კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ევროკავშირის პრეს-სპიკერი - ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია

ნახვები: 489 ევროკავშირის პრეს-სპიკერი - ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება, - ამის შესახებ ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც ევროკავშირის პრეს-სპიკერი აღნიშნავს, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.

„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.

ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა „ბორდერიზაცია“, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა დაზარალებულისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ლტოლვილთა და დევნილთა უფლები კვლავ გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მათ უფლებას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.

ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით, კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში, რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება“,-აღნიშნულია ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა