საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სენატორ, ჯინ შაჰინთან, კონგრესმენ, მაიკ ტერნერთან და აშშ-ს ელჩთან საქართველოში, რობინ დანიგანთან შეხვედრის დროს, მათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ უხსენებიათ.
მისივე თქმით, მათ ძალიან გულწრფელი საუბარი ჰქონდათ.
“მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, აღნიშნულ შეხვედრას ამერიკის ელჩი ესწრებოდა. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთ საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს, არც ელჩს, ამ შეხვედრაზე “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საერთოდ არ უხსენებიათ”, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
“რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე, როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს, ელჩს, ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს. გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ამ კუთხით. მე გულწრფელად ვესაუბრე სენატორს, კონგრესმენს, ელჩს იმასთან დაკავშირებით თუ რას ვგულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა, მათ შორის ყოფილი ელჩი, რომელსაც ჰქონდა რიგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს, რომელიც პირდაპირ იყო ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წელს განხორციელდა, გახსოვთ ივნისში. უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოები” ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და ამ “ენჯეოებმა” მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება. უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოები” უნდა ყოფილიყვნენ მინისტრებად წარმოდგენილი ახალ მთავრობაში. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი, ეს არის ფაქტები, რომლებიც იძლევა შეშფოთების საფუძველს, ასევე, როცა ჩვენ ვფიქრობთ სამომავლო განვითარებაზე. რეალურად, ჩვენ ვსაუბრობდით აქამდე არსებულ პრობლემებზე და როცა ვსაუბრობთ აქამდე არსებულ პრობლემებზე, ასევე მიგვითითებს იმაზე, თუ რა აღარ უნდა მოხდეს მომავალში. მე გულწრფელად ვუთხარი სენატორს, კონგრესმენს, ელჩს, ის თუ რას ველით ამერიკელი პარტნიორებისგან და რას ვგულისხმობთ შემხვედრ ნაბიჯებში, ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მე შეხვედრაზეც ავღნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით. ამ ურთიერთობებში საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. მთავარია, სამართლიანობა, სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები გადაიტვირთება და როგორც აღინიშნა არაერთ შეხვედრაზე, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად, როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს ურთიერთობებში”, - განაცხა კობახიძემ.