ალბათ გვახსოვს ძველი დრო, როდესაც ევროპაში კომუნიზმის აჩრდილი დაბოდიალობდა.
დღეს ევროპაში სულ სხვა აჩრდილია - კონტინენტის აღმოსავლეთი ნაწილი მძინარე ცხინვალის აჩრდილი შემოეპარა... უკრაინა ომის ზღვარზეა. რუსული ჯარი ქვეყნის საზღვართან უკვე თვეების მანძილზეა თავმოყრილი, თანაც აპრილიდან უკვე მეორედ.
სულ რაღაც 2-3 კვირის წინ თამამად შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ ამხელა სამხედრო მზადების მიუხედავად, რეალურად ახალი ომი რუსეთს და უკრაინას შორის არ იქნება..
მაგრამ დრო სწრაფად მიდის და დღეს ღია სამხედრო აგრესიის რისკი ძალიან მაღალი არაა, თუმცა, წინა თვეებისგან განსხვავებით, ის უკვე რეალურად არსებობს. ამაზე მიგვითითებს პირადად პუტინის და ასევე მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის ყოველდღიურად ზრდადი და სულ უფრო და უფრო თამამი აგრესიული რიტორიკა.
საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოტიპი - ის არასდროს არ კვეთს ზღვარს, სანამ არაა დარწმუნებული, რომ გაუვა.
კლასიკური მაგალითი იყო ყირიმის დაპყრობა, რომელიც დაიწყო ქალაქ სიმფეროპოლის აეროპორტში გაურკვეველი შეიარაღებული ნიღბოსნების გამოჩენით. ისინი 2 დღე არაფერს აკეთებდნენ, უბრალოდ ჰქონდა დაკავებული აეროპორტი.
პუტინის მხრიდან ეს იყო ერთგვარი ტესტი - რას მოიმოქმედებს უკრაინა და რა რეაქცია ექნება დასავლეთს. იმ დღეს აეროპორტთან უკრაინული ჯარის დივიზია რომ გამოჩენილიყო და დასავლეთს იმავე საღამო რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციები დაეწესებინა - ეს 30 ნიღბოსანი უეცრად გაქრებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადებდა, რომ ამ ჯგუფთან არაფერი საერთო არა აქვს, უკრაინას კი დიდი ომი ასცდებოდა.
მაგრამ მოხდა ისე, როგორც პუტინმა ივარაუდა - ძალაუფლების გაყოფით დაკავებულ პოსტრევოლუციურ უკრაინას ყირიმისთვის არ ეცალა, ხოლო დასავლეთის პოზიცია ჩვეული და ტრადიციული იყო - პუტინი არ გააბრაზოთ და წინააღმდეგობის გაწევა არ გაბედოთ.
მხოლოდ ამის შემდეგ 30 კაცი აეროპორტიდან ქალაქში გადავიდა, შემდეგ მათ სხვა ჯგუფი შეემატა, შემდეგ რუსული ჯარი ქუჩაში გამოვიდა, და ა.შ. ეს ტრაგიკული ისტორია ყველამ ერთად ვიხილეთ.
დღეს პუტინის რიტორიკა ისეთი აგრესიულია, როგორც არასდროს იყო და სწორედ ესაა დამაფიქრებელი - გასაგებია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ფსონების ზრდის, მაგრამ რა შეიძლება იყოს მისი პასუხი იმ შემთხვევაში, თუ თავის თავხედურ ულტიმატუმზე საბოლოოდ უარს მიიღებს?
ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძლიერების პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსები საკუთარი რიტორიკის მძევლები გამხდარან - უკან დახევა ხომ მათთვის დაუშვებელი სისუსტის ნიშანია.
ასე იყო კარიბის კრიზისის დროს, როდესაც მსოფლიო სრულფასოვანი ბირთვული ომის ზღვარზე აღმოჩნდა იმის გამო, რომ ზესახელმწიფოების ლიდერებს სახის დაკარგვის ეშინოდათ.
მაშინ მსოფლიო ომს კომპრომისის წყალობით გადაურჩა. რა იქნება დღეს, როდესაც ერთ მხარეზეა დაუსჯელობით გათავხედებული პუტინი, მეორეზე კი - მუდამ შეშინებული, უუნარო დასავლეთი, რომელსაც რუსეთის იმპერატორის ჩრდილისაც კი ეშინია?
ეს ის დასავლეთია, რომელიც ყირიმში უკრაინის უმოქმედობას ტაშით მიესალმა.
ეს ის დასავლეთია, რომელსაც დაავიწყდა განსხვავება „პროვოკაციაზე არ აყოლას" და სამარცხვინო დანებებას შორის.
ეს ის დასავლეთია, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინას იარაღი არ უნდა მიაწოდოს - თორემ პუტინი უარესად გაბრაზდება. ეს წააგავს საფეხბურთო მატჩს, რომელშიც ერთ გუნდს მოედანზე მეკარის გამოყვანა აუკრძალეს - მოწინააღმდეგეს არ ეწყინოსო....
თუ პუტინი დარწმუნდება რომ მას ესეც გაუვა - ის უკრაინაში შეიჭრება... მერწმუნეთ - რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ უკრაინული ჯარი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე 2014 წელს - კიევს ამ ომში ბევრი შანსი არა აქვს.
2014 წელს რუსეთი პირდაპირ ომში არ ჩაბმულა და „ჰიბრიდულად" მოქმედებდა, დღეს კი, თუ ის ოფიციალურად, ღიად შეიჭრება უკრაინის ტერიტორიაზე, ის მთელ თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს, პირველ რიგში ჰაერში - რაც 2014 წელს არ ყოფილა.
შევეშვათ პათოსს - უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს დასავლეთის დახმარების გარეშე. დასავლეთს კი აქვს ულტრათანამედროვე შეიარაღება და ბევრი ფული, მაგრამ არა აქვს მთავარი - წინააღმდეგობის გაწევის ნება. ამის გარეშე კი ყველაზე თანამედროვე შეიარაღებაც კი - სრულიად უსარგებლოა.
დღეს უკრაინაში არა მხოლოდ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და მოძმე ერის, არამედ თავად საქართველოს ბედის წყდება. თუ კრემლმა უკრაინა გატეხა, საქართველოს მორჯულება დროის და ტექნიკის საკითხი იქნება.
ბოლო პერიოდის მოვლენებმა დაადასტურა ის, რასაც რუსეთუმეების ათწლეულების მანძილზე არ ესმით - რუსეთისთვის არაა საკმარისი მხოლოდ ნატო-ზე უარის თქმა, როგორც ეს პრორუსებს წარმოუდგენიათ.
წაიკითხეთ რუსეთის მიერ დასავლეთისთვის შეთავაზებული ულტიმატუმი - იქ არა მხოლოდ ნატო-ზეა საუბარი. რუსეთის აზრით, დასავლეთმა უკრაინას, საქართველოს, და მოლდავეთს სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში დახმარება არ უნდა გაუწიოს.
ანუ, უკვე ცხადად და ღიად ჩანს, რომ მოსკოვის მიზანია ჩვენი ქვეყნები სამუდამოდ დარჩნენ სუსტი, მაჩანჩალა, არაფრის მაქნისი აუტსაიდერები. და ეს დღეს არა მხოლოდ ვინმეს ვარაუდია, არამედ ოფიციალურად გაცხადებული პოზიცია...სწორედ ეს სურს ჩვენგან ერთმორწმუნე ძმას, რომელიც თითქოს და ჩვენს იდენტურობას იცავს.
უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერიც მოვა. საქართველოს გატეხას ჯარიც არ დასჭირდება - პუტინის ერთი მრისხანე გამოხედვა იქნება საჭირო.
ერი, რომელიც საკუთარ თავს ომის დაწყებაში ადანაშაულებს - ამ შერკინებას ვერ მოიგებს.
თუ უკრაინა გატყდება - მათხოვარი-ქართველები მოსკოვში საკუთარი ფეხით მინცუნცულდებიან.
აბა თქვენ გგონიათ, რომ საკუთარი დედის მგინებელი ერი შეეწინააღმდეგება აგრესორს?
ან ელიავას ბაზრობა და ოკრიბას ავტოსადგური?
თუ ვინმეს კიდევ გჯერათ ქართველების მიერ არაერთხელ შეურაცხყოფილი ღმერთის წყალობის - ილოცეთ, რომ უკრაინა გადარჩეს.
ავტორი: თენგიზ აბლოთია