კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის წარდგენილი დოკუმენტი

03.31.2021 | 12:04

გთავაზობთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ხელმოსაწერად წარდგენილი დოკუმენტის არაოფიციალურ თარგმანს:

 

 

სამომავლო გზა საქართველოსთვის

 

 

ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთოინტერესებს იმისთვის, რომ:

დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს

დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით;

შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად;

უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები რეგიონალური გამოწვევების პირობებში;

ვიმოქმედოთ მიზანდასახულად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად;

ვაღიარებთ რა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხარდაჭერას, ვთანხმდებით, რომ:

ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევალთ პარლამენტში და სრულად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში;

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით, რომ საქართველოს სტაბილურობას ერთიანობა სჭირდება.

შესაბამისად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სწრაფად და კეთილსინდისიერად განვახორციელებთ შემდგომში მოცემულ ყველა საკითხს:

1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე.

კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 - 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასადა დაკავებას შეეხება.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

ვადები:

1. ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები.

2. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.

3. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.

პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:

ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია:

8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი.

პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.

საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ.

პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს

მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.

ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.

უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად.

ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად.

შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.

ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

ვადები:

1. საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.

2. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად.

3. ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.