ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 179 EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის პროცესის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო. ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, განცხადების პროექტი „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე წარადგინა.

განცხადებაში ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ამ რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, მათ შორის მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

EPP ასევე აცხადებს, რომ არ აღიარებს 2026 წლის 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“.

„აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ გააჩნია არც ლეგიტიმურობა და არც სამართლებრივი ძალა და ის წარმოადგენს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთ მცდელობას, განამტკიცოს კონტროლი და ხელი შეუწყოს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტია რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

განცხადებაში საუბარია დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების უფლებაზეც. EPP-ის პოზიციით, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს, ასევე მათ შთამომავლებს, საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება აქვთ. ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ფართო საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვან არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მაღალ პრიორიტეტად შეინარჩუნონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

EPP მხარს უჭერს ქართველ, აფხაზ და ოს საზოგადოებებს შორის მშვიდობიან შერიგებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებას. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის პირობების შესაქმნელად.

ამასთან, ევროპის სახალხო პარტია საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც ეხმაურება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შექმნილი ჩიხით და ხაზს ვუსვამთ ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენისა და ევროპულ გზაზე წინსვლის აუცილებლობას.

ევროპის სახალხო პარტია ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი დემოკრატიული და ევროპული მომავალი – ოკუპაციის, იძულებისა და უცხოური ჩარევის გარეშე.

დროის გასვლა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმურობას ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევებს“, – აღნიშნულია EPP-ის პოლიტიკური ასამბლეის განცხადებაში, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა