სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

დათო გამცემლიძე: რა დაგვიბარა პომპეომ?

19.11.2020 ნახვები: 1229

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი (ჩვენებურად თუ ვიტყვით, „სახელმწიფო მინისტრი") აშშ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკვანძო ფიგურაა. გავლენით და მნიშვნელობით მეორეა პრეზიდენტის შემდეგ. სხვათა შორის, ამერიკის კონსტიტუციით „სახელმწიფო მდივნის" ფუნქცია ნებისმიერი სხვა მიმართულების ხელმძღვანელს შეიძლებოდა დაკისრებოდა, მაგალითად ფინანსთა მინისტრს, თუმცა რაკი ამერიკა ზესახელმწიფოა და გლობალური ლიდერობის სურვილი აქვს, უკვე 160 წელია, სახელმწიფო მდივნის ფუნქცია და რანგი სწორედ საგარეო პოლიტიკური უწყების, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს განეკუთვნება.

აშშ ვიცე-პრეზიდენტს რეალური ბერკეტები არ გააჩნია. ის მუდამ პრეზიდენტის „ჩრდილშია". შესაბამისად, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ მაიკ პომპეოზე, ვისაც სულ ახლახანს, 2017-2018 წლებში, ცენტრალური სადაზვერვო სააგებნტო (CIA) ებარა და ინფორმაციის უზარმაზარ მასივს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამერიკის ინტერესთა მდგომარეობის თაობაზე.
აზრი არა აქვს იმაზე მკითხაობას, მართლა დიდი ხნის წინ დაიგეგმა ეს ვიზიტი თუ ბოლო მომენტში გადაწყდა სახმდივანი თბილისსაც სწვეოდა დიდი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, „დიდი ხანია ამ ვიზიტზე ვმუშაობდითო", მაგრამ არ უთქვამს „დიდი ხნის წინ შეთანხმდაო". ასე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის როგორმე ჩამოყვანაზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მუდმივად მუშაობს, რადგან მნიშვნელოვანია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაინც ასე სჩანს, რომ პომპეომ და მისმა გუნდმა ბოლო მომენტში გადაწყვიტეს თბილისიც ჩაერთოთ ტურნეში და ამის უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის „გეოპოლიტიკური მიწისძვრაა", რაც ჩვენს თვალწინ მოხდა „ყარაბაღის მეორე ომით", როდესაც პირველად 200 წლის მანძილზე რუსეთი იძულებული გახდა თავად, საკუთარი „ხელმოწერით" ეღიარებინა თურქეთის „დაბრუნება" კავკასიაში!
ამ ისტორიულ აქტს რომ ვაშინგტონიც და ანკარაც შესაბამისად აფასებენ, იმ სკანდალმა დაადასტურა, რაც თურქეთში პომპეოს ვიზიტისას განვითარდა: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა არა მხოლოდ პრეზიდენტმა (ეს კიდევ შეიძლებოდა რაღაცნაირად „ჩაეტიათ" დიპლომატიურ პოლიტესში) არამედ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაც გაუგონარი შეურაცხყოფაა.
ელემენტარული „პროტოკოლური ტექნოლოგიით", ამ უარის შესახებ, ამერიკის სახმდივანს მინიმუმ მაშინ ეცოდინებოდა, როცა მისი თვითმფრინავი ვაშინგტონიდან აფრინდა და გეზი პარიზისკენ აიღო. მიუხედავად ამისა, პომპეო მაინც ჩაფრინდა სტამბულში და ფანარის რაიონში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა: აშშ მფარველობს „ბიზანტიის მემკვიდრეობას" თურქეთში, რაკი საბერძნეთს ამის საშუალება არა აქვს. შესაბამისად, თბილისში ჩამოსვლა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც იმავე პროგრამის ნაწილი იყო. რასაკვირველია იგულისმხება, მათ შორის, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაც მცხეთა-თბილისის მიერ.
„პომპეო ისედაც წარმავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელია და მასთან არშეხვედრა თურქეთის ხელისუფლებისთვის რისკი სულაც არ იქნებოდაო"...... უდიდესი შეცდომაა: ამერიკის „საგარეო საქმეთა მინისტრი", მით უმეტეს „სახელმწიფო მდივანი" სწორედაც სახელმწიფო თანამდებობაა იმ აზრით, რომ მხოლოდ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს აქვს უფლება, ილაპარაკოს ამერიკის სახელმწიფოს სახელით; ერდოღანს შეუძლია არ შეხვდეს აშშ ფინანსთა მინისტრს, თუნდაც თავდაცვის მინისტრს, მაგრამ სახელმწიფო მდივნისათვის ასე დემონსტრაციულად კარის ცხვირწინ მიჯახუნება ზესახელმწიფოს უდიდესი შეურაცხყოფაა. იმიტომ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამა თუ იმ რეგიონში ადმინისტრაციათა ცვლასთან ერთად არ იცვლება. ეს არის ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა და არა კონკრეტული ადმინისტრაციისა.
ზუსტად ამიტომ, მაგალითად, 2008 წელს, ბუშის „წარმავალი" ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, კონდი რაისის დავალებით მომზადებული „ქართულ-ამერიკული ქარტია", საბოლოოდ უკვე ახალმა სახმდივანმა, ჰილარი კლინტონმა გააფორმა და აამოქმედა. და ამიტომაც, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, 2009 წელს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას „ამერიკა არასდროს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას", არ შეიცვლება სხვა პრეზიდენტების დროს. თუ, რასაკვირევლია, ჩვენ თავად არ ჩავიდენბთ რაიმე სისულელესა და უაზრო სიგიჟეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქედან გამომდინარე, სულაც არ არის სარისკო ვივარაუდოთ, რომ მაიკ პომპეო, თბილისში სტუმრობისას, ითვალისწინებდა იმ შესაძლებლობას, რასაც ამერიკას უქმნის ჩვენი ქვეყნის „ალტერნატიულობა" თურქეთის მიმართ: თუ ერდოღანმა კვლავაც გაატარა ან კიდევ უფრო გააძლიერა ვაშინგტონისაგან „გამიჯვნის" ხაზი და ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გატანა მოითხოვა, ან მისი მოქმედება დაბლოკა, ამერიკას ნამდვილად შეუძლია საქართველოში განათავსოს შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურა. ჯერ-ჯერობით ამაზე საგნობრივი საუბარი არ მიმდინარეობს, ოღონდ „დიპლომატიური ინფრასტრუქტურა" საამისოდ მზადაა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, სლენგით თუ ვიტყვით „რამე რომ იყოს".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ამერიკელები მუდამ ამახვილებენ ყურადღებას ქართველ კოლეგებთან შეხვედრებისას და ასევე მუდამ „დახურულ კარს მიღმა" რჩება, ირანის საკითხია. ამერიკისა და რეგიონში მისი პატარა სტრატეგიული მოკავშირისათვის (ისრაელისთვის) ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა.
პომპეოს გადაწყვეტილება, თბილისში აუცილებლად ჩამოსულიყო, იმითაც იქნებოდა განპირობებული, რომ „ყარაბაღის მიწისძვრისას" მოხდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება: ირანმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს იმ ომში, რადგან ფაშინიანის მთავრობამ, აშშ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისას, ვაშინგტონს უფრო უსმინა, ვიდრე თეირანს. აიათოლლათა რეჟიმი ამან ძალიან გააბრაზა.
შესაბამისად, ახალ რეგიონულ კონფიგურაციაში ამერიკას საკუთარი „მოდუს ოპერანდის" (სამოქმედო სტილისა და ალგორითმის) გამომუშავება სჭირდება და ეს იმდენად სტრატეგიული საკითხია, პრეზიდენტ ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად „გადმოიბარებს" წინამორბედისაგან ისევე, როგორც ტრამპმა „გადმოიბარა" წინამორბედებისგან აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ „დამოუკიდებლობის" არაღიარება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და მესამე თემა, რაც ამერიკის საგარეო-პოლიტიკურ „დღის წესრიგში" მუდამ პრინციპულად იკავებს ადგილს: ამერიკელ ინვესტორთა დაცვა!
მაიკ პომპეომ „ფილიპ მორისი" შემთხვევით არ ახსენა. თანაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, როცა ქართული სასამართლოს კორუმპირებულობაზე ლაპარაკობდა. პომპეოს წინასწარ სრული ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ „ფილიპ მორისი" ჩვენს ქვეყანაში „კინაღამ დაიჩაგრა", პირველი ინსტანციის სასამართლოც წააგო, მაგრამ მეორე ინსტანციამ ამერიკელი ინვესტორის გამტყუნება ვეღარ გაბედა.
ხოლო ის ფაქტი, რომ ნაგულისხმევი არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ფილიპ მორისის ინტერესებს იცავდა მეორე ინსტანციაში და პირველ ინსტანციაში დროებით გამარჯვებული ადგილობრივი მწარმოებელი ზაზა ოქუაშვილი (რომელიც სწორედ „მეორეს" გამო გადაეკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ბიძინას) დღეს ერთ პოლიტიკურ ბანაკში არიან, აშშ სახელმწიფო მდივანს დიდად არ დააინტერესებდა: საქართველოს თავისებურებად ჩათვლიდა.
თუმცა იმას კი გაითვალისწინებდა, რა შედის და რა არ შედის ამერიკის ინტერესებში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლისას მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ (ჯერ-ჯერობით ერთიან) ოპოზიციას შორის.
აქ ამერიკის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის მესიჯი მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა და საელჩომ „გაასიტყვეს" - „30 წლიან ფილმზე აპელირებით: „ეს ფილმი ნანახი გვაქვს, შედით პარლამენტში და მოეშვით დესტაბილიზაციის მცდელობას".
ეჭვი არ შეგეპაროთ, ამერიკა იმავე „ფილმს" მეასედაც ნახავდა, მის ინტერესებში რომ არ შედიოდეს მრავალპარტიული პარლამენტი და პოლიტიკური ტემპერატურის „დაწევა" საქართველოში. თუმცა ვაშინგტონს (დღესაც და ბაიდენის დროსაც) სწორედ ეს სურს. რატომ?
ამაზე მკაფიო პასუხი გასცა სალომე სამადაშვილმა „ვიღაც უცნობთან" საუბრისას: ამერიკელებს პროგნოზირებადობა ურჩევნიათ გაურკვევლობას. „ფაქტის წინაშე" კი, ოპოზიცია მათ ვერ აყენებს.
ზუსტად ამგვარი ვითარება იყო 2003 წელს, პრეზიდენტ ბუშის მმართველობისას, როცა სახელმწიფო მდივნის პოსტი კოლინ პაუელს ეკავა: ამერიკის საელჩოც და სახელმწიფო დეპარტამენტიც მოუწოდებდნენ ოპოზიციას, „შედით პარლამენტში და მოეშვით რევოლუციასო". ეს მიდგომა შეიცვალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფაქტის, ანუ განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
მთავარი საკითხიც ისაა, ამჟამინდელ ოპოზიციას თუ შესწევს საამისო ძალა და მხარდაჭერა, უპირველესად ქვეყნის შიგნით.

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა