ხვიჩია აცხადებს რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტზე ღელავს, მელია ირწმუნება რომ პრეზიდენტი არ ღელავს - რომელმა ვერ გამოიტანა ამბავი სწორად ორბელიანების სასახლიდან?!
13.09.2023
ნახვები: 548
პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს - ასეთი განცხადება გააკეთა "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ხვიჩიას თქმით, რაც ზუსტად იცის ისაა, რომ მისი პარტიიდან ვერავის გადაიბირებს მმართველი გუნდი და თითს "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს.
მისი თქმით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შემჩნეული ბოლო პერიოდში გადაბირებაში
"მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა რომ არცერთი არ გამოვრიცხავთ, რომ ოცნებამ შეიძლება გადაიბიროს ხალხი ოპოზიციიდან, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გადაიხდიან. მე გამოვრიცხავ რომ ჩემი პარტიიდან მოისყიდონ ვინმე, მაგრამ სხვა ვინმე როგორ გამოვრიცხო, როცა ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ძირითადად ნაციონალური მოძრაობის სიით შესული ხალია ძირითადად, როგორც წესი, ამაში შემჩნეული. მერე კი ამბობენ, აღარ ვართ, სხვა პარტიაში ვართ და ა.შ. მაგრამ მე მათ მოფერებით მაინც ნაცებს ვეძახი, ამიტომაც საფრთხეც უფრო იქიდან მოდის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ ეს ქართული "ოცნებისთვისაც" არ იქნება სასიამოვნო, იმიტომ, რომ 80-ზე მეტი ადამიანი უნდა დამწკრივდეს და უნდა თქვას, რომ ჩვენ რომ ვიძახდით შემოხაზეთ 48 ახლა ეგ ყველაფერი უკან უნდა წავიღოთო, იმიტომ რომ პრეზიდენტი თავისი ხარჯებით წავიდა ევროპაში საქმეზე, როდესაც პრემიერი ოჯახურ საქმეზე დადის სახელმწიფო თვითმფრინავით". - ამბობს იაგო ხვიჩია.
თუმცა ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტმა, შეხვედრისას, „ყველა საკითხზე“ ისაუბრეს და ყველაზე ნაკლები დრო, თავად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს დაეთმო.
„გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რაც შეიძლება აწუხებდეს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტ მოქალაქეს. რაც შეეხება კარს მომდგარ სხდომას, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეხება, მე პირადად მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი განზრახვა, რომ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრციდან გასვლის შანსი დაუკარგოს, განწირული იქნება.
მე რა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არა. შესაძლებელია, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სჯერა, რომ აქ შეხვედრები იმიტომ იმართება, თითქოს, გარანტირებულად არ მოხდეს ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და ხმები არ ეყოს, [მაგრამ] ყველაზე ნაკლებად ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ამ საკითხთან მიმართებაში აბსოლუტურად მშვიდი იყო. მე პირადად მგონია, რომ თუ ეს მოხდება, პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უკუშედეგს მიიღებს და დასავლეთს ხელს ვერ ააღებინებს, რომ ქართველი ხალხი მიატოვოს მარტო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.