„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარიასაოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრის დაკავების შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ამ საკითხზე მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დამახინჯებული ფორმით გავრცელდა, რომელსაც „არ ჩამორჩა პრეზიდენტი და ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა“.
„დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და „ფეიკ ნიუსს“ ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, რომელიც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე.
მან, კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, პირადი წყენიდან გამომდინარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ, გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ, შექმნა „ნიუსი“, რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია.
არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა!
ეს ჩვეული “რასპასოვკა” „ფეიკ“ ჟურნალისტების და პრეზიდენტის,თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრების მონაწილეობით არახალია!
ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს.
აი, მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში. ისმის კითხვა: ვინ არის ახლა, ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?!
თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც „ფეიკ ნიუსის“ ავტორს და “ტოპკის”ამწევს, ისევე როგორც ამ “სატოპკის” რეალიზატორს ( სამარცხვინოსგან მესმის!), „მგლის თავზე სახარების კითხვას“ აზრი რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა“, - წერს ბექა ოდიშარია „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ფაქტს დეპუტატი ბექა ოდიშარია გამოეხმაურა. მან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:
„თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვამბობ, რომ მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო“, - განაცხადა ოდიშარიამ.