მსოფლიოში არც ერთი ერი არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს თავის თავს ომის დაწყებაში დამნაშავედ. ეს თვითგადარჩენის ერთ-ერთი საბაზო ინსტინქტია - ყველაფერზე შეიძლება კამათი და დებატები, მაგრამ როდესაც შენი მოქალაქეები სხვისი ხელით იღუპებიან - აზრთა სხვაობა დაუშვებელია.
არც ერთი ერი არ აღიარებს თავის თავს ომის დაწყებაში დამნაშავედ - მაშინაც კი, როდესაც ომი მართლაც მისი დაწყებულია. ერთხელ, კარგად დაათვრეთ გერმანელი, შედით მის ნდობაში და ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ მეორე მსოფლიო ომის შესახებ..
„ჰიტლერი რა თქმა უნდა, არამზადა იყო, მაგრამ...." - აი ამ "მაგრამ"-ის შემდეგ კი მრავალი სიურპრიზი გელით.
ვერც ფრანგს ათქმევინებთ, რომ ნაპოლეონი არა გულანთებული რევოლუციონერი, არამედ დამპყრობელი და უზურპატორი იყო. რა თქმა უნდა, ეს მათ თქვენზე უკეთესად იციან, თუმცა, თვითგადარჩენის საბაზო ინსტინქტი - მუშაობს - ომში საკუთარი დანაშაულის აღიარება დაუშვებელია.
თუმცა, მსოფლიო ისტორიაში არსებობს ერთი გამონაკლისი - არსებობს ერთი პატარა, არაფრისმაქნისი, უსარგებლო ერი, რომელიც, როგორც ჩანს, დეგრადაციის და მსოფლიო რუკიდან გაქრობის გზას მტკიცედ და ურყევად დაადგა. და ეს არის ალბათ ერთად-ერთი ერი მსოფლიოში, რომელიც თავის თავს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
შესაძლოა, იმდროინდელი მთავარსარდლის მიერ ომში ჩართვის დრო და ფორმა არასწორად იყო არჩეული. ალბათ მეტი დრო იყო საჭირო იმის წარმოსაჩენად, რომ ქვეყანა აგრესიის მსხვერპლია, ალბათ მეტი დასახლებული პუნქტი უნდა დაენგრია მტერს, მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოეკლა და ალბათ ამის შემდეგ არავის გაუჩნდებოდა კითხვა - ვინ დაიწყო ომი?
მოკლედ, 2008 წლის აგვისტოში ბევრი რამ არასწორად გაკეთდა და მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება უამრავს რამეში შეიძლება, ერთის გარდა - ომის დაწყებაში.
მას შემდეგ იყო ყირიმი და დონბასი, როდესაც თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი გაიცა. უკრაინელები არ აჰყვნენ პროვოკაციას, რის გამოც კოლექტიური დასავლეთის მხრიდან დიდი ქება-დიდება დაიმსახურეს. მაგრამ სამწუხაროდ, ამან მშვიდობის შენარჩუნებაში მათ ვერ უშველათ - ძალიან მალე ისინი მიხვდნენ, რომ „პროვოკაციებზე არ აყოლის" კიდევ 2 თვე და - რუსული ტანკები კიევში შევლენ.
დაუკვირდით, სად გადის ზღვარი დონეცკ-ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებს და კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის - ზუსტად იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარმა ბოლოს და ბოლოს პაციფიზმი გადადო და პირველად გაისროლა.
მთელი მსოფლიოსთვის კითხვამ „ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში?" აქტუალურობა დაკარგა. ევროპელები და ამერიკელები 2014 წლიდან აღიარებენ, რომ 2008 წლის ომის ბუნდოვანი შეფასება და ორივე მხარეზე თითქმის თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება - შეცდომა იყო. ომი დაიწყო რუსეთმა.
მსოფლიოსთვის ეს საკითხი ამოწურულია. მაგრამ არა - დაავადებული, დეგრადირებული ერისთვის. პარადოქსი - მსოფლიო გვეუბნება - „ვიცით, რომ თქვენ არ დაგიწყიათ ომი, ვიცით, რომ რუსეთმა დაიწყო", და ამ დროს ქართველები ამბობენ - „არა, რას ამბობთ, ნამდვილად ჩვენ დავიწყეთ"... გამრუდებული ქართული სარკე, მაზოხისტების და დეგრადანტების რბოლა - ერი, რომელიც თვითონ იღებს თავის თავზე იმას, რასაც სხვა არავინ არ აკისრებს.
არც ერთ სხვა ქვეყანაში და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში იმდენს არ ციტირებენ „ტალიავინის დასკვნას", რამდენსაც საქართველოში. ევროპაში და ამერიკაში ეს დოკუმენტი წარსულს ჩაბარდა, როგორც დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი. დასავლეთში კი დაკარგა აქტუალურობა, მაგრამ არა - საქართველოში.
ეს ამაზრზენი ფარატინა ქაღალდი დღეს ქოცებისთვის ბიბლიასავითაა. „წინა ხელისუფლების უგუნურების გამო 2008 წელს დაიწყო ომი" - ამბობს ქოცი, რომელიც მზადაა საკუთარი ქვეყანა ჰააგის სასამართლოში იხილოს, ოღონდ - მიშას ჯინაზე.
ამიტომაც აქვთ საქოცეთში შექმნილი ტალიავინის უკვდავი შემოქმედების მოყვარულთა ფან-კლუბი.
ერი, რომელსაც თვითგადარჩენის საბაზო ინსტინქტი აქვს მოშლილი.. და არა მხოლოდ ის.
რა იქნება ხვალ? არ გამიკვირდება, რომ იმის შემდეგ, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, ქართველი ქოც-დეგრადანტები საკუთარი სახელმწიფოს ომის დაწყებაში დადანაშაულებას განაგრძობენ.
არადა, ყველაფერი ჩვენს თვალწინაა. მთელი სცენარი და მთელი მოდელი, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია საქართველოში 2008 წელს იმ შემთხვევაში, თუ თბილისი „პროვოკაციას არ აჰყვებოდა". ჩვენ ნათლად ვხედავთ - უკრაინა არანაირ პროვოკაციას არ აჰყვა, მაგრამ ამან ვერ უშველა.
თუ პუტინმა შესაძლებელი ზარალი დაითვალა, მისაღებად ჩათვალა და ომის დაწყება გადაწყვიტა - ვერანაირი „თავის შეკავება" ვერ გიშველით. ბოლოს და ბოლოს გაიძულებენ რომ პასუხი გასცეთ - ან შეშინებული და შერცხვენილი გაიქცეთ სახლში და თან ლტოლვილებად ქცეული ადგილობრივი მოსახლეობა წაიყოლიოთ.
თუ ამ შემთხვევაშიც კი პასუხს არ გასცემთ და „პროვოკაციას არ აჰყვებით" - თვითონ ესვრის თავის თავს, თვითონ შექმნის საბაბს, და მაინც შეიჭრება.
2008 წელს პუტინმა გადაწყვიტა დასავლეთისთვის კოსოვოს აღიარების გამო შურისძიება, და საქართველო ამისთვის ყველაზე შესაფერისის დაბალი ღობე აღმოჩნდა. 2022 წელს პუტინმა გადაწყვიტა დასავლეთისთვის შურისძიება ნატო-ს საკითხის გამო და სამიზნედ უკრაინა იქნა არჩეული.
ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ დაემალები იმით, რომ „სიმშვიდეს შეინარჩუნებ".
დღეს, 2022-ში, 2008 წლიდან 14 წლის, შემდეგ უკვე ოფიციალურად და გაცხადებულად გაირკვა - როდესაც ერთ მხარეს ომის დაწყების სურვილი აქვს, მეორე მას დუმილით და თავის ქვიშაში ჩათხრით ვერ აირიდებს.
„2008 წელს საქართველომ პუტინს ომის დაწყების საბაბი მისცა" - გაუმართლებელი რიტორიკა იყო ჯერ კიდევ 2008 წელს, მაგრამ მისი გაგრძელება დღეს - სრული ეროვნული დეგრადაციის მაჩვენებელი იქნება.
ერი, რომელიც ამ მდგომარეობაში საკუთარი თავის ომის დაწყებაში დადანაშაულებას ჯიუტად განაგრძობს - მსოფლიო რუკაზე დარჩენას არ იმსახურებს და მისი უბადრუკი ყოფა ისტორიის სანაგვით აუცილებლად დასრულდება. და ეს სამართლიანი დასასრული იქნება.
ავტორი: თენგიზ აბლოთია