ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ოთხ საპილოტე რეგიონში განხორციელდება-ლევან დავითაშვილი
27.12.2021
ნახვები: 528
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლიდან საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი დაიწყება. მისივე თქმით, პროექტი ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განხორციელდება.
„წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც დღეს მთავრობაზე გავიტანეთ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. ქვეყანაში 2022 წლიდან ახალ, საინტერესო პროექტს ვიწყებთ, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო საწარმოების და მეწარმეობის ხელშეწყობას.
ოთხ საპილოტე რეგიონში განხორციელდება ეს პროექტი. საპილოტე რეგიონები შეთანხმდა ევროკავშირთან ერთად და ძირითადი დაფინანსება იქნება ევროკავშირის მხრიდან. ეს რეგიონებია: იმერეთი, კახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. ძირითადად ეს არის თანხვედრაში ჩვენი რეგიონული განვითარების და ზოგადად, სასოფლო თუ სოფლის განვითარების ხედვასთან თუ სტრატეგიასთან.
კონკრეტულად პროექტის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ ვახორციელებთ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით დახმარებას ბიზნესებისთვის. ამ შემთხვევაში, განსაზღვრულია 300 000 ლარიდან მილიონ ლარამდე სესხების პროცენტის თანადაფინანსება ორი წლის ვადით. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დამატებით საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც სესხის ოდენობის მაქსიმუმ 60% შეიძლება იყოს და საგრანტო თანხა მაქსიმუმი შეიძლება იყოს 600 ათასი ლარი. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რათა შერჩეულ რეგიონებში მოხდეს ზოგადად მეწარმეობის ხელშეწყობა.
ეს რა თქმა უნდა, მოიცავს სასურსათო მიმართულებებსაც, თუმცა არ არის მხოლოდ სასურსათო მიმართულებებით შემოფარგლული და შეზღუდული, ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ეკონომიკურ ინიციატივას. რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამონაკლისები. კერძოდ, ეს არ უნდა მოიცავდეს აზარტულ თამაშებს, არ ეხება საფინანსო მომსახურებას. რა თქმა უნდა, გვესმის, ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული პირველადი წარმოება სოფლის მეურნეობის, რადგან პირველადი წარმოება ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ისედაც არის მხარდაჭერილი და მიზნობრივად ხორციელდება. ამ შემთხვევაში, საუბარია ახალი საწარმოების შექმნაზე ან არსებული საწარმოების გაფართოება-მოდერნიზაციაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტი არის დაახლოებით 15 მილიონ ევროზე მეტი, მაგრამ ეს არის განაწილებული წლებში და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებით. რამდენიმე სამინისტროა ამ პროექტის განმახორციელებელი. ჩვენთან ერთად ამ პროექტს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო და რეგიონული განვითარების სამინისტრო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.