმის გარჩევების კულტურაც ხომ სწორედ ესაა - არავის არ სურს არაფრის დათმობა და ბოლოს ვინც დანა უფრო სწრაფად ამოიღო - გამარჯვებულიც და ცოცხალიც ის რჩება.
ქართული პოლიტიკის ისტორია - ეს უკომპრომისობის, ჭარბი კონფლიქტურობის, საყოველთაო ჩხუბის, ზიზღის, და სიძულვილის ენის ისტორიაა.
ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან გვახსოვს პარტიების დაუმთავრებელი გაყოფა-დაპირისპირება-ჩხუბი-გინება, რომელიც ლამაზი ფორმულირებით ინიღბებოდა - „ჩვენ ყველას მიზანი ერთი გვაქს, ოღონდ განსხვავებული გზებით".
ათწლეულები დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვეაზრებია - არავითარი „განსხვავებული გზები" არ არსებობს და პარტიების დანაწევრების ერთად-ერთი მიზეზია პირადი ამბიციები. და კიდევ ის - ჭარბი კონფლიქტურობა.
დღეს ქართული საზოგადოება ნელა-ნელა აცნობიერებს, რომ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული „ნულოვანი შედეგით" თამაში, ქვეყანას ანადგურებს.
ალბათ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება იმის გააზრებასაც, რომ ეს არა პოლიტიკოსების, არამედ ქართული სოციუმის მძიმე დაავადების სიმპტომია.
ეს არაფერს არ ნიშნავს, გააზრებიდან რეალურ ქმედებებამდე - დიდ მანძილია, თუმცა, ყველაზე გრძელი გზაც კი - პირველი ნაბიჯით იწყება...
ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა