საქართველოში პრორუსულ პარტიებს არ უყვართ, როდესაც მათ პრორუსულებს უწოდებენ - ამიტომ საკუთარი ტერმინიც კი აქვთ თავისი დახასიათებისთვის - „პროქართული"...
„ჩვენ არა „პრორუსულები" და არა „პროდასავლურები", არამედ „პროქართულები" ვართ"- ამბობენ ისინი, და ალბათ გულისხმობენ, რომ ჭეშმარიტების საიდუმლოს ფლობენ და ქვეყანას რა სჭირდება და რა არა, მათ გარდა არავინ იცის.
მათი მთავარი სატყუარაა - „კარგად თუ მოვიქეცით - რუსეთი მიწებს დაგვიბრუნებს". გათვლა ძალიან სწორადაა გაკეთებული - მიწების საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა, ვიდრე პრორუსების კიდევ ერთი საყვარელი თემა „ევროპა გაგვაპიდარასტებს"..
ქართველი ხალხის ახირება დაკარგულ მიწებთან დაკავშირებით იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ხვალ მოსკოვმა აფხაზეთი და სამაჩაბლო მართლაც რომ დააბრუნოს, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში კულტურული ავტონომიის სტატუსით შესვლაზეც დათანხმდება.
თუმცა, ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რასაც ისინი ამბობენ, ესეც ტყუილია - იმპერიები წართმეულ მიწევს არასდროს აბრუნებენ - იმპერიებიც იმიტომ არიან.
მაგრამ ამაზე - სხვა დროს - დღეს - სხვა საკითხზე ვისაუბროთ - იმ უცნაურობაზე და ალოგიკურობაზე, რასაც დღეს პრორუსი ქართველები წარმოადგენენ.
პრორუსულად განწყობილი ადამიანები ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოიძებნება და მათ, ყველაფერთან ერთად, კულტურულ-ენობრივი ფაქტორი აერთიანებთ. მათ ყველას რუსული განათლება აქვთ მიღებული, ისინი გაზრდილები არიან რუსულ კულტურაზე, ისინი რუსულ ფასეულობებს და ცხოვრებისეულ მიდგომებს იზიარებენ.
ისინი მენტალურად რუსული სამყაროს ნაწილს წარმოადგენენ იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ეთნიკურად რუსები არ იყონ. ასეთი ხალხი მრავლად იყო საქართველოშიც, 80-90-ან წლებში - ე.წ. „რუსულენოვანი ქართველები".
ყველაფერი, რაც მათთვის ფასეული იყო - ლიტერატურით დაწყებული, სამზარეულოთ დასრულებული - მეტწილად რუსული იყო. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ არაყს, შებოლილ თევზს, შავ პურს და სალათებს... კითხულობდნენ რუსულ ლიტერატურას, უყურებდნენ რუსულ ტელევიზიებს, საგაზეთო ჯიხურებში „კომსომოსლკაია პრავდას" ყიდულობდნენ და არასდროს - მაგალითად, „ალიას" ან რეზონანს"...
მათი ძირითადი ენა რუსული იყო, ქართულს ფლობდნენ საშუალოდ, ისიც ძირითადად სალაპარაკო დონეზე. დღეს ასეა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, სადაც პრორუსული ორიენტაცია მტკიცედ ასოცირება რუსული ენის და რუსული კულტურის დომინირებასთან.
საქართველოში კი ასე არაა - საქართველო - უცნაური ქვეყანაა, სადაც პრორუსულად განწყობილ ადამიანთა უმრავლესობა რუსული ენა თითქმის არ იცის, რუსულ კულტურასთან ნაზიარები არაა, რუსეთში კი არც ერთხელ არ ყოფილა.
გასაგებია, რომ პრორუსულად განწყობილია უფროსი თაობა, მაგრამ რუსული ენის და რუსი მწერლების შემოქმედების კარგი ცოდნით არც ისინი გამოირჩევიან - მათ ძირითადად 30-მანეთიანი თვითმფრინავები და კაი ცხოვრება ახსოვთ - რუსული სამყარო, კულტურა, ენა - ეს ყველაფერი მათთვის სრულიად უცხოა.
საშუალო თაობა კი, რომელსაც სსრკ-ში თითქმის არ უცხოვრია, ამ კულტურული გავლენისგან სრულიად თავისუფალია.
უცნაური და წარმოუდგენელი ფენომენი - პრორუსი ქართველი აქტივისტები, რომლებიც რუსულ ენას ნორმალურად ვერ ფლობენ - ასეთ რამეს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. ეს ორმაგად უჩვეულოა იმ ფონზე, როდესაც რუსი იდეოლოგიები იმპერიული პოლიტიკის წინა პლანზე ტანკებთან ერთად სწორედ რუსულ ენას, კულტურას, ფასეულობათა რუსულ სისტემას და ზოგადად რუსულ „რბილ ძალას' აყენებენ.
როგორ ხდება ყოველივე ეს? მაინც და მაინც საქართველოში ასეთი გაუკუღმართება - რატომ?
სინამდვილეში ეს პარადოქსი მხოლოდ ერთი შეხედვითაა, კარგად თუ დაუკვირდებით - პირიქით, ლოგიკური და ნორმალური მოვლენაა. ქართველი პრორუსი, სომეხი ან უზბეკი პრორუსისგან მკვეთრად განსხვავდება - მისთვის მოსკოვზე ორიენტაციის სტიმულია არა რუსული ენა და პოეზია, არამედ საკუთარი ჩამორჩენილობა.
ტრადიციულ-საბჭოთა-მამაპაპურმა ქართველებმა იციან, რომ მათი უბადრუკი და უსარგებლო ტრადიციები დასავლურ ცივილიზაციას თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება - მოჩვენებითი რელიგიურობა, ქსენოფობია, უსაქმურობისკენ მიდრეკილება, ყოფითი აგრესიულობა, ნეპოტიზმი, გვიანობამდე ძილი, ზოგადი უდისციპლინობა, „ქალი მე კუხნაში ვიცი", „ქურდებს სიცოცხლე" და „ძაღლებთან თანამშრომლობა ტეხავს".....
ეროვნული იდენტურობის ნიღაბს ამოფარებული დეგრადაცია, რომელსაც ისინი „ჭეშმარიტ ქართველობას" უწოდებენ... მათ კარგად იციან, რომ იქ, სადაც კანონი კანონობს, სამართალი პურს ჭამს და უმცირესობების უფლებებიც დაცულია - ისინი არარაობაზე ნაკლები არიან. და აი ამას ვერ იტანენ, ამის გამო აქვთ მკვეთრი ანტიდასავლური შეხედულებები და ამიტომაც ბოლოს აუცილებლად კრემლის ჯიბეში აღმოჩნდებიან.
ქართული პრორუსობა არა რუსული ენის ელასტიურობის და აზრების გამოხატვის უნიკალური შესაძლებლობების აღიარებას, არამედ დრომოჭმული, არაკონკურენტუნარიანი ცხოვრების წესის შენარჩუნებას ნიშნავს.
ამიტომაც, საშუალოსტატისტიკურმა პრომოსკოვურმა ქართველმა რუსული ენა არ იცის და რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი ცხოვრებაში ხელში არ აუღია.
მეტიც - საქართველოში თუ ვინმემ იცის რუსული ენა და რუსულ კულტურას იცნობს - ძირითადად პროდასავლურ ბანაკშია..კიდევ ერთი უცნაურობა და პარადოქსი. თუმცა, ამასაც ახსნა აქვს - რომ იციან, და თანაც კარგად, რუსეთი რას წარმოადგენს - სწორედ იმიტომ არიან პროდასავლურ ბანაკში, ენის და კულტურის ცოდნის მიუხედავად.
რუსული ენის არმცოდნე პრორუსები და რუსულად თავისუფლად მოლაპარაკე მედასავლეთეები - საქართველოში ხომ ყველაფერი უკუღმართადაა...
ავტორი: თენგიზ აბლოთია