გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილი - „შავი ორშაბათი“ საქართველოში - „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს
პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს
XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
გიორგი ვაშაძე - შენ ვერასდროს მოახერხებ ქართველი ხალხის გაჩუმებას
გიგი უგულავა - ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს
ნიკა მელია - როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს?

ლევან დავითაშვილი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

12.09.2024 ნახვები: 294

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან საქართველო აგრძელებს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას.

„მომსახურებით ვაჭრობაზე ბარიერების შემცირებით ჩვენ ბიზნესს ვაძლევთ უფრო დიდ წვდომას ბაზარზე და ვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ICT, ფინანსები, ლოგისტიკა და ტურიზმი. ლიბერალიზაციის ამ პროცესს ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა. ისინი მოიცავს ყოვლისმომცველ თავებს სერვისების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა, გაძლიერდეს თანამშრომლობა და ბაზრის შესაძლებლობები“, – აღნიშნა დავითაშვილმა  ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე.

ამასთან, მისივე თქმით, ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილესი პროფილური ღონისძიებაა მსოფლიოში და კარგი შესაძლებლობაა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, რომელიც როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებებსაც მოიცავს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას როგორც ტრადიციული, ისე განვითარებადი მომსახურების სექტორებში.

„ეს დარგები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინოვაციების ხერხემალია, ავითარებენ რა გლობალურ ვაჭრობას მომავლის ფორმირებისთვის. სერვისების შესაძლებლობები უზარმაზარია, დაწყებული ციფრული ვაჭრობიდან ტურიზმამდე და ეს ხაზს უსვამს სერვისების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ შორის, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 2017 წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთახმებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იყო ჩინეთსა და ჩვენი რეგიონის ქვეყანას შორის. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები ორ ქვეყანას შორის, ხელი შეუწყო თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები, ფინანსური მომსახურება, ტურიზმი და სხვ.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია და ჩვენ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც ვგეგმავთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ასევე აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE).

მისი თქმით, ამ შეთანხმებებმა გააფართოვა საქართველოს წვდომა მომსახურებით ბაზრებზე და ხელი შეუწყო სერვისებით ვაჭრობის ზრდას გლობალურ პარტნიორებთან. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვას, გახდეს რეგიონში ვაჭრობის ძირითადი ჰაბი, განსაკუთრებით იმ სერვისებით, რომლებიც გადამწყვეტია დღევანდელი ციფრული და ურთიერთდაკავშირებული სამყაროსთვის. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, ინოვაციებსა და განათლებაში, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მზაობა მომავლის გლობალურ ბაზრებზე წარმატებული მონაწილეობისთვის.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს.

„მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო მეტად არის აღიარებული, როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, რომელიც გთავაზობთ უფრო მოკლე მოგზაურობის დროს და ფართო წვდომას სხვადასხვა რეგიონსა და ბაზარზე. საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ტრანსპორტის ყველა სახეობაში, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და რკინიგზის მოდერნიზაციაში. როგორც არსებული, ისე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მომსახურებით ვაჭრობაში ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს, ერთად ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ცოდნა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა ჩვენგანს სარგებელს მოუტანს. CIFTIS გვთავაზობს სრულყოფილ პლატფორმას ამისათვის და საქართველო ამაყობს, რომ არის ამ დინამიკური მიმოცვლის ნაწილი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა