არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოში სულ უფრო მეტად იჩენს თავს ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი თვისება. საქართველო, სადაც ბევრ ლაპარაკობენ და მღერიან სიყვარულზე, სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებაში სიძულვილითაა გაჟღენთილი.
ამ დღეებში მთელი ქვეყანა მორიგი ვიზუალური აგიტაციის ქართული ნაირსახეობის მოწმე გახდა - მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია უკვე 9 წლის მანძილზე, მენტალურად ჯერ კიდევ 2013 წელსაა ჩარჩენილი.
დროში, რომელიც ქოცებისთვის ტრიუმფალური იყო, ძალიან მარტივი და მათთვის ტკბილად გასახსენებელი. დრო, როდესაც ზიზღის ფრქვევა, პროპაგანდა და ტყუილი ძალაუფლების შენარჩუნების ერთად-ერთი რეალური და რაც მთავარია, ეფექტური საშუალება იყო.
როდესაც შესაძლებელი იყო არჩევნების მოგება მიშას გინება-ლანძღვით და საკუთარი უსარგებლობის გადაპარვით გამოგონილ კოჰაბიტაციზე და „საბოტაჟზე" დაუსრულებელი ლაპარაკით.
ეს ტკბილი ეპოქა გავიდა, ქოცებს საკუთარი 9 წელი დაუგროვდათ, რომელიც ნაცების 9 წელს არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ გადააჭარბა კიდეც. თუმცა, როგორც იტყვიან, გული გულობს და „ქართულო ოცნება" კვლავ წარსულში, 2013-2014 წლებშია ჩარჩენილი და კვლავ აგრძელებს ერთად-ერთს, რაც კარგად იცის - სიძულვილს აფრქვევს.
ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას არა შენებით, აღორძინებით და წინსვლით, არამედ ზიზღით, ყველას ყველასთან წაკიდებით, საყოველთაო ჩხუბით, გინებით და აპათიით მართავს, თავის ბნელ საქმეს აგრძელებს.
ამჯერად მიშას, ნაცებს და მათთან ასოცირებულ ბოროტებას, თავისივე მომსახურე პერსონალის წარსულში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული წარმომადგენელი - გახარია და მასთან დაკავშირებული ღალატი დაემატა.
უხერხულობას ვერავინ ვერ გრძნობს - ქოსებს სირცხვილის გრძნობა არ აწუხებთ იმ მომენტში, როდესაც პრემიერ-მინისტრად წოდებული ვინცხა ღარიბაშვილი საუბრობს იმაზე, რომ „20 ივნისს უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს". თუ არსებობს ცინიზმი - ეს მისი მწვერვალია - ვითომ არ ვიცით, ვინ შეუკვეთა 20 ივნისის დარბევა და ვისმა ავადმყოფურმა სიძულვილმა განაპირობა ის გადაჭარბებული და სრულიად უადგილო სისასტიკე, რომელიც ჩვენ იმ დღეს ვიხილეთ..
თუმცა, ამ საკითხზე ლოგიკურად საუბარი ზედმეტია - აქ ჭარბობს ემოცია, რომელიც გონებას აბნელებს. საღი აზრი და ადეკვატურობა უკვალოდ ქრება იქ, სადაც ბატონობს ქართველების მთავარი ცოდვა - სიძულვილი. თუმცა, გამარტივებაც არ იქნება სწორი - ნუ დავაბრალებთ მხოლოდ „ქართულ ოცნებას" - ზიზღით სავსე პოლიტიკოსები საქართველოში ორივე ბანაკში ნორმადაა ქცეული.
ცოტა გინახიათ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ზომაზე მეტად ეზიზღება, მას აბრალებს ყველაფერს, რისი დაბრალებაც შეიძლება და რისიც არა? ეს კატეგორია ხომ არანაკლებად გავრცელებულია, ვიდრე ასეთივე აკვიატებული ანტიმიშისტები, რომლებიც სააკაშვილისადმი ზიზღის გამო მზად არიან ქვეყანა ჩამარხონ.
ვაღიაროთ, რომ სიძულვილი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგადად ქართული პოლიტიკის განუყოფელი თვისებაა - ისევე როგორც უკიდურესი პოლარიზება, მოწინააღმდეგის დემონიზება და მისი, როგორც ბოროტების სიმბოლოს წარმოჩენა.
ისევე როგორც ორმაგი სტანდარტი - დღეს რომ სახელისუფლებო ინფრასტრუქტურული პროექტებით ამაყობენ და აშენებული გზებით სურათებს სოციალურ ქსელებში სიამოვნებით აზიარებენ - გუშინ წუწუნებდნენ - „და ჩვენ რა? ასფალტი ვჭამოთ?".
ქართული საყოლთაო სიძულვილის კანონი - როდესაც „შენიანი" აკეთებს გზას - ეს ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეა, როდესაც „იმათიანი" - ეს იმისთვის კეთდება, რომ მეტი ფული მოიპარონ. როდესაც „შენიანი" აშენებს ჰიდროელექტროსადგურს - ეს ეკონომიკაზე ზრუნვაა, როდესაც „იმათიანი" - ეს არის ქვეყნის ძარცვა, ჯიბის გასქელება და საერთოდ, ენერგია არ გვჭირდება, და ეს ყველაფერი მხოლოდ ბიძინას ბიტკოინებისთვის კეთდება.
თუმცა, მოდით, არც ამაზე შევჩერდეთ და უფრო ღრმად შევიდეთ. არის კი სიძულვილი მხოლოდ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი და ეს არანაირად არ ეხება ჩვეულებრივ ხალხს, რიგით მოსახლეობას?
სამწუხაროდ, პოლიტიკოსი, სანამ ის პოლიტიკოსი გახდებოდა, წინა ცხოვრებაში როგორც წესი, რიგითი, ჩვეულებრივი ადამიანი იყო. პოლიტიკაში მას ის მოაქვს, რასაც ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავს და რაც უკვე ნორმად მიიჩნევა - მათ შორის სიძულვილს. ქართული ყოველდღიურობა, აპოლიტიკური, ჩვეულებრივი, რუტინული ცხოვრება სავსეა სიძულვილით.
ჩვენ ვხედავთ სიძულვილს ქუჩაში, სადაც მუდმივად ვიღაცა ვიღაცას ეჩხუბება, აგინებს, ლანძღავს. დაუკვირდით თქვენს ირგვლივ მოსიარულე რიგით გამვლელების საუბრებს - სულ რაღაცას არჩევენ, ვიღაცამ რაღაცა თქვა, ვიღაცა „ჩაიჭრა", გინება, მუქარა...
ჩვენ ვხედავთ სიძულვილს ნათესავებს შორის, სამეზობლოში, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დიდ ნაწილს შეადგენს მუდმივი კიშპი, გარჩევები, ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი... ბოლოს და ბოლოს საქართველო არის ალბათ ერთად-ერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მკვლელობების 90%-ს მიზეზია „შელაპარაკება" - აგრესიის, სიძულვილის, გაუნათლებლობის, და მორალური ფსკერის ერთობლივი შედეგი.
სიძულვილით და აგრესიით სავსეა არა მხოლოდ ხელისუფლება, რომელიც ამ კუთხით, აშკარა უპირატესობას ფლობს, რადგანაც მისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთად-ერთი საშუალებად ჯერ კიდევ 2013 წლიდან სიძულვილი რჩება.
ზიზღით და აგრესიით არა მხოლოდ ქართული პოლიტიკაა გატენილი - წვრილფეხა, ორღობე-პროვინციული და უსარგებლო.
სიძულვილი ანგრევს მთელს ქართულ საზოგადოებას - ამ ფონზე ვის გიკვირთ სიძულვილის ბატონობა პოლიტიკაში, სადაც ჩვენს რეალობაში მიდიან ყველაზე ამბიციურები, უპრინციპოები და გაუნათლებლები? ერის ყველაზე უარესი ნაწილი..
გახსოვთ ალბათ ანეკდოტი თუ ნახევრად ანეკდოტი იმაზე, რომ შორეულ ბუენოს-საირესში ორად-ორი ქართული ოჯახი ცხოვრობს, და ისინიც კი ერთმანეთთან ნაჩხუბრები არიან? სწორედ ეს ორი ოჯახია საქართველოს, სიძულვილის ქვეყნის, ნამდვილი სიმბოლო...
ავტორი:თენგიზ აბლოთია