ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთი საქართველოში წარმატებას მიაღწევს, ეს დაამტკიცებს, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო აგრესია, სამხედრო შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად, „მას უბრალოდ შეუძლია გამოიყენოს, მისთვის ბევრად ნაკლებ ფასად, ჰიბრიდული ომი, საარჩევნო მანიპულაცია, ეკონომიკური იძულება და შიდა კონტროლის დაწესება დემოკრატიული მთავრობების მოსაშორებლად და მათი ავტორიტარული პროექტებით ჩასანაცვლებლად“.
„ის ახალ ნიადაგს სინჯავს საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა, როდესაც ცდიდა სამხედრო აგრესიას. თუ აღმოჩნდება, რომ წარმატების მიღწევა იოლია და ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ომის ძალიან გაურკვეველი საკითხი, რომელიც რუსეთს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა, რუსეთი აუცილებლად განავრცობს მის ახალ სტრატეგიას ქვეყნებზე, სადაც ის უკვე გარკვეულ წინასწარ ტესტებს ახორციელებს და ესენია რუმინეთი და მოლდოვა. ისინი შეეცდებიან ეს გამოიყენონ უკრაინის არჩევნებში, რაც, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს და მისცეს რუსეთს ის, რისი მოპოვებაც მან ამ აგრესიული ომის საშუალებით ვერ შეძლო“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები რუსული გეგმის ნაწილია და ევროპამ მისი საწინააღმდეგო სტრატეგია უნდა შეიმუშაოს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის მიზანია, კავკასიის სტრატეგიულ ტერიტორიებზე, შავ ზღვაზე მოიპოვოს სრული კონტროლი, რითაც ევროკავშირი მცირე აზიასთან სავაჭრო მარშრუტსაც დაკარგავს.
"მოვლენები, რომლებიც ჩემს ქვეყანაში მიმდინარეობს, გაცილებით დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც მოსკოვის მიერაა ორკესტრირებული, რათა დაამყაროს კონტროლი შავ ზღვაზე, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე. შავი ზღვა ბრძოლის ველი უკვე არის, რაც ყველამ ვიცით, თუმცა რუსეთი თავის წარმომადგენლობას ზრდის, მაგალითად, ოჩამჩირეში, აფხაზეთში და მას ახალ სამხედრო ბაზად აქცევს, რომელიც კიდევ უფრო გაავრცელებს რუსულ ძალას რეგიონში. ამასთან ერთად რუსეთის განგრძობითი მილიტარიზაცია ყირიმში და მასობრივი თავდასხმები ოდესაზე, უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომ ნატო და ევროკავშირი შავი ზღვიდან განდევნოს.
კავკასია გადამწყვეტ ეტაპზეა, სომხეთი უახლოვდება ევროკავშირსა და დასავლეთს, მოსკოვი ყველა ზომას მიმართავს, იქნება ეს ეკონომიკური წნეხი, სამხედრო მუქარა თუ ჰიბრიდული ომი, რომ ეს ცვლილება შეაჩეროს. თუ საქართველო რუსულ გავლენის სფეროს დაუბრუნდება, ეს კავკასიის ევროინტეგრაციას შეაჩერებს და სომხეთს დაუცველს დატოვებს, რუსეთს კი სრულ კონტროლს მისცემს ამ სტრატეგიულ რეგიონზე. თუ საქართველო დაეცემა, ევროპა დაკარგავს თავის ბოლო პირდაპირ სატრანზიტო მარშრუტს ცენტრალური აზიისკენ, სადაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას რუსეთსა და ჩინეთს გადაულოცავს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში ახალ მეთოდს ცდის - საომარი ქმედებების გარეშე ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს და ამით თავის პოზიციებს ამყარებს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს, რომ ეს არ მოხდეს.
"შედეგები, შესაძლოა, შეუქცევადი იყოს. შავი ზღვა რუსეთისა და ჩინეთის დომინირების ქვეშ მოექცევა, ირანი თავის ინტერესებს გაატარებს კავკასიაში, რეგიონი დასავლეთს ჩამოშორდება, ევროპას კი ცენტრალური აზიის ბაზრებსა და რესურსებზე წვდომა აღარ ექნება - ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს.
თუ საქართველოს უფლებას მივცემთ, რუსეთის ხელში კიდევ ერთხელ ჩავარდეს, ეს არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის იქნება ტრაგედია, არამედ ევროპისთვის - სტრატეგიული კატასტროფა. თუ რუსეთმა დაადასტურა, რომ აღარ სჭირდება სამხედრო აგრესია თავისი მიზნების მისაღწევად და შეუძლია, უფრო იაფად, აწარმოოს ჰიბრიდული ომი, საარჩევნო მანიპულაცია და შიდა კონტროლი, რათა დემოკრატიული მთავრობები ავტორიტარული პროექტებით ჩაანაცვლოს, რუსეთი ახალ სტრატეგიას იმ ქვეყნებშიც გამოცდის, სადაც აქამდე არაერთი გამოცდა აქვს ჩატარებული - რუმინეთსა და მოლდოვაში", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
IPN