12:00 საათზე XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება
აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს
საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა
პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია
პარლამენტთან კარვებს შლიან
ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
თინა ბოკუჩავა - ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია

ბიძინა ივანიშვილი - დღეს პირველი ოქტომბერია, თავისუფლების დაბრუნების დღე

01.10.2024 ნახვები: 230

დღეს პირველი ოქტომბერია, თავისუფლების დაბრუნების დღე, დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, არამედ ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს.

„2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!

ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!

1 ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1 ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების“, – ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს.

„ჩვენ გავბედეთ! შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, პირველ ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!

ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება. სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები! ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა!

ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!

ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!
ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი – წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა. ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!

არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.

ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.
დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!
ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ: ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;
იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“; იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და

ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო; იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!

ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!
უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა