„ნაპოლის“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო ტურში შეუძლია
24.04.2023
ნახვები: 536
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „იუვენტუსი“ ტურინში 1:0 დაამარცხა და შესაძლოა, იტალიის ჩემპიონობა სერია A-ს მომდევნო ტურში ოფიციალურად გაიფორმოს, მაგრამ ამისთვის ორი შედეგის დაფიქსირებაა საჭირო.
ნეაპოლელებმა „იუვენტუსთან“ მოგებით სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე მაურისიო სარის „ლაციოსთან“ უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტომდე ერთი ნაბიჯი აშორებს და ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო, 32-ე ტურში შეუძლია.
შაბათს, 29 აპრილს „ნაპოლი“ საკუთარ „სტადიო მარადონაზე“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში „ლაციოსთან“ სხვაობას 20 ქულამდე გაზრდის. მაურისიო სარის გუნდი კი კვირას, 30 აპრილს, „სან სიროაზე“ მილანის „ინტერს“ ეთამაშება. თუ რომაელები მატჩს ფრედ დაასრულებენ ან დამარცხდებიან, ნეაპოლიტანელები ავტომატურად იტალიის ჩემპიონები გახდებიან და არსებობის ისტორიაში სკუდეტოს მესამედ მოიპოვებენ.
ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ ტიტულის მოპოვებისთვის „სალერნიტანასთან“ მოგება და „ლაციოს“ „ინტერთან“ დამარცხება ან ფრე სჭირდება.
1tv.ge